ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის დედის თქმით, 24 მარტს შვილთან დადასტურებული პაემანი გაუუქმდა

14 მარტი, 2024 • 930
ლაზარე გრიგორიადისის დედის თქმით, 24 მარტს შვილთან დადასტურებული პაემანი გაუუქმდა

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ 24 მარტს შვილთან დადასტურებული პაემანი გაუუქმდა.

თამთა კალანდაძის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ პაემნის გაუქმების მიზეზად ის დაასახელა, რომ 24 მარტი კვირას, დასვენების დღეს, ემთხვევა. როგორც თამთა კალანდაძე ამბობს, ლაზარე გრიგორიადისი მაშინვე უნდა გაეფრთხილებინათ, რომ 24 მარტი კვირა დღეს იყო და პაემანი არ დაედასტურებინათ.

„24 მარტს ჰქონდა დაწერილი [პაემანზე მოთხოვნა], რადგან 24-ში ბაბუას დაბადების დღეა და ალბათ, იფიქრა, რომ დაამთხვევდა, მაგრამ 24 არის კვირა. ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას, რომ კვირაა და არ გამოვა ეს შეხვედრა? მაისური შეგვაქვს ლაზარესთან, იმის წარწერას ამოწმებენ, რა აწერია, ძალიან კონტროლია ამ ყველაფერზე და განცხადებაში ვერ წაიკითხეს, რომ 24 ეწერა და ეს კვირაა?! ხომ შეიძლება ყველაფერზე მაშინ მოხდეს რეაგირება, როდესაც საჭიროა… ეს ყველაფერი პირდაპირ არის კავშირში ერთმანეთთან. ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, რომ თვეში ერთხელ ჩვენს შვილს შევხდეთ და ნუ გვიზღუდავენ“, — აცხადებს „ტვ პირველთან“ თამთა კალანდაძე.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე ამბობს, დაუშვებელია, რომ პატიმარს ოჯახთან პაემნის უფლება ეზღუდებოდეს.

„წესით და რიგით, პაემანი იყო დადასტურებული. ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა გავიგე, რომ პაემანი არ იყო ჩანიშნული. ზოგადად, დაუშვებელია, რომ პატიმარს ჰქონდეს შეზღუდვა მის ოჯახის წევრებთან პაემნის… როდესაც იყო კვირა დღე, ადმინისტრაციას ევალებოდა, რომ გადაემოწმებინა და არ უნდა დაედასტურებინა პაემნის თანხმობა. როგორც ჩანს, არ გადაამოწმეს“, — განუცხადა „ტვ პირველს“ ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისისთვის პაემნის გაუქმებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. უწყების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ელისო  ჩაფიძემ განგვიცხადა, რომ კითხვები პენიტენციური სამსახურის ელ.ფოსტაზე გაგვეგზავნა.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

რამდენჯერმე გადადების შემდეგ, 28 მარტს ლაზარე გრიგორიადისის პროცესიას ჩაინიშნა. აღნიშნულ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგნენ.

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი