ახალი ამბები

სარჯველაძე ამნისტიის კანონპროექტზე: არ მგონია მხარდაჭერა პოვოს

29 თებერვალი, 2024 • 934
სარჯველაძე ამნისტიის კანონპროექტზე: არ მგონია მხარდაჭერა პოვოს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ეეჭვება, პარტია „გირჩის“ ინიციირებულმა კანონპროექტმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ მხარდაჭერა მოიპოვოს და პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს:

„ეს არის ამნისტია, რამდენადაც მე ვიცი, რომლითაც გათვალისწინებულია უკლებლივ ყველასთვის ¼-ით და ნაწილისთვის, სასჯელის განახევრება. მათ შორის, ისეთ მუხლებს ეხება, რომელ მუხლებზეც რეაქცია ძალიან არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს, მათ შორის საზოგადოებისგან. იგივე ყაჩაღი, ტერორისტი… გაუპატიურებაზე ვინც იხდის სასჯელს და ა.შ. არ მგონია, ამ ინიციატივამ მხარდაჭერა პოვოს და მე მეჩვენება, რომ ეს შეიძლება იყოს პოპულისტური ნაბიჯი“, — ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

პარტია „გირჩმა“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებულნი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ინიციატორები ყველა პატიმრისთვის, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად 30 წლის განსაზღვრას ითხოვენ, რომელსაც გამოაკლდება უკვე მოხდილი წლები.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 273¹ და 265 მუხლებით მსჯავრდადებულთა გათავისუფლებას. ეს მუხლები მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

გარდა ამისა, კანონპროექტით, სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული დანაშაული. ხოლო 1⁄4-ით შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს.

ვრცლად წაიკითხეთ: ვის ეხება „გირჩის“ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი