საზოგადოება

უკრანის ავტოკეფალია: რას უცდის საქართველოს ეკლესია

23 აპრილი, 2022 • 3309
უკრანის ავტოკეფალია: რას უცდის საქართველოს ეკლესია

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა  და მოსკოვის პატრიარქის მხრიდან მისმა მხარდაჭერამ კვლავ გაააქტიურა დისკუსია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გარშემო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აღიარებული არ აქვს.

ამ საკითხმა მაღალი იერარქიის ზოგიერთ ქართველ სასულიერო პირს შორის კამათიც გამოიწვია. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთა მიერ უკრაინის ავტოკეფალიისადმი გამოთქმულმა მხარდაჭერამ კრიტიკოსები გააკვირვა.

მოვისმენთ თუ არა ამ საკითხზე რაიმეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში? რატომ არ აფიქსირებს საქართველოს ეკლესია ნათელ პოზიციას უკრაინის ავტოკეფალიაზე?

საპატრიარქოში პროცესის თანმდევ ბუნდოვანებებსა და პრობლემატიკაზე საუბრობენ, კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ ეკლესიას არ სურს, რაიმე ფორმით გააღიზიანოს მოსკოვი.

უკრაინის ავტოკეფალია: მოკლედ

უკრაინის ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე.

უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა(საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.

რუსეთმა, რომელიც თავშივე ცალსახად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, კავშირი გაწყვიტა როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ისე დანარჩენი სამი ეკლესიის მეთაურებთან.

ავტოკეფალიის გამოცხადებამდე, მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდ, დომინანტურ ერთეულად მიიჩნეოდა ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის.

მიტროპოლიტი ეპიფანე

უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის გამოცხადებით ქვეყნის საეკლესიო ცხოვრებაში ახალი, რუსეთისთვის არასასურველი რეალობა დადგა, თუმცა მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიას არსებობა არ შეუწყვეტია: ის დღემდე განკარგავს მრავალ ეკლესია-მონასტერსა და სამრევლოს უკრაინის ტერიტორიაზე.

თუმცა, ფიქრობენ რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი ომი სურათს შეცვლის და გაფართოვდება სამრევლოების გადასვლის ტენდენცია მოსკოვზე დაქვემდებარებული ეკლესიიდან უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში.

უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის დაფუძნებიდან 3 წელზე მეტია გასული. ამ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალია არ უღიარებია და არც მიულოცავს კიევისთვის აღნიშნული ფაქტი.

როგორ აისახა ომი საეკლესიო ცხოვრებაზე უკრაინაში?

მიუხედავად ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადებისა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, მოსკოვის საპატრიარქოსა და მის მეთაურს, პატრიარქ კირილს, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული 12 000 სამრევლო ექვემდებარებოდა.

თუმცა, 24 თებერვლის შემდეგ სურათმა მნიშვნელოვნად დაიწყო ცვლა:

Financial Times-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ იმ უკრაინელ მართლმადიდებელთა ნახევარს, რომლებიც ამ დრომდე რუსეთზე დაქვემდებარებული ეკლესიის წევრები იყვნენ, სურთ, მათმა ეკლესიამ მოსკოვთან და კირილთან კავშირი გაწყვიტოს.

როგორც მრევლის, ისე არაერთი სასულიერო პირის აღშფოთების მიზეზი რუსეთის აგრესიულ სამხედრო კამპანიასთან ერთად ის პოზიციაა, რომელიც მოსკოვის პატრიარქს აღნიშნულ ომთან დაკავშირებით უკავია.

მოსკოვის პატრიარქი კირილი

ომის დაწყების შემდეგ კირილმა უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცა, თუმცა მანვე ჩაატარა წირვა რუსეთის არმიისთვის და აკურთხა ეს უკანასკნელი, ხატი გადასცა “როსგვარდიის” გენერალს და ისაუბრა რუსეთზე, როგორც “მშვიდობის მოყვარე” ქვეყანაზე.

კირილის რიტორიკის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის მოქმედებები არის არა ომი, არამედ “მეტაფიზიკური მნიშვნელობის” ბრძოლა ღირებულებებისთვის, ცოდვების წინააღმდეგ. ამ კონტექსტში მან “გეი პრაიდები” ახსენა.

კირილი დღეს ნაწილია ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტული რიტორიკისა, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობასა და მოსკოვის საპატრიარქოს მიმდევრებს გათავისუფლება სჭირდებათ.

“როცა მათ ვუსმენ, როგორ ამბობენ, რომ ჩვენ გვიცავენ და “წმინდა ომში” იბრძვიან, ვფიქრობ, რომ ან ბრმები არიან, ან ღმერთის ნაცვლად ეშმაკს ემსახურებიან”, — ციტირებს BBC მამა ნიკოლაი პლუჟნიკს, რომელიც ომამდე ხარკოვის რეგიონში, მოსკოვზე დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობდა.

“არ გვიყვარხართ, არ ვგლოვობთ, არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთ”, – აწერია სიმბოლურ საფლავის ქვაზე, რომელიც უკრაინელებმა პუტინს დაუდგეს ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში, რუსეთის დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურებულ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

ომის დაწყების შემდეგ, სასულიერო პირმა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში გადასვლაზე დაწერა განაცხადი და როგორც ამბობს, ამას გეგმავს მრავალი სხვა მღვდელი, რომლებიც კირილის პოზიციამ შეაშფოთა.

ამ ფონზე, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის ასობით მღვდელმა მოითხოვა, კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს. შესაბამისი პეტიცია უკრაინის ქალაქ დნიპროსთან ახლოს მცხოვრებმა დეკანოზმა, ანდრეი პინჩუკმა გამოაქვეყნა.

რას უკავშირდება განახლებული დისკუსია საქართველოს ეკლესიაში

უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიაში დისკუსია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის ქადაგების შემდეგ კვლავ გააქტიურდა.

ეპისკოპოსმა ჯამდელიანმა, რომელიც მანამდე ამ საკითხზე აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას, დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია მის წინააღმდეგ და ისაუბრა ქართველებზე, რომლებიც ხსენებულ ომში დაიღუპნენ.

“ისინი შეეწირნენ რუსეთის ქმედებებს, იმ ბოროტებას, სისხლისღვრას, რასაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის მიწაზე, სადაც ბავშვები, ქალები, მოხუცებულები იღუპებიან, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება… ამ ბიჭებმა ჭეშმარიტად თავი გასწირეს მოყვასისათვის, დაუცველი ხალხისათვის.

დღეს ჩვენს საზოგადოებაში ისმის კითხვები, საუბარია უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით… თუკი რუსეთის ეკლესია და მისი პატრიარქი უკრაინელ ხალხს მიიჩნევს თავის სამწყსოდ, როგორ შეიძლება, წინ არ აღუდგეს იმ ბოროტებას, მახვილსა და ცეცხლს, რაც რუსეთმა შეიტანა უკრაინაში?.. და მათ ეწოდებოდეთ მათი მწყემსი.

უკრაინის ხალხის თვალში ისინი აღარ არიან მათი მწყემსები. აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ადგილობრივმა ეკლესიებმა, მართებული იქნება, აღიარონ უკრაინის ავტოკეფალია”, — დასძინა მან.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

ხსენებული ქადაგებიდან რამდენიმე დღეში, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მწვავედ გაკიცხა ყველა, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი.

„ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – დასძინა მან, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპოსი “შეჩვენებულად” მოიხსენია და თქვა, რომ “ეკლესია ერთია”:

“…ვიღაც ეპიფანე, შეჩვენებული ცხრაგზის, ის ვაღიაროთო, ჭკუა გვაქვს თავში, კაცო? შენ რუსმა რაღაც დაგიშავა, ქრისტესგან რა გინდა? დაინგრევი, განადგურდები შვილო, გაგანადგურებს უფალი იმიტომ, რომ ვის ეხები, ქრისტეს ეკლესიას, ერთიან ეკლესიას, ერთ სხეულს?”.

სხალთელი მთავარეპისკოპოსის ამ ქადაგებას ეპისკოპოსი ჯამდელიანი სოციალური ქსელით გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ ხსენებული ქადაგებით სპირიდონმა მწვალებლობასა და მკრეხელობაში დასდო ბრალი და მიმართა ამ უკანასკნელს, ან ბრალდებები დაემტკიცებინა, ან საჯაროდ ეთხოვა შენდობა.

“სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩემს მიერ გამოთქმული აზრი არათუ მწვალებლობაა, არამედ არის მართლმადიდებლური სწავლებისა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი საზღვრების დაცვა”, — ამბობდა ის.

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

დისკუსიას გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, რომელმაც მანამდე მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვის პატრიარქი კირილი ომისადმი მისი მხარდაჭერის გამო:

“მე მივმართავ მას [რუსეთის პატრიარქს. ავტ.] – რა არის თქვენი ინტერესები? პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, ბავშვების დახოცვა, ამ უსუსური ადამიანების განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა”.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ჯამდელიანის პოსტი ფეისბუკზე გააზიარა და დაწერა:

„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მთავარეპისკოპოს სპირიდონის რეპლიკებს არ გაუკვირვებია. მისი შეფასებით, ეს უკანასკნელი არის “სულით ხორცამდე რუსოფილი” და “პოლიტიკური მართლმადიდებლობის მიმდევარი, რომლის შეხედულებებშიც არანაირი თეოლოგიური მდგენელი არ არსებობს”.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

თუმცა, გამრეკელაშვილისთვის ეს დისკუსია საინტერესოა რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით; მათ შორის იმით, რომ სპირიდონმა ამ ჯერზე თეოლოგიური მდგენელი შემოიტანა და განაცხადა, რომ ვინც მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, არის მწვალებელი და ამახინჯებს ეკლესიის სწავლებას”.

თეოლოგი ასევე ინტერესით უყურებს ეპისკოპოს ჯამდელიანის გამოხმაურებას სპირიდონის ამ ქადაგებაზე; იმ სასულიერო პირისა, რომელიც, გამრეკელაშვილის შეფასებით, არის პრორუსული ალტ-ინფოს “სერიოზული დასაყრდენი რეგიონში” და “აქამდე საერთოდ არ გამოირჩეოდა აქტიურობით” ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში.

ჯამდელიანის პოზიციამ თეოლოგი ლელა ჯეჯელავაც გააკვირვა. მისი თქმით, სასულიერო პირის ზემოხსენებული ქადაგება “სასიამოვნო სიურპრიზი” იყო.

“მეუფე დიმიტრის პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც მან პირდაპირ ახსენა არაადამიანური და არაქრისტიანული ქმედებები.

არც მეუფე დიმიტრი იყო ადრე მაინც და მაინც თავისი პროდასავლური ღირებულებებით ცნობილი…” – ეუბნება ჯეჯელავა “ნეტგაზეთს”.

მიანიშნებს თუ არა აღნიშნული მაგალითები განწყობების ცვლაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის? ლელა ჯეჯელავას ხედვით, არ არის გამორიცხული, რომ “ეს ადამიანები მართლა შეძრა ამ უსამართლობამ, შეძრა რუსეთის ეკლესიის უმსგავსო პოზიციამ, კირილის არაქრისტიანულმა დამოკიდებულებამ”.

ლელა ჯეჯელავა

მეორე მხრივ, თეოლოგი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების ამგვარი პოზიციონირება, შესაძლოა, საპატრიარქოს შიგნით გავლენებისთვის ბრძოლას უკავშირდებოდეს.

“ვფიქრობ, ეს გარკვეული შიდაპოლიტიკური ბრძოლის თემაა სინოდში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის, არა რეალურად უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, რადგან ეს არის კარგი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია, მკაფიოდ გაავლოს გამყოფი ხაზი…

ასე ვთქვათ, ვინც წინააღმდეგია უკრაინის ავტოკეფალიის ცნობისა, ყველა ის იერარქი დაჯგუფდება [მოსაყდრე] შიოს გარშემო, იმიტომ, რომ ის წარმოადგენს მთავარ პერსონას ამ მიმართულებით.

ხოლო ვისაც არ უნდა მეუფე შიოს დაჯგუფება, ისინი მოხვდებიან მეორე მხარე და ექნებათ უფრო ლოიალური დამოკიდებულება უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ. პრინციპში, რომ შეხედო პოლიტიკური თვალსაზრისით — და სიდონში უფრო მეტი პოლიტიკაა — აბსოლუტურად სწორი გათვლაა”, — აღნიშნავს თეოლოგი.

არც მირიან გამრეკელაშვილი გამორიცხავს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირის პრო-უკრაინული განცხადებები “ბუნებრივი გამოღვიძების პროცესის” ნაწილი იყოს. მეორე მხრივ, თეოლოგს უჭირს დაჯერება, რომ ყოველივე ეს საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად ხდება.

მირიან გამრეკელაშვილი 

“ბუნებრივი გამოღვიძების პროცესის უარყოფა შეუძლებელია.. უბრალოდ, ამის საჯაროდ გამოტანა არის სხვა საკითხი, რომელიც რაღაცნაირად, თუ შეთანხმებული არ არის, ყოველ შემთხვევაში შიდა მოლაპარაკებების რაღაც ნაწილი მაინც მგონია.

შესაძლებელია, მთელი ამ წლების განმავლობაში მათი საქციელის გამო გამომუშავებული უნდობლობა არ მაძლევს საშუალებას, რომ რეალობა დავინახო. ამას არ გამოვრიცხავ…

მაგრამ ბუნებრივი გამოღვიძების გამორიცხვაც არ შეიძლება. ადამიანები ვვითარდებით, დროისა და სივრცის მიხედვით ვიცვლით აზრს… მაგრამ უბრალოდ მე მათი რეაქციის გულწრფელობის ბოლომდე არ მჯერა… შეიძლება, ეს მათი ბრალიცაა”, — გვეუბნება თეოლოგი და ამატებს:

“საქართველოს ეკლესიაში ძალიან ბევრი ეპისკოპოსია და ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ყველა ერთ აზრზეა. უბრალოდ, ისინი ვერ ბედავენ. ჩვენ რომ გვქონდეს სიტუაცია, რომ მათ გაბედონ, ღიად დააფიქსირონ თავისი პოზიციები, უფრო ზუსტად გვეცოდინებოდა, რამდენია მომხრე და რამდენი — მოწინააღმდეგე.

ხელოვნურად კონსტრუირებული მგონია ლეგიტიმაცია, რომ გარკვეულ მღვდელმთავრებს ჰქონდეთ უფლება, საკუთარი აზრი გამოხატონ ღიად. ეს მგონია ნახევრად შეთანხმებულად მაინც საპატრიარქოსთან”.

მართლაც რთული სათქმელია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე რომ დადგეს, რამდენი სასულიერო პირი დაუჭერდა მხარს მის აღიარებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი

სინოდი  მაღალი იერარქიის 40-ზე მეტ სასულიერო პირს აერთიანებს. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საჯარო განცხადებები გასულ პერიოდში მხოლოდ მათმა ნაწილმა გაახმიანა.

პორტალმა wenews.ge-მ, რომელიც საეკლესიო საკითხებს აშუქებს, შეკრიბა სინოდის 12 წევრის განცხადებები, რომელთაც ამა თუ იმ ფორმით დადებითად შეაფასეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ან ღიად დაუჭირეს მხარი აღნიშნულს.

თუმცა, ერთია ავტოკეფალიის, როგორც იდეის მხარდაჭერა და მეორე — აწ უკვე დაფუძნებული დამოუკიდებელი ეკლესიის აღიარებისათვის მზაობა.

მაგალითად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკ ხაჩიძის განცხადებებიდან ჩანს, რომ სასულიერო პირი არამხოლოდ ცნობს უკრაინის უფლებას, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია, არამედ სურს, ის საქართველოს საპატრიარქომაც აღიაროს.

“იმედია, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიც მალე ვაღიარებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, — დასძინა მან 2019 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის ავტოკეფალია საბერძნეთის ეკლესიამ აღიარა. იმავე პერიოდში მან თქვა:

“როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები და რატომ უნდა გავითვალისწინოთ?! ისინი ჩვენსას არაფერს ითვალისწინებენ”.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი

უკრაინის ავტოკეფალიას, როგორც იდეას, მხარს უჭერს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც. მისი სიტყვებით, “…დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომლის მიწაზეც იქადაგა ქრისტეს მოციქულმა… აქვს უფლება, ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია”.

“კიევში იქადაგა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ამიტომ უკრაინას აქვს უფლება, გააჩნდეს ავტოკეფალური ეკლესია. შესაბამისად, ზოგადად, მე ვემხრობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

თუმცა, მიტროპოლიტი იქვე დასძენს, რომ არსებობს კონკრეტული ვითარება, თუ რა ფორმით მიენიჭა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია და მისთვის ეს “ბევრ კითხვას” იწვევს:

“სანამ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, ასეთი სახით ამ ავტოკეფალიის ცნობა ჩვენი ეკლესიის მიერ გამართლებულად არ მიმაჩნია”.

სასულიერო პირს ასევე ვკითხეთ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან.

“თუ გულისხმობთ ტომოსით გამოცხადებულ ეკლესიას, ჩვენ იგი არ გვიღიარებია და შესაბამისად, მასთან კავშირი არ დაგვიმყარებია”, — გვიპასუხა მან.

რას/რატომ უცდის საპატრიარქო

“საპატრიარქოს ამჟამინდელ პოზიციას გააჩნია ერთადერთი სახელი: ამას ჰქვია გაყურსვა. [ის] არის გაყურსული და ელოდება, რა მოხდება ირგვლივ”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის შეფასებისას.

გასულ წლებში საპატრიარქოს არათუ არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, არც მიულოცავს უკანასკნელისთვის დამოუკიდებელი ეკლესიის დაფუძნების ფაქტი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ვკითხეთ, როგორია საქართველოს ეკლესიის ამჟამინდელი პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე.

დეკანოზს კითხვისთვის არ უპასუხია. მან გვითხრა, რომ მომდევნო დღეს ტელეკომპანია “ერთსულოვნებაზე”(საპატრიარქოს ტელევიზია) ამ საკითხზე გადაცემა გავიდოდა და შეგვეძლო, გვეყურებინა.

გადაცემაში, რომელიც დეკანოზ ჯაღმაიძეს თავად მიჰყავს, მიწვეული იყო ორი სასულიერო პირი — დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი და დეკანოზი იოანე გორელიშვილი — თეოლოგ ლევან აბაშიძესთან ერთად.

“დღეს აი ასეთი უცნაური ვითარება არის. დამოუკიდებელი ქვეყანა არის უკრაინა, მასში მოქმედებს ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც ცნობს 4 ადგილობრივი ეკლესია და იმავდროულად [მოქმედებს] კანონიკური ეკლესია, რომელიც ექვემდებარება რუსეთის საპატრიარქოს. საკმაოდ რთული ვითარებაა საეკლესიო ცხოვრების კუთხით”, — აღნიშნა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

გადაცემა, რომელშიც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს, საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში 14 აპრილს გავიდა

დეკანოზმა სუარიშვილმა დასძინა, რომ “ზოგჯერ ხდება ცნებათა აღრევა”, თითქოს საქართველოს ეკლესია ეწინააღმდეგება უკრაინის ავტოკეფალიას. მისი თქმით, ეს არასწორი შეფასებაა და დღესდღეობით, უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აკმაყოფილებს “პოლიტიკურ წინაპირობას, რომ იქ არსებულ საეკლესიო გაერთიანებას ჰქონდეს ავტოკეფალია…”

“[გარდა ამისა], უკრაინის ეკლესია, რა თქმა უნდა, იმდენად მრავალრიცხოვანია თავისი სამღვდელოებითა და მრევლით, ამ წინაპირობასაც აკმაყოფილებს.

რეალურად, ეს ორი წინაპირობა არ არის სადავო და პირდაპირ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ სწრაფვასა და სურვილს მხარი დავუჭიროთ და ამაში სრული ლოგიკა დავინახოთ. არის მეორე: რომელ საეკლესიო გაერთიანებას უნდა მინიჭებოდა ავტოკეფალია? რეალური პრობლემა აქედან დაიწყო”, — დასძინა მან.

მან დაასახელა ორი დეტალი, რათა, მისივე სიტყვებით, “გამართლებული იყოს საქართველოს ეკლესიის პოზიცია”, რომელიც თავშეკავებას გულისხმობს. დეკანოზ სუარიაშვილის ხედვით, ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი ლეგიტიმური ეკლესია, რაც საეკლესიო კანონიკით არის შეუთავსებელი.

მისი თქმით, გამოცხადდა ავტოკეფალური ეკლესია იმ ფონზე, როცა “იქ უკვე არსებობდა, თუნდაც ავტონომიის სახით, ლეგიტიმური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელთანაც ყველა ადგილობრივ ეკლესიას ჰქონდა ევქარისტული კავშირი”. ის გულისხმობს მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ ერთეულს, რომელსაც მიტროპოლიტი ონოფრე ხელმძღვანელობს და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პარალელურად დღესაც არსებობს.

დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი

“უცებ იქმნება ავტოკეფალური ეკლესია სულ სხვა საეკლესიო გაერთიანებისგან, რომელსაც კავშირი არ აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან არსებულ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, აღიარებულ ეკლესიასთან და ჩვენ გვიჩნდება კითხვა, რომ დღეს ჩვენ რა სტატუსს ვუტოვებთ ონოფრეს ქვეშ არსებულ ეკლესიას?

ამაზე ოფიციალური პოზიცია არ ყოფილა დაფიქსირებული არც სხვა ადგილობრივი ეკლესიებისგან, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას, არც მსოფლიოს საპატრიარქოსგან”, — აღნიშნავს დეკანოზი სუარიშვილი.

გადაცემაში ასევე ითქვა, რომ მსოფლიოში არსებული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების(მათი რიცხვი 15-ს შეადგენს) უმრავლესობას უკრაინის ავტოკეფალია კვლავ არ აქვს აღიარებული და საქართველო გამონაკლისი არ არის.

გადაცემაში სტუმრად მყოფმა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ “ორხელისუფლებიანობად” შეაფასა უკრაინის ეკლესიაში არსებული ვითარება.

მანვე თქვა, რომ მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიას “საკმაოდ დიდი ავტონომია აქვს” და “აქ ვინ ვის მართავს, ესეც საკითხავია. ძალიან ხშირად სწორედ უკრაინელები იყვნენ… სინოდში არიან წარმოდგენილები და ა.შ.”.

მისივე განცხადებით, როგორც კი რომელიმე ეკლესია ცნობს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას, “ის მაშინვე შედის კონფლიქტში და წყდება ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ონოფრე

მისი სიტყვებით, ეს ეკლესია “მარტო რუსეთი არ არის” და აერთიანებს “მილიონობით უკრაინელს”, ბელარუსელსა თუ ყაზახს, ასევე, ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ, მათ შორის, ზიარების კუთხით.

თუმცა, მოგვიანებით გადაცემაში ისიც თქვეს, რომ რუსეთმა შეინარჩუნა კავშირი უკრაინის ავტოკეფალიის ამღიარებელი ეკლესიების(ელადის, ალექსანდრიის, კვიპროსის) იმ ეპისკოპოსებთან, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას.

“მრევლსაც აძლევენ უფლებას, რომ მათთან წირვებზე დადგნენ, ეზიარონ და ა.შ. იგივე ალექსანდრიაში და კვიპროსის ეკლესიაშიც”, — აღნიშნა დეკანოზმა სუარიშვილმა.

საპატრიარქოში თავიანთი ამჟამინდელი პოზიციის გამართლებას სხვა გარემოებებითაც ცდილობენ. მაგალითად, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ გაურკვეველია ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურისა და ეპისკოპოსების კანონიკური წარმომავლობა.

“ჩვენი ინფორმაციით ყველა მათგანის სამღვდელმთავრო ხელდასხმა საეჭვოა”, — აღნიშნავს ის.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ამასთან, მიტროპოლიტი ნიკოლოზი ახსენებს უკრაინის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის გამიჯვნას 2018 წელს დაფუძნებული ავტოკეფალური ეკლესიისგან. ფილარეტსა და უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს, ეპიფანეს შორის უთანხმოებამ თავის ჯერ კიდევ 2019 წელს იჩინა, ეკლესიის მმართველობის ფორმების, მისი სტატუსისა და სხვა საკითხების გამო.

“ასეთ ვითარებაში გაუგებარია, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი”, — გვეუბნება მიტროპოლიტი ნიკოლოზი. მანვე თქვა:

“ჯერჯერობით უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღიარებისათვის არასაკმარისი არგუმენტები გაგვაჩნია”.

“უბრალოდ არ უნდათ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება”

თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი არ ფიქრობს, რომ ზემოთ მოცემული გარემოებები საპატრიარქოს პოზიციის რეალური განმაპირობებელია. მას მიაჩნია, რომ “საქართველოს ეკლესიას უბრალოდ არ უნდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. ამის იქით, დანარჩენი არის მიზეზები”.

“რა არგუმენტიც არ უნდა მოვუყვანოთ, ოფიციალური პოზიცია არის ის, რომ არ უნდა ვაღიაროთ. ეს განპირობებულია ერთი მხრივ იდეოლოგიურად, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ძალიან ახლო კავშირებია საქართველოს ეკლესიასა და რუსეთის ეკლესიას შორის”, — დასძენს ის.

ლურსმანაშვილი არ იზიარებს საპატრიარქოს ამჟამინდელი პოზიციის მომხრე სასულიერო პირთა არგუმენტებს. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპოსთა კანონიკურ წარმომავლობაზე საუბრისას თეოლოგი დასძენს, რომ “თითქმის ყველა ეპისკოპოსის ხელდასმას რომ გაჰყვე, საბოლოოდ მაინც მიდიხარ ისეთ ადამიანთან, რომელიც, დროის გარკვეულ პერიოდში იყო კანონიკური ეკლესიის ეპისკოპოსი”.

“შესაბამისად, მათ მიერ აღსრულებული ხელდასხმის არაკანონიკურად მიჩნევა გაუმართლებელია. ეკლესიის ისტორიისთვის ამგვარი ფაქტები უცხო არაა და საუკუნეთა მანძილზე მსგავსი შემთხვევების პოვნა საკმაოდ მარტივია”, — აღნიშნავს ის.

გურამ ლურსმანაშვილი 

გურამ ლურსმანაშვილი ასევე აფასებს საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ლეგიტიმური ეკლესია, ეს კი კანონიკასთან წინააღმდეგობაში მოდის:

“ოფიციალურად, საეკლესიო კანონმდებლობით, ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს 2 ავტოკეფალური ეკლესია… მაგრამ აქაც სიტყვაში გვატყუებენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. რომელ ორ ეკლესიაზეა საუბარი?

ონოფრეს ეკლესიას არ ჰქონია არანაირი ავტოკეფალია. ონოფრეს ეკლესია არის უკრაინაში არსებული ავტონომიური ეკლესია, რომელიც ექვემდებარება რუსულ ეკლესიას.

…აქედან გამომდინარე, ერთ ქვეყანაში ორი ეკლესია არ გამოდის არანაირად. ორი ეკლესია გამოდის მაშინ, როცა არსებობს ორი ავტოკეფალური ეკლესია. ამ შემთხვევაში, ერთი ეკლესია არის უკრაინის ეკლესია, ხოლო მეორე ეკლესია არის რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლობა უკრაინაში”.

თეოლოგი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალურად არ განუსაზღვრავს ონოფრეს ეკლესიის სტატუსი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების შემდეგ. გურამ ლურსმანაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნულის საჭიროება არც დგას.

“…რატომ უნდა განესაზღვრა? ონოფრეს ეკლესიის სტატუსი არის წმინდად შიდა უკრაინული საკითხი. მსოფლიო საპატრიარქოს არანაირი პირდაპირი დაინტერესება და მიდგომა არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს, თუ რა სტატუსი ექნება ონოფრეს ეკლესიას უკრაინაში”.

უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი. ფოტო: UNIAN 

გურამ ლურსმანაშვილი არც უკრაინის საპატიო პატრიარქის, ფილარეტის ფაქტორს მიიჩნევს შემაფერხებლად საქართველოს ეკლესიისთვის. მისი თქმით, უკრაინის ავტოკეფალიისთვის ბრძოლის საქმეში ფილარეტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ავტოკეფალიის ტომოსი გადაეცა არა მას, არამედ ეპიფანეს, რომელიც “უკრაინის საერთო მართლმადიდებლურ კრებაზე გამოარჩიეს”.

“აქედან გამომდინარე, ამის იქით რომელიმე სხვა ადამიანი, ფილარეტი იქნება, მაკარი თუ ნებისმიერი სხვა ეპისკოპოსი, დარჩება ამ ეკლესიაში თუ წავა, ეს საერთოდ არ ცვლის მოცემულობას.

სქიზმა[განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში] ნიშნავს რას: ცალკეული ეპისკოპოსების გასვლა სქიზმას არ ქმნის. სქიზმას ქმნის ეპისკოპოსების ერთობლიობა. ამ მომენტში ფილარეტს არც ჰყავს იმ რაოდენობის მომხრე ეპისკოპოსები, რომ მათ სქიზმა შექმნან.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი შექმნიან სქიზმას, ეს არანაირად არ აკნინებს, არ ასუსტებს [უკრაინის ეკლესიას] და არაფერს ცვლის მასთან დამოკიდებულებაში”, — აღნიშნავს გურამ ლურსმანაშვილი.

მისივე თქმით, რუსეთის ეკლესიამ ევქარისტული კავშირი სრულად მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოსთან გაწყვიტა. იმ ეკლესიების შემთხვევაში კი, რომელთაც შემდგომ აღიარეს უკრაინის ავტოკეფალია,  კავშირი მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერ ეპისკოპოსებთან გაწყდა და არა მთლიანად ეკლესიებთან.

ხედი დაზიანებული ეკლესიის შიგნით, იასნოგოროდკაში,2022 წლის 28 მარტი. ფოტო: EPA

“საქართველოს ყველა მართლმადიდებელი მოქალაქე არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის წევრი, იმისდა მიუხედავად, თუ სად ცხოვრობს ის. თუკი ფაქტია, რომ რუსეთში ცხოვრობენ ქართველები და იმათ რა ეშველებათ [საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში], ეს შეიძლება კიდევ თეორიის დონეზე დასაშვებად მივიღოთ, სად წავა ეს ხალხი ან რას იზამს.

მაგრამ მეორე შემთხვევაც არის: რუსეთში ჩვენ გვაქვს რამდენიმე ქართული სამრევლო, ისევე როგორც თბილისში არსებობს რამდენიმე რუსული სამრევლო. თუ ისინი გვეტყვიან, რომ აღარ უნდა იფუნქციონიროს რუსეთში თქვენმა სამრევლოებმა, ისევე შეწყდება აქ [რუსული სამრევლოების ფუნქციონირება].

[მაგრამ] ეს არის ძალიან თეორიული მიდგომები. პრაქტიკასთან ამას არანაირი შეხება არ აქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს ეკლესიას უბრალოდ არ უნდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება”.

რას (არ) უნდა ველოდოთ

მირიან გამრეკელაშვილის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ “სამყარო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო” და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, “უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი მოისურვებს, რომ არანაირი საერთო აღარ ჰქონდეთ რუსებთან”, რაც ავტოკეფალიის საკითხის ახალ ფაზაში გადასვლასაც გამოიწვევს.

ამ ფონზე, თეოლოგი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკლესიას მოუწევს, მკაფიოდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია და თქვას, უჭერს მხარს უკრაინის ავტოკეფალიას თუ ეწინააღმდეგება, მეორე მხრივ კი, შეამციროს ტენდენცია, რომელსაც გამრეკელაშვილი “დაუფარავ რუსოფილიას” უწოდებს.

თეოლოგი არ ელის, რომ საქართველოს ეკლესია ახლო მომავალში აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას.

“ქართველი მღვდელმთავრები ალბათ ფიქრობენ, რომ კარგი, გასაგებია, ეს ყველაფერი ჩაივლის, მაგრამ რუსეთს თავისი სამყოფი გავლენის სფერო მაინც ექნება და არ გავაბრაზოთ.

როგორც პატრიარქის [ილია მეორის], ასევე [მოსაყდრე] შიოს პირობებში, გამოვრიცხავ, რომ რაიმე პოზიტიური მოხდეს უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში. შიოც, ზუსტად ისე, როგორც პატრიარქი, რუსებს არასდროს არაფერს აწყენიბებს”, — დასძენს გამრეკელაშვილი.

მისი თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი, რომელიც მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს, კარგა ხანია, აღარ არის დემოკრატიული, წარმომაგენლობითი ორგანო და საპატრიარქოს პოზიცია დაყვანილია პიროვნებების — ილია მეორისა და მისი მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს დონეზე.

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: სენაკის მერია

“ორივე [მათგანი] არის ჩამოყალიბებული და ფორმირებული რუსეთში. მათი კულტურული სამშობლო არის რუსეთში. მათ იქ მიიღეს განათლება, იქ დამწიფდნენ, შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში.

ამას გარდა, საქართველოს სასულიერო პირების დიდი უმრავლესობა, რამდენი გითხრათ, ვთქვათ, 80-90% არის გულწრფელი რუსეთუმე. ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში არ ვითარდებოდნენ თეოლოგიურად და რამეს კი არ კითხულობდნენ ქრისტიანობაზე, ძირითადი ლიტერატურა, რაც ითარგმნებოდა საქართველოში და რასაც ისინი ეცნობოდნენ, არის სლავური ფოლკლორი, რომ რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი უნდა გაერთიანდეს, რომ ანტიქრისტესგან დაიცვან სამყარო.

…შესაბამისად, მათ ინტერესებსა და მათ დამოკიდებულებას გამოხატავს საპატრიარქო”, — აღნიშნავს გამრეკელაშვილი.

ამ კუთხით უფრო ოპტიმისტური მოლოდინი აქვს თეოლოგ ლელა ჯეჯელავას. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოს შემდგომი ნაბიჯები ორ რამეზე იქნება დამოკიდებული: ვის მხარეს გადაიხრება გამარჯვების სასწორი ომში და რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება.

ჯეჯელავას ხედვით, საპატრიარქო “ბოლომდე დაელოდება მოვლენათა განვითარებას” და მკაფიო პოზიციას ავტოკეფალიის ტომოსზე ჯერ არ დააფიქსირებს, თუმცა, მისივე თქმით, თუ მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული ეკლესიის მღვდელთა ნაწილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მსოფლიოს მართლმადიდებლურ კრებაზე პატრიარქ კირილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, “საპატრიარქოს ბევრი არჩევანის საშუალება არ დარჩება”.

ის არ ფიქრობს, რომ ილია მეორის პირობებში საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება გამორიცხულია.

ილია მეორე და მოსაყდრე შიო

“მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ძალიან მხცოვანია და მე არ ვიცი, რეალურად როგორია მისი მდგომარეობა ამ წუთში… ის გაცილებით უფრო მოქნილი იყო, გაცილებით უფრო შორსმჭვრეტელი და გაცილებით უფრო დიპლომატიურიც იყო და ასე ვთქვათ, უნარიც მეტი ჰქონდა ექსტრემალურ სიტუაციებში მეტ-ნაკლებად სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა. ეს ყველაფერი შიოს არ აქვს.

მე არ ვიცი, პატრიარქი რამდენად ახდენს გადაწყვეტილებებზე გავლენას. შიოს პირობებში მე არ ველი [უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას], მაგრამ მე არც იმას ველი, რომ პატრიარქის არყოფნის შემდეგ აუცილებლად შიო იქნება საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. თითქმის გამოვრიცხავ ამას.

ამიტომ, ეს თემა პატრიარქის ყოფნა-არყოფნაზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ჩემი აზრით. ეს უფრო გარემოებებზეა დამოკიდებული, გარე პროცესებზე, ვიდრე თვითონ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე…” — დასძენს ჯეჯელავა.

ის ფიქრობს, რომ “თუ საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის თავისუფლებას და სახელმწიფო სუვერენიტეტს, მაშინ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი და ცნოს უკრაინის ავტოკეფალია”.

ლელა ჯეჯელავა ახსენებს აღნიშნულის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი არგუმენტსაც, რაც საქართველოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საფრთხეს გულისხმობს. თუმცა, თეოლოგს არგუმენტი მართლზომიერად არ მიაჩნია.

მიტროპოლიტი ეპიფანე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ფოტო: Interfax.com.ua

“საეკლესიო კანონიკით მკვეთრადაა განსაზღვრული, რომ ავტოკეფალიის, ანუ ტომოსის მინიჭების უფლება აქვს მხოლოდ მსოფლიოს პატრიარქს და არამც და არამც რუსეთის პატრიარქს.

ამიტომ, მის მიერ მინიჭებულ ავტოკეფალიას არავინ აღიარებს 1-2 ეკლესიის გარდა, რომელიც არის რუსეთის ეკლესიის სატელიტი”, — აღნიშნავს ის.

აფხაზეთის ეკლესიის ფაქტორს მირიან გამრეკელაშვილიც ახსენებს. მისი თქმით, საქართველო აფხაზეთის ეკლესიას, პრაქტიკულად, ვერც ახლა აკონტროლებს, თუმცა ფორმალურად ის არ არის აღიარებული.

“ისინი[უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოწინააღმდეგებნი] ამბობენ, რომ რუსეთის ეკლესიას ეს კოზირი გააჩნია და ჩვენ თუ ვაღიარებთ [უკრაინას], ისინი ადგებიან და იმას[აფხაზეთს] აღიარებენ.

შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ სამყარო შეიცვლება, შეიძლება ამ ტერიტორიის უკან შემობრუნება და ამ არაღიარებული, არაკანონიკური ეკლესიის დეკონსტრუქცია, მაგრამ რისკი მაინც არსებობს”, — დასძენს თეოლოგი და ამატებს:

“მე მაგალითად… მკვეთრი დამოკიდებულება არ მაქვს, რომ ვეცეთ და ვაღიაროთ უკრაინის ავტოკეფალია ეგრევე. უკრაინის ავტოკეფალია არის ისეთი პროცესი, რომლის სასარგებლოდაც მუშაობს დრო. ჩვენ დღეს ვაღიარებთ თუ ხვალ, ამის გაკეთება მოგვიწევს.

მე ვარ მომხრე, რომ ამ ადამიანებთან, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან დამყარდეს მინიმუმ დიპლომატიური კონტაქტი, კავშირი და ჩვენი მოქმედება იყოს შეთანხმებული. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ კი ბატონო, ჩვენ გაღიარებთ, როცა ამის საშუალება გვექნება, დარწმუნებული ვარ, ეს მათთვის მისაღები იქნება”.

გურამ ლურსმანაშვილიც ფიქრობს, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიას ჯერ არ აღიარებს, დადებითი დამოკიდებულება მაინც უნდა დააფიქსიროს მის მიმართ.

თეოლოგისთვის არაფერს ცვლის ფაქტი, რომ ადგილობრივი ეკლესიების დიდ ნაწილს უკრაინის ავტოკეფალია ჯერ არ უღიარებია. მისი სიტყვებით, უკრაინა-საქართველოს შემთხვევაში კონტექსტი განსხვავებულია, “ძალიან ბევრი საერთო და ცოტა განსხვავება გვაქვს”:

“ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ პროცესების დაწყებიდანვე იყო, რომ მე მინდა, ჩვენმა ეკლესიას დაუჭიროს მხარი [უკრაინის ეკლესიას]… თუმცა, მე რომ მჯეროდეს, რომ საქართველოში ეს მოხდება, უნდა ვიყო მეოცნებე. ამის მოცემულობა და არც მზაობა არ არსებობს საქართველოს ეკლესიაში.

ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო, რაც კი შეიძლება მოხდეს… იქნება ის, საქართველოს ეკლესია უბრალოდ თუ მიულოცავს უკრაინელებს… უკრაინის ეკლესიას თუ შეაფასებს დადებითად და ამის შემდეგ იტყვის, რომ გარკვეული დრო სჭირდება და ავტოკეფალიის აღიარება კიდევ სხვა პროცესებს უკავშირდება.

მე ესეც მეეჭვება, რომ მოხდეს, თუმცა უფრო მეტად რეალურია ვიდრე ის, რომ გამოვიდეს ხვალ საქართველოს საპატრიარქო და აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია. ეს ჩემთვის ოცნების სფეროა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი