ახალი ამბები

მთავრობამ საპატრიარქოს 7.5 მლნ ლარი გამოუყო გელათის რეაბილიტაციისთვის

19 მარტი, 2024 • 625
მთავრობამ საპატრიარქოს 7.5 მლნ ლარი გამოუყო გელათის რეაბილიტაციისთვის

მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დამატებით 7.5 მილიონი ლარი გამოყო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, აღნიშნული თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოეყო. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (მიმღების დასახელება — გელათს სამონასტრო კომპლექსი) უნდა გადაურიცხოს.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაზე 800 ათასი აშშ დოლარი და 1 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუნუქის დროებითი გადახურვის ქვეშაა.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია.

ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.

გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 2020 წელს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მიერ ძეგლის დაზიანებისა და თანხების შესაძლო მითვისების საფუძვლით დაიწყო. თუმცა გენერალური პროკურატურა ამ დრომდე არ აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე.

საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის აპრილში გადაიბარა.

ამ თემაზე:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს — „ICOMOS საქართველო“ გელათზე

საპატრიარქოს დაკვეთილი კვლევა გელათის რესტავრაციის შედეგებს შემაშფოთებლად აფასებს

“სინამდვილეს არ შეესაბამება” – საპატრიარქო გელათის დასკვნაზე კულტურის სამინისტროს პასუხობს

მასალების გადაბეჭდვის წესი