ახალი ამბები

უმნიშვნელოვანესია, მხარი დავუჭიროთ ეკლესიას – ხაბეიშვილი საპატრიარქოსთვის დამატებით 35 მლნ-ს გამოყოფაზე

20 მარტი, 2024 • 1839
უმნიშვნელოვანესია, მხარი დავუჭიროთ ეკლესიას – ხაბეიშვილი საპატრიარქოსთვის დამატებით 35 მლნ-ს გამოყოფაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ ეკლესიას მხარი უნდა დაუჭიროს. ასე გამოეხმაურა ის მთავრობის გადაწყვეტილებას საპატრიარქოს სასწავლებლებისთვის დამატებით 35 მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ხაბეიშვილი დაეთანხმა ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც მთავარ არხთან საუბრისას ეკლესიისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საჭიროება იმით ახსნა, რომ “ყველაფერი გაძვირდა”.

“არ შემიძლია არ დავეთანხმო მიტროპოლიტ ანტონს, რომელმაც თქვა, რომ გაძვირდა ყველაფერი, ყველაფერს ათმაგი ფასი აქვს. ცხადია, ეს გაძვირება აისახება ყველაზე, როგორც მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც.

“ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ევროპული, ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების ოჯახის წევრები და ჩვენ ვართ ძალა, რომლის პირობებშიც ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა ეკლესია-მონასტრების აღდგენაში, მშენებლობაში. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის არასდროს დაგვიხევია უკან, ცხადია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს ხალხს სჭირდება მხარში დგომა, დახმარება და ამას ხელისუფლება არ აკეთებს. მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში და უმნიშვნელოვანესია, რომ მხარი დავუჭიროთ”, – დაწერა ხაბეიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მარტს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონი ლარით დაეხმარება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ასევე ფინანსდება 25 მილიონი ლარით.

გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რეგულარულად იღებს სხვადასხვა ტიპის ქონებას, იქნება ეს მიწები, შენობა-ნაგებობები თუ ფულადი თანხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი