საზოგადოება

როგორ იცვლება რუსეთის გავლენა უკრაინაში რუსულ ეკლესიაზე — ინტერვიუ თეოლოგთან

8 ივნისი, 2022 • 937
როგორ იცვლება რუსეთის გავლენა უკრაინაში რუსულ ეკლესიაზე — ინტერვიუ თეოლოგთან

მოსკოვზე დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ “სრული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის” შესახებ განაცხადა. მან დაგმო რუსეთის აგრესია და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ომზე მოსკოვის პატრიარქ კირილის პოზიციას.

ზემოხსენებული ეკლესია, რომელსაც ამჟამად მიტროპოლიტი ონოფრე მეთაურობს, 1990-იან წლებში დაფუძნდა და არსებობა განაგრძო მას შემდეგაც, რაც 2018 წელს უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა გამოცხადდა. ამ უკანასკნელს მიტროპოლიტი ეპიფანე უდგას სათავეში.

მიმდინარე წლის თებერვალში, ომის დაწყების შემდეგ, ვითარება მეტად გართულდა: მოსკოვის პატრიარქმა, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებოდა უკრაინაში მოქმედი ეკლესია, მხარი დაუჭირა ომს, ასობით სამრევლომ კი დატოვა ეს ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში გადაინაცვლა.

რა მოხდება ახლა, როცა მოსკოვთან აფილირებული ეკლესია ოფიციალურად წყვეტს კავშირებს რუსეთთან? რა მიზანი აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებას? ესაა ფორმალური ნაბიჯი თუ რუსეთისგან რეალური დამოუკიდებლობის საწინდარი?

ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა.

მას ასევე ვკითხეთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, ხსენებული ეკლესია გაერთიანდეს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან, რომელსაც ის დღემდე აკრიტიკებს, უკრაინის მართლმადიდებლურ წიაღში “ერთიანობის არარსებობაზე” მიანიშნებს და დასძენს, რომ მისი დაფუძნებით მხოლოდ “გაუგებრობა” გაღრმავდა.


როგორ შეიცვალა ვითარება უკრაინის ეკლესიის წიაღში ომის დაწყების შემდეგ? როგორ იმოქმედა ამ პროცესებმა, ერთი მხრივ, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაზე, მეორე მხრივ კი — მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიაზე?

მე ცოტა სხვანაირად დავიწყებდი და ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული და რადიკალური არაფერი შეცვლილა უკრაინის არც ერთ ეკლესიაში და არც მეორეში. პირველი ეკლესიის — ვგულისხმობ ავტოკეფალურ ეკლესიას — წევრებისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელიც ებრძვის უკრაინას. მოგეხსენებათ, ეს ომი 23 თებერვალს არ დაწყებულა, 2014 წლიდან მიმდინარეობს. ანუ რადიკალური ცვლილება მათში არ ყოფილა. მასშტაბების და აღქმის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც უფრო გამძაფრდა, თორემ რასაც ჰქვია, მოსაზრება რაც იყო, იგივე დარჩა.

რაც შეეხება უკრაინის მეორე ეკლესიას, ანუ რუსულ ეკლესიას, ამაზეც ვიტყვი, რომ რადიკალურად არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ვითარებიდან გამომდინარე, აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მათთვის აუცილებელი გახდა, გადაედგათ სხვანაირი ნაბიჯები; იმდენად აშკარა გახდა ამ მომენტში რუსული აგრესია და იმდენად თეთრი და შავივით აღმოჩნდა მთელი სამყაროსთვის რუსეთის ეკლესია, რომ ამ [მოსკოვზე დაქვემდებარებულ] ეკლესიას უნდა გადაედგა რაღაც ნაბიჯები, რათა უპირველეს ყოვლისა საკუთარ მრევლში, ანუ შიდა აუდიტორიაში დაებალანსებინა სიტუაცია, რომელიც ამ ვითარებამ გამოიწვია.

ვიცით, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ეკლესია შეიქმნა 2018 წელს, როცა რუსეთს უკვე ანექსირებული ჰქონდა ყირიმი, მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები კი დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილს აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, მრავალმა სამრევლომ მაშინ მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიაში დარჩენა არჩია, თუმცა ახლა მათ პოზიცია შეიცვალეს და ტოვებენ ამ უკანასკნელს. თქვენი აზრით, რა აკავებდათ მათ ამ დრომდე, როცა რუსეთის მისწრაფებები უკრაინის მიმართ უკვე ნათელი იყო?

აქ მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს. პირველი ის, რომ [მოსკოვზე დაქვემდებარებულ] უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში შედიოდა ძალიან ბევრი სამრევლო, რომელიც უკრაინაში კი მოქმედებდა, მაგრამ მათი უმრავლესობა შედგებოდა ეთნიკური რუსებისგან. უკრაინაში ძალიან ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობდა და ცხოვრობს. მათი სამრევლოები, ლოგიკურია, რომ რჩებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ. ახლა რა შეიცვალა მათთან დაკავშირებით, ამაზე კარგი მაგალითი იქნება თუნდაც ხარკოვი.

მოგეხსენებათ, ხარკოვი მდებარეობს რუსეთის საზღვართან და იქ ძალიან ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. როდესაც რუსებმა დაიწყეს ომი, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხარკოვის მოსახლეობა , ხელისუფლება და ა.შ. პირდაპირ, უბრძოლველად გადააბარებდნენ მათ ქალაქს. რადგან ეს არ მოხდა, ძალიან გაბრაზდა რუსეთი და ლამის მიწასთან გაასწორა ხარკოვი.

ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ 2022 წლის 23 თებერვლამდე არსებობდნენ რაღაც ჯგუფები, რომლებიც იდეოლოგიურად, ეთნიკურად თუ ნაციონალურად, რუსულ პოზიციას უფრო უჭერდნენ მხარს, არ მოსწონდათ ზელენსკი და ა.შ. მაგრამ 23 თებერვლის შემდეგ ისეთი აგრესია დაიწყო, ეს ხალხიც კი — ვისაც სინდისი და მორალური პრინციპები ჰქონდა — ჩაეხსნა რუსულ მხარეს. მათ ისეთი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, რომ უფრო ღიად გამოჩენილიყო საზოგადოების თვალში, რომ ისინი რუსული აგრესიის წინააღმდეგ დგანან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი სამრევლო გადავიდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სამრევლოს ჰყავს მღვდელი ადგილობრივ დონეზე და უფრო ზემოთ — ეპისკოპოსი. ეს სამრევლო წარმოადგენს ამ ეპისკოპოსების, სასულიერო პირების შემოსავლის წყაროს. ამიტომ, რაღაც პერიოდის მანძილზე და დღესაც მათ შორის, მათ არ სურდათ ამ შემოსავლის დაკარგვა.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის ეპისკოპოსები რეალურად უკრაინაში კი ცხოვრობენ, მაგრამ მთლიანად ექვემდებარებიან რუსეთს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ მათთან დაკავშირებით რუსული უშიშროების ძალების მხრიდან ე.წ. დავერბოვკება, შესაბამისად, მათ ნაწილს ძალიანაც უნდოდეს გადასვლა, [შესაძლოა] მათი წარსულის გამო ან პირადი შიშის გამო უძნელდებოდეთ ამ ნაბიჯის გადადგმა.

როგორ უნდა გავიგოთ ონოფრეს ეკლესიის გადაწყვეტილება რუსეთთან კავშირის გაწყვეტის შესახებ? ეს უფრო მეტად სიმბოლური ნაბიჯია ომზე კირილის პოზიციის საპასუხოდ თუ ესაა პირველი ნაბიჯები აღნიშნული ეკლესიის რეალური დამოუკიდებლობისკენ?

დავიწყოთ იმით, რომ ონოფრეს ეკლესია არ არის დამოუკიდებელი. ის არ იღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია, შედიოდე რუსეთის პოლიტიკურ თუ საეკლესიო იურისდიქციაში და იყო დამოუკიდებელი, მით უმეტეს, უკრაინაში. ვითარება აქ არის როგორ: უკრაინამ რამდენიმე ხნის წინ მიიღო დეკლარირებული პროექტი, რომლის თანახმადაც ღიად პრორუსულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ საქმიანობა უკრაინაში. ესეც რომ არ ყოფილიყო, თვითონ ონოფრეს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ სამრევლოებში საკმაოდ დიდი განხეთქილება წამოვიდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, ონოფრეს ეკლესიამ უნდა მოახერხოს შიდა სამრევლოებში ვითარების დასტაბილურება; ანუ უნდა მოახერხოს, რომ მასობრივად არ მოხდეს საკუთარი სამრევლოების გადასვლა ავტოკეფალურ ეკლესიაში. ბევრი გადადის, თუმცა მასობრივად მაინც არ ხდება. მასობრივი გადასვლა რომ არ მოხდეს ავტოკეფალურ ეკლესიაში, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ის, რომ შიდა აუდიტორიას დაანახოს, რომ იგი არ ეკუთვნის რუსეთს, დამოუკიდებელი მოთამაშეა, მასაც სურს დამოუკიდებლობა, არ ეთანხმება პატრიარქ კირილს და ა.შ. და ამ მოქმედებით დააკმაყოფილოს შიდა აუდიტორია.

მეორე მომენტია ის, რომ ონოფრეს ეკლესიამ რადიკალურად პრორუსული ნაბიჯების გადადგმა რომ დაიწყოს, ეს მისი კიდევ დამატებითი ლუსტრაცია იქნება და შესაძლებელია, იურიდიულად საერთოდ გაუუქმდეს ყველანაირი სტატუსი და ყველანაირი კერძო საკუთრება, რაც მას უკრაინაში აქვს, რადგან ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ უკრაინის ხელისუფლება ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს დგამს რუსული ჯგუფების წინააღმდეგ.

მესამე ფაქტორი არის უშუალოდ რუსეთის ფაქტორი, რადგან ამ ვითარებიდან გამომდინარე რუსეთს რეალურად არანაირი იდეოლოგიური დასაყრდენი აღარ დარჩა უკრაინაში, ონოფრეს ეკლესიის გარდა. აქედან გამომდინარე, მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ეს იდეოლოგიური საყრდენი შეინარჩუნოს [ახლაც] და ომის დასრულების შემდეგაც — ჯერ კიდევ აქვს საკმაოდ კარგი და სერიოზული გავლენები ამ ეკლესიას — ვიდრე მან დაიწყოს ჩვენებური “ალტ ინფოს” მსგავსი კამპანია და ამით ის ნეიტრალურად განწყობილი ხალხიც დაკარგოს, ვისზეც ჩვენ ვისაუბრეთ.

ეს სამი ძირითადი მიზეზია, რასაც მე გამოვყოფ ონოფრეს ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მე პირადად ონოფრეს ეკლესიას დამოუკიდებელ მოთამაშედ არ აღვიქვამ. რასაც აკეთებს, აკეთებს ან შიდა აუდიტორიისადმი გზავნილისთვის, ან იმიტომ, რომ შეინარჩუნოს დასაყრდენი, რასაც აქამდეც აკეთებდა იგი რუსეთის ეკლესიისთვის.

ესე იგი, თქვენ ამ კავშირების ფორმალურად გაწყვეტას არ განვიხილავთ მოსკოვის საპატრიარქოსთან იდეური კავშირების გაწყვეტად?

ეკლესიაში კავშირის გაწყვეტად აღიქმება, როცა ერთი ეკლესია მეორესთან წყვეტს ევქარისტულ კავშირს. ამის იქით ყველა სხვა ნაბიჯი არ განიხილება ქმედით ნაბიჯად. გამომდინარე იქიდან, რომ ონოფრეს ეკლესიას, რეალურად, ევქარისტული კავშირი არ გაუწყვეტია რუსეთის ეკლესიასთან, ამის იქით, ყველაფერი, რაც ხდება, უფრო მეტად ფორმალობას ჰგავს, ვიდრე ქმედით ნაბიჯს.

არც იმას ელით, რომ იდეური გარდაქმნები დაიწყება ონოფრეს ეკლესიის შიგნით, გადაფასდება რუსეთთან წარსულში არსებული ურთიერთობები და ა.შ.?

ონოფრეს ეკლესიის შიგნით შეიძლება დაიწყოს ცვლილებები, ყველაზე კარგ ვარიანტში ბევრმა ეპისკოპოსმა დატოვოს ონოფრეს ეკლესია და გადავიდეს ავტოკეფალურ ეკლესიაში. ამას მე ვუშვებ. თუმცა, რამდენი ეპისკოპოსიც არ უნდა გადავიდეს ავტოკეფალურ ეკლესიაში, ეს ონოფრეს ეკლესიის, როგორც უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის, სტატუსის შეცვლას არ გულისხმობს. თეორიულად მე იმასაც ვუშვებ, რომ თვითონ ონოფრეც გადავიდეს ეპიფანეს ეკლესიაში — თეორიულად.

მაგრამ ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ [1990-იან წლებში] ამ ეკლესიას გამოეყო ფილარეტიც [ამჟამად — უკრაინის საპატიო პატრიარქი], რომელიც მისი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო და გადავიდა სხვაგან. მაგრამ ამით უკრაინაში არსებული რუსული ეკლესიის იდეოლოგია და მიდგომა არ შეცვლილა. მე ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ცალკეული შემთხვევები, თუნდაც მაღალი იერარქებისგან, შეიძლება დაფიქსირდეს იმიტომ, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს. [შეიძლება], რაღაც მომენტში ძაფი გაწყდეს და გადავიდნენ [ავტოკეფალურ ეკლესიაში]. თუმცა, საკუთრივ ეკლესია, რომელსაც ონოფრე მეთაურობს, მისი იდეოლოგიური, რადიკალური გარდაქმნა ჩემთვის ნაკლებად სავარაუდოა.

მოსკოვთან კავშირის გაწყვეტის შესახებ განცხადებაში ონოფრეს ეკლესია ამბობს, რომ ეკლესიის ადმინისტრაციის წესდებაში დამტკიცდა შესაბამისი დამატებები და ცვლილებები, რაც მოწმობს აღნიშნული ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობასა და ავტონომიას. ამავე ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე დასძენს, რომ ფაქტობრივად, თავისი შინაარსით, ხსენებული ეკლესიის დებულება ახლა არის ავტოკეფალური ეკლესიის დებულება. რას ნიშნავს ეს? კანონიკურად, რა სტატუსი ჰქონდა ონოფრეს ეკლესიას ამ დრომდე და რა სტატუსი აქვს მას ახლა?

დავიწყოთ იმით, რომ მიტროპოლიტი ონოფრე იყო — იდეაში, ახლაც არის, უბრალოდ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ — რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრი. დაახლოებით იგივეა, საქართველოს ეკლესიას რომ ჰყავდა რუსი ეგზარქოსი, რომელიც იდეაში ავტონომიურად მართავდა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ თავად ეს ეგზარქოსი შედიოდა რუსული ეკლესიის სინოდში. იგივე ვითარება იყო ონოფრესთან დაკავშირებით, რადგან ონოფრე მართავდა უკრაინის ეკლესიას, მას თავისი სინოდი ჰყავდა, თუმცა თვითონ ონოფრე იყო რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრი.

თქვენ ახსენეთ ავტონომია. ავტონომია ონოფრეს ეკლესიას ასე თუ ისე უკვე ჰქონდა. მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტონომია არ ითვლება დამოუკიდებელ ეკლესიად. დამოუკიდებელ ეკლესიად ითვლება ავტოკეფალური ეკლესია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ შენ გაღიარებენ სხვა ეკლესიები. მაგალითად, ხაზი რომ გავუსვა, ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოუკიდებელი, მაგრამ რადგან ეს ეკლესია ავტოკეფალურად არ იყო აღიარებული სხვა ეკლესიების მიერ, თქვენ ვერსად შეხვდებით ოფიციალურ დიპტიხებში თუ სხვა დოკუმენტებში მაკედონიის ავტოკეფალურ ეკლესიას.

ანუ, რეალური დამოუკიდებლობა ეკლესიაში რომ არსებობდეს, ორი პრინციპია საჭირო: ეკლესია უნდა იყოს ავტოკეფალური და არა — ავტონომიური და ეს ავტოკეფალია უნდა იყოს აღიარებული სხვა ეკლესიების მიერ. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, კანონიკური სამართლის მიხედვით, მხოლოდ ერთი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობაა დაშვებული, შეუძლებელია, უკრაინაში იყოს ონოფრეს ავტოკეფალური ეკლესიაც და ეპიფანეს ეკლესიაც. აქედან რომელიმე მინიმუმ სქიზმაში უნდა იყოს ან მისი სტატუსი არ უნდა იყოს აღიარებული.

ასე რომ, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გადაიდგა ონოფრეს ეკლესიის მიერ, რეალური და არსებითი დამოუკიდებლობა საეკლესიო კანონიკური კუთხით არ ჩანს.

ამ ეკლესიის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ, თუნდაც ავტოკეფალიის კუთხით? იმ შემთხვევაში, თუ გაუჩნდა სურვილი, ვისგან და როგორ შეუძლია, მიიღოს ავტოკეფალია? ეს მარტივი პროცესი იქნება?

უკვე არსებობენ ეპისკოპოსები, რომელთაც აქვთ ავტოკეფალიის სურვილი. ეს ავტოკეფალია ნიშნავს რას: მათთვის იდეურად მიუღებელია ეპიფანეს ეკლესია, რადგან ესაა ეკლესია, რომელიც განუდგა, შეეწინააღმდეგა რუსეთს, უკრაინის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ციტადელი გახდა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ავტოკეფალიას მიიღებდა მსოფლიო საპატრიარქოსგან.

არსებობენ ეპისკოპოსები, რომელთათვისაც პრინციპულად, ყოველ შემთხვევაში აქამდე, მიუღებელია, გაერთიანდნენ ეპიფანეს ეკლესიაში. პრინციპულად არ შეუძლიათ, სხვა შეხედულებები აქვთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი დგანან სერიოზული დილემის წინაშე. თუნდაც მათი შინაგანი ხმა არ აძლევთ საშუალებას, რომ პირდაპირ იყვნენ რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში. დღევანდელი ონოფრეს ეკლესია კი რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

კავშირების გაწყვეტის შემდეგაც რუსეთის დაქვემდებარებაში რჩება?

დღესაც კი. ოფიციალურ დონეზე ონოფრეს ეკლესია დღესაც რჩება რუსეთის გავლენის ქვეშ. ამ ფონზე ასეთი ეპისკოპოსები თვლიან, რომ ორ წყალს შუა არიან და ამიტომ სურთ, რომ მოდი, იქნებ ავტოკეფალია მოვითხოვოთ რუსეთისგან, რუსეთმა მოგვცეს ავტოკეფალია და ვიტყვით, რომ ჩვენ უკვე დამოუკიდებლები ვართო. უკრაინის ეკლესიამ, პირობითად, რუსეთის ეკლესიისგანაც რომ მიიღოს ავტოკეფალია, მხოლოდ რუსეთის ეკლესიამ რომ აღიაროს ეს ავტოკეფალია, ამ ეპისკოპოსებს — ვგულისხმობ ონოფრეს გავლენის ქვეშ მყოფ ეპისკოპოსებს —  რაღაც არგუმენტი ექნებათ, თქვან, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან. ესაა მათი მოსაზრება.

თუმცა რუსეთის ეკლესიისთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ უკრაინის ეკლესიას ჰქონდეს ავტოკეფალია… მოგეხსენებათ, თვითონ სლავების გაქრისტიანება დაიწყო კიევიდან. მოსკოვი მაშინ არ არსებობდა, კიევი გაქრისტიანდა და კიევიდან გაქრისტიანდა შემდგომში მოსკოვი. ანუ მოსკოვის ქრისტიანობის იდეა მთლიანად ემყარება კიევს. მას რომ გამოეცალოს კიევი, მოსკოვი რეალურად რჩება ისტორიული ბექგრაუნდის გარეშე. მათთვის ეს ძალიან სერიოზული იდეოლოგიური მარცხია…

ერთიანობაში, კიევი განიხილება როგორც პოლიტიკური, ასევე საეკლესიო ერთიანობის იდეად. მაგალითად, რუსეთის პატრიარქს ტიტულატურაში უწერია არა სრულიად რუსეთის, არამედ “სრულიად რუსის პატრიარქი”(всея Руси). ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ [აქ] შედის უკრაინა და ბელარუსიც. როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის პირდაპირი ჩარევით პატრიარქობა აღდგა რუსეთში, გადაწყდა, რომ მოსკოვის პატრიარქის ტიტულატურაში ყოფილიყო ეს ტერმინი. დღევანდელი მოცემულობით რუსეთი არის ცალკე ტერიტორია, უკრაინა — ცალკე და ბელარუსი — ცალკე. მაგრამ “სრულიად რუსი” ნიშნავს, რომ მოსკოვის პატრიარქის იურისდიქცია ვრცელდება ბელარუსსა და უკრაინაზეც.

აქედან გამომდინარე, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალია ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ წარმოუდგენია, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ ავტოკეფალიის მეთაური იქნება საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი, რადგან ადრე თუ გვიან იგი შეიძლება აღარ იყოს, შეცვალოს ვიღაც სხვამ და პრობლემები წარმოიშვას.

ამიტომ, მე იმ ეპისკოპოსების მომავალიც არ წარმომიდგენია ნათელ ფერებში, რომლებიც უკრაინაში არსებობენ და უნდათ, ავტოკეფალია მიიღონ მოსკოვისგან. რეალობა არის ის, რომ ჩემი აზრით, ძალიან ბევრი სამრევლო გადავა ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში. მარტო სამრევლო კი არა, შეიძლება, ეპისკოპოსებიც ვიხილოთ, თუმცა, არსებითად, ონოფრეს ეკლესია იქნება მაინც ონოფრეს ეკლესია, თუნდაც მას სხვა ვინმე მეთაურობდეს. პირდაპირ ან ირიბად, მაგრამ საბოლოო შემთხვევაში მაინც არ იქნება ავტოკეფალური და იქნება რუსეთის ეკლესიის თუნდაც ირიბი გავლენის ქვეშ.

როგორც თქვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კავშირები ფორმალურად გაწყდა, ონოფრეს ეკლესია მაინც რუსეთს ექვემდებარება დღეს. აქ რას გულისხმობთ, ეს ეკლესია იდეურად რჩება მოსკოვის დაქვემდებარებაში თუ კანონიკურადაც? რა არის საჭირო იმისთვის, რომ რუსეთთან ეს კავშირები საბოლოოდ გაწყდეს და, მაგალითად, თქვენც თქვათ, რომ დღეს ეკლესია, მიუხედავად გავლენებისა, დამოუკიდებელია ფორმალურად მაინც?

ერთადერთი არსებითი ნაბიჯი იქნება ეპიფანეს ეკლესიასთან შეერთება და რატომ: ეკლესიის იურისდიქცია როგორც არ უნდა შეიცვალოს და გარდაიქმნას, ყველა ამ ეპისკოპოსის დოსიე დღემდე ინახება რუსეთის უშიშროების ორგანოებში. როგორც არ უნდა შეიცვალოს გარეგნულად ეს იერსახე, მათზე ზემოქმედების საშუალება აქვთ რუსეთის უშიშროების ორგანოებს. ერთადერთი გზა, რომ ამ ორგანოებს მოწყდნენ, არის ის, რომ გაერთიანდნენ ავტოკეფალურ ეკლესიაში, რითაც არ ექნებათ არანაირი ბმა რუსეთთან. ანუ, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება არა რუსეთის, არამედ უკრაინის ეკლესიას. აქედან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, რომ ეს კავშირები გაწყდეს. სხვა შემთხვევაში, როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს ეკლესია და რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას, ისინი მაინც დარჩებიან რუსეთის გავლენის ქვეშ, რადგან ეს ეკლესია არ არის ავტოკეფალური. კანონიკურადაც კი, სანამ ეკლესია არ არის ავტოკეფალური და ავტონომიურია — თუნდაც ისეთი ავტონომია აქვს, როგორიც [ონოფრეს ეკლესიას], ჰყავს სინოდი და ა.შ. — ამ შემთხვევაშიც კი, სანამ ავტოკეფალიას არ მიიღებს, კანონიკური კუთხითაც კი შეუძლებელია მის დამოუკიდებლობაზე საუბარი.

თქვენ უშვებთ თუნდაც თეორიულ შესაძლებლობას, რომ ონოფრეს ეკლესია გაერთიანდეს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან, რომელიც 2018 წელს შეიქმნა?

მე თეორიულად ვუშვებ ერთადერთ შესაძლებლობას, რომ ონოფრეს ეპისკოპოსები გაერთიანდნენ [ეპიფანეს ეკლესიასთან], თუმცა [ონოფრეს] ეკლესიის მთლიანად გაუქმება… შეიძლება, გაუქმდეს, მაგალითად, უკრაინის მთავრობამ მას ოფიციალური სტატუსი მოუხსნას, მაგრამ ის მაინც იარსებებს. შეიძლება, სტატუსი გაუუქმონ, მაგრამ ეს მღვდლები, სამრევლოები, მაინც იარსებებენ.

მე ერთადერთ შესაძლებლობას ვუშვებ, რომ ბევრი სამრევლო, ბევრი ეპისკოპოსი გადავიდეს ეპიფანეს ეკლესიაში, თუმცა რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი უკრაინის ეკლესიის გაუქმება რუსეთის მიერ ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ეტაპზე.

და წარმოუდგენელია მთლიანად ამ ეკლესიის შეერთებაც უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან? 

ამ ეტაპზე რა მოცემულობაც არსებობს, ჩემთვის ეს ისეთი ოპტიმისტური ხედვაა, რომელსაც ვერ გავიზიარებ, რადგან ამის საფუძველი არ მაქვს.

მიუხედავად ღია კრიტიკისა, რომელიც ამ ეკლესიამ გაახმიანა კირილისადმი?

კი, მიუხედავად ამ კრიტიკისა. პირობითაც რომ ვთქვათ, საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრი ეპისკოპოსი ნახოთ, რომლებიც ღიად არა, თუმცა პირად საუბრებში აკრიტიკებენ საქართველოს პატრიარქს, თუმცა ეს ეპისკოპოსები, როგორც არ უნდა გააკრიტიკონ პატრიარქი, მაინც რჩებიან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. დაახლოებით იგივე ვითარებაა მათთან დაკავშირებითაც. კირილი, ონოფრე თუ სხვა, ეს ყველაფერი წარმავალია. პიროვნებები იცვლებიან, ზოგი რადიკალური მოდის, ზოგი — ლმობიერი, მაგრამ ინსტიტუტი არსებითადა რ იცვლება. ამას ვგულისხმობ, როცა ხაზს ვუსვამ, რომ არ მესახება რეალური ნაბიჯების გადადგმა.

იდეოლოგიურად საით წავა ონოფრეს ეკლესია? ელით სასულიერო პირების რიტორიკის, მათი ქადაგებების გზავნილების ცვლილებას მოსკოვთან კავშირების ფორმალურად გაწყვეტის შემდეგ?

რიტორიკის ცვლილებას მე ველი. მოსკოვის ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტამდეც რეალურად მიმაჩნია, რომ ონოფრეს ეკლესიაში მყოფი რომელიმე მღვდელი ან ეპისკოპოსი გამოვიდეს და გააკრიტიკოს პუტინი ან კირილი. ეს ჩემთვის არ არის წარმოუდგენელი. მეტიც, იმ რეალობასაც ვუშვებ, რომ ამ კრიტიკაში შეიძლება ეს სასულიერო პირები გულწრფელები იყვნენ და არ თამაშობდნენ. ცალკეული ეპისკოპოსების შინაგან სამყაროში იდეოლოგიურ ცვლილებასაც ვუშვებ თეორიულად. მე არ ვუშვებ მთლიანად ამ საეკლესიო ერთეულის იურისდიქციულ ცვლილებას.

პრაქტიკული თვალსაზრისით როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში ონოფრეს ეკლესიის და მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობა? უკვე ახლა, როცა ეს ეკლესია ამბობს, რომ ჩვენ ვწყვეტთ კავშირებს მოსკოვის საპატრიარქოსთანო, რა მოხდება? შეხვედრები აღარ იქნება, ერთმანეთს აღარ დაელაპარაკებიან საჯაროდ თუ როგორ იქნება ეს ამბავი?

ოფიციალურ დონეზე რომ ონოფრეს ეკლესიის არცერთი ეპისკოპოსი არ შეხვდეს კირილს, პირობითად, 10 წლის განმავლობაში, ამას თეორიულად ვუშვებ. ის, რომ მათ საერთოდ არ მოიხსენიონ კირილი, ამასაც ვუშვებ თეორიულად. მაგრამ არსობრივად, შინაგანად რომ ისინი დაშორდნენ ყველა იმ კავშირს, რაც მათ ჰქონდათ, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან აქ არსებობს პოლიტიკური ფაქტორები, არსებობს რუსეთის უშიშროების ფაქტორები…

მოგეხსენებათ, უშიშროების ყოფილი კადრი არ არსებობს. და უკრაინის ეკლესიის ძალიან ბევრი სასულიერო პირი პირდაპირაა დაკავშირებული უშიშროებასთან. ასე რომ, გარეგნულად ოფიციალური შეხვედრა რომ არ შედგეს, არ მოიხსენიონ [კირილი] და კიდევ ბევრი რაღაც მოხდეს, ეს მე არანაირად არ მეუბნება, რომ შინაგანად, იდეოლოგიურად, რამე ცვლილება მოხდა.

ეკლესია, ერთი მხრივ, ძალიან მარტივი ერთეულია, მაგრამ ამ სიმარტივეში ძალიან დიდი სირთულე არსებობს. ეს სირთულე მდგომარეობს რაში: დამოუკიდებელი ეკლესია შეიძლება იყოს მხოლოდ ავტოკეფალური — ვგულისხმობ იურიდიულად დამოუკიდებელს, თორემ ეკლესია შეიძლება იყოს ავტოკეფალური და ეს ეკლესიაც ატარებდეს ვინმეს პოლიტიკურ კურსს. მაგალითად, საქართველოს ეკლესია ოფიციალურად დამოუკიდებელია, მაგრამ ძალიან ბევრი საუბრები და ფაქტებია, როცა საქართველოს ეკლესია ღიად იჭერს რუსული პოზიციის მხარეს. ეს სხვა შემთხვევაა. მაგრამ რეალურად რომ თქვა, დამოუკიდებელი ვარო, ერთადერთი გამოსავალი არის ავტოკეფალია.

ამასთან, როგორც ვთქვით, ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება მხოლოდ ერთი ავტოკეფალური ეკლესია არსებობდეს. რადგან უკრაინაში უკვე არსებობს ეპიფანეს ეკლესია, რომელიც უკვე ოთხმა ეკლესიამ აღიარა, ამ ფონზე მეორე ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ, რეალური ავტოკეფალია, ონოფრეს ამ ეპისკოპოსების რეალური დამოუკიდებლობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს, თუკი ისინი გაერთიანდებიან ეპიფანესთან. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი იქნება რაღაც ფასადური, ბუტაფორია და ილუზია, თუმცა ინსტიტუტი არ შეიცვლება.

ვთქვათ, პირობითად, რამდენი ეპისკოპოსიც არის, არცერთმა მოიხსენიოს კირილი, სანამ ის ცოცხალია. დავუშვათ, 10 წლის შემდეგ კირილი გარდაიცვალა, გარდაიცვალნენ ეს ეპისკოპოსებიც, მაგრამ ინსტიტუტი —  ერთიც და მეორეც — რჩება უცვლელი, ანუ ამით არაფერი იცვლება. ახალი ეპისკოპოსები მოვლენ, იქ მოვა ახალი პატრიარქი და ისევ ისე გააგრძელებენ ურთიერთობას, როგორც აქამდე.

ისიც უნდა ითქვას, სულ რომ ამ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუერთდნენ, მათი დოსიეები მაინც რჩება უშიშროების არქივებში…

რა თქმა უნდა, დარჩება, თუმცა ჩვენ გვაქვს ფაქტები, როცა სასულიერო პირებმა განაცხადეს მათი თანამშრომლობის შესახებ უშიშროებასთან, მოინანიეს და ხალხმა ეს სინანული მიიღო. უახლოეს წარსულში რუმინეთში იყო ასეთი შემთხვევები. ასევე, უკრაინაში, ფილარეტი გამოვიდა და თქვა, რომ იცი, რა, მე აქ ვიყავი და სხვანაირად შეუძლებელი იყო.

ხალხს პრობლემა აქვს მაშინ, როცა იცის, რომ შენ ჯერ კიდევ თანამშრომლობ უშიშროებასთან, მაგრამ შენ ამას არ აღიარებ. როცა აღიარებ, რომ თანამშრომლობდი, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ საზოგადოება ყოველთვის იგებს ამას, თუ რაღაც [მძიმე] დანაშაული არ გაქვს ჩადენილი. ასე რომ, თუ გადავლენ ეპიფანესთან, ეს იმხელა დივიდენდს მისცემს ამ ეპისკოპოსებს, რომ ამის ფონზე უშიშროების დოსიეების არსებობა მათ ვერაფერს დააკლებთ.

ფიქრობთ, რომ რუსეთის ეკლესიისაგან გამიჯვნა შეაჩერებს ან შეანელებს სამრევლოების გადასვლის პროცესს ონოფრეს ეკლესიიდან უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში?

აუცილებლად. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მასობრივად არ მოხდეს [სამრევლოების] გადასვლა მეორე ეკლესიაში, რადგან მოგეხსენებათ, ხალხი აზროვნებს მასის ფსიქოლოგიით. პირობითად, ერთი ადამიანი შეიძლება ბევრ რამეს ხვდებოდეს, მაგრამ ეს ადამიანი როდესაც მასაშია, ერთი ან თუნდაც ათი ადამიანი შეიცვლის თუ არა იურისდიქციას, სამრევლო სამრევლოდ რჩება. და მასის ფსიქოლოგიაზე ძალიან კარგად მოქმედებს ფასადური ნაბიჯები. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ნაბიჯები გადაიდგა ონოფრეს ეკლესიის მიერ — ჩემი აზრით, რუსეთთან შეთანხმებით — იყო ის, რომ არ მომხდარიყო სამრევლოების, ეპისკოპოსების მასობრივი გადასვლა ეპიფანეს ეკლესიაში.

არქივიდან:

უკრანის ავტოკეფალია: რას უცდის საქართველოს ეკლესია

მასალების გადაბეჭდვის წესი