საქართველოს პრეზიდენტი შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების წუხილი ესმის.
“მინდა მივმართო საზოგადოებას, იმიტომ, რომ მესმის საზოგადოების წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოაგდოება რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებებზე შფოთავს.
მე მინდა ვთქვა, რომ შეწაყლება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება და არც რევიზია რომელიმე სასამართლოს გადაწყვეტილების, ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყევტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემობების და მოცემულობის შეფასება და არ გამორიცხავს შეცდომას და არც იმას, რომ სხვას განსხვავებული შეფასება ჰქონდეს იგივე მოცემულობაზე. ამიტომაც გამოვედი წინა წელს, რომ გადახედილიყო წესები პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციებიც შედგა პარლამენტის თავმდჯომარესთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი შევა, მომდევნო კვირიდან დაიწყებს მუშაობას.
ამ წესების შემუშავებამდე კი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. “ვნახოთ, როგორ იქნება შეწყალება ჩემს ან შემდეგი პრეზიდენტის დროს”.
მისივე თქმით, საპარლამენტო მდივანი გიორგი გაბუნია მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაფერ შუაშია და მედიაში მისი სახელისა და გვარის ხსენება მხოლოდ სპეკულაციაა.
“მე მივიღე გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა ჩემზეა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.