ახალი ამბები

უკრაინა მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას განიხილავს

2 დეკემბერი, 2022 • 1013
უკრაინა მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას განიხილავს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, უმაღლეს რადას შესთავაზოს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ასევე, საბჭო გამოდის ინიციატივით, დაიწყოს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფნის კანონიერების შესწვლა კიევ-პეჩერის ლავრაში.

„ყველა ორგანოს, რომლის კომპეტენციაში შედის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, დაევალა, გააძლიერონ ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების იდენტიფიცირებისა და წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და გამოიყენონ პერსონალური სანქციები — სახელები მალე გახდება ცნობილი“, — განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. მანამდე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა უკრაინაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის. კიევ-პეჩერის ლავრა სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის მთავარი რეზიდენციაა.

უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი