რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრია გვაზავას წერილს, სადაც ეს უკანასკნელი მხარს უჭერს უკრაინაში მოსკოვს დაქვემდებარებულ ეკლესიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ კიევ-პეჩერის ლავრა დაატოვებინეს.
მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას წერილი თავდაპირველად ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ მისწერა. მან კი წერილობით პასუხში მხარდაჭერა გამოუცხადა მოსკოვს დაქვემდებარებულ უკრაინის ეკლესიას.
მოსკოვის ეკლესია აცხადებს, რომ წერილში მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალმილიონიანი მრევლის მდგომარეობას ამძიმებს ის გამოწვევები, რაც ახლა ეკლესიის წინაშე დგას – „ბევრი მორწმუნე პარალელს ავლებს ეკლესიის დევნასთან ბოლშევიკურ დროში“.
როგორც რუსეთის საპატრიარქო ამბობს, ანდრია გვაზავამ დაწერა, რომ მიმდინარე ზეწოლა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიუღებელია – „როგორც სასულიერო, ასევე სამოქალაქო კანონების თანახმად“.
ამავე განცხადების თანახმად, მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა წერს, რომ ლოცულობს “თქვენს ქრისტესმოყვარე სამშობლოში მშვიდობაზე, ეკლესიისა და ხალხის ერთობაზე“, ასევე, მიტროპოლიტ ონოფრეს თაოსნობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის გაძლიერებაზე.
29 მარტს ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მისცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კიევ-პეჩერის ლავრის დასატოვებლად.
რუსული პროპაგანდა აღნიშნულს წარმოაჩენს როგორც უკრაინის ხელისუფლების ბრძოლას ეკლესიასთან და ქრისტიანობასთანაც კი.
საქართველოშიც ვრცელდება დეზინფორმაცია მოქმედი სამონასტრო კომპლექსის მუზეუმ-ნაკრძალად გადაკეთებისა და იქ ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
კიევ-პეჩერის ლავრას ისედაც ეროვნული ნაკრძალის სტატუსი აქვს და უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაშია.
ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაშია გადაცემული 2013 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებით, რომელიც უკრაინამ 29 მარტიდან გააუქმა.
ბრძოლა კიევ-პეჩერის ლავრისთვის
უკრაინაში ორი მართლმადიდებლური ეკლესიაა:
- ავტოკეფალური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ)
- მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ МП).
УПЦ МП-ის მღვდლებს ახლა კიევ-პეჩერის ლავრას ატოვებინებენ.
უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.
ავტოკეფალიის გამოცხადებამდე მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის.
უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის გამოცხადებით ქვეყნის საეკლესიო ცხოვრებაში ახალი, რუსეთისთვის არასასურველი რეალობა დადგა, თუმცა მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიას არსებობა არ შეუწყვეტია: ომის დაწყებამდე მოსკოვის საპატრიარქოსა და მის მეთაურს, პატრიარქ კირილს, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული 12 000 სამრევლო ექვემდებარებოდა და მოსკოვი განკარგავდა მრავალ ეკლესია-მონასტერს. კიევ-პეჩერის ლავრა, ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი, ბოლო დრომდე სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.
თუმცა 24 თებერვლის შემდეგ სურათმა მნიშვნელოვნად დაიწყო ცვლა: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ იმ უკრაინელ მართლმადიდებელთა ნახევარს, რომლებიც ამ დრომდე რუსეთზე დაქვემდებარებული ეკლესიის წევრები იყვნენ, სურდათ, მათ ეკლესიას მოსკოვთან და კირილთან კავშირი გაეწყვიტა.
როგორც მრევლის, ისე არაერთი სასულიერო პირის აღშფოთების მიზეზი მოსკოვის პატრიარქის მიერ რუსეთის ომის მხარდაჭერა გახდა.
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის ასობით მღვდელმა მოითხოვა, კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს. ასობით სამრევლომ საერთოდ დატოვა ეს ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში გადაინაცვლა.
ამ ვითარებაში მოსკოვზე დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „სრული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის” შესახებ განაცხადა. УПЦ МП-ის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ონოფრემ დაგმო რუსეთის აგრესია და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ომზე მოსკოვის პატრიარქ კირილის პოზიციას.
თუმცა უკრაინის ხელისუფლებას, ისევე როგორც ავტოკელაფურ ეკლესიას, ეპიფანეს ხელმძღვანელობით, ამ გამიჯვნის არ სჯერათ.
თეოლოგების განმარტებით, ეს უფრო იძულებითი ფორმალობა იყო, ვიდრე ქმედითი ნაბიჯი და ონოფრეს არ გაუწყვეტია რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი.
უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ნეტგაზეთი გირჩევთ: