ახალი ამბები

საკონსტიტუციომ მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის შენახვაზე სასჯელი გააუქმა

4 ივნისი, 2020 • 1306
საკონსტიტუციომ მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ნარკოტიკის შენახვაზე სასჯელი გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარებლად გამოუსადეგარი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის დაწესებული სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნო.

აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთი მოქალაქის ინტერესებს, რომელიც დამნაშავედ იყო ცნობილი 0,00000126 გრამი მეტამფეტამინის შენახვისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს არის ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ჭურჭელში დარჩენილი თვალით უხილავი ნივთიერება, ჭურჭლის ანაფხეკი, რომლის არათუ გასაღება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია. თუმცა, საია-ს განცხადებით, ამის მიუხედავად, ამ თვალით უხილავი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანის დასჯა ისეთი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, რომლის არათუ გავრცელება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელი იყო, წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. კონსტიტუციის მე-9 მუხლი კრძალავს არაადამიანური სასჯელის გამოყენებას.

საიას არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა და ძალადაკარგულად ცნო ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რაც მოსახმარად არის გამოუსადეგარი.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა მოსახმარად გამოსადეგი, ეს ყოველ კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით უნდა განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ.

როგორც “ნეტგაზეთს” საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ განუცხადა, მსგავსი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელსაც მიიღო, თუმცა მაშინ ის გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ ნივთიერებაზე, დეზომორფინზე ვრცელდებოდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი სასჯელი მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობის ყველა ნარკოტიკული ნივტიერების შენახვაზე იხსნება.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ ახლა მოხმარებისთვის გამოუსადეგარი დოზების განსაზღვრა იქნება აუცილებელი სასჯელის დაწესებამდე, რისთვისაც ორი გზა არსებობს. ან ეს დოზები კანონში უნდა ჩაიწეროს, ან სასამართლოზე მოსამართლემ მოიწვიოს ექსპერტი, რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებაა მოხმარებისთვის გამოსადეგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი