ახალი ამბები

მთავრობა ფულს საპატრიარქოს სასწავლებლებს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს – ბოკერია

20 მარტი, 2024 • 602
მთავრობა ფულს საპატრიარქოს სასწავლებლებს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საპატრიარქოს სასწავლებლების დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთავრობა ფულს საპატრიარქოს ან ნებისმიერ სხვა ჯგუფს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს ვაუჩერის სახით და შემდეგ მშობლები უნდა წყვეტდნენ, თუ რომელ სკოლაში უნდა სწავლა.

„სახელმწიფოს ფუნქცია უნდა იყოს მხოლოდ იმ მინიმალური ზღვრის დაცვა, რომ ბავშვები ფუნდამენტურ განათლებას იღებდნენ და ამის შემდეგ უკვე მხოლოდ მშობლების გადასაწყვეტი უნდა იყოს, რომელ სკოლასთან ან თუნდაც რელიგიურ ორგანიზაციასთან დააკავშირებენ მათი შვილების განათლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რესურსები, რომელიც გადასახადის გადამხდელების შრომით იქმნება და ბიუჯეტშია, მოქალაქეებს დარჩეთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით სწორედ საპატრიარქოს მიმართ არსებობს ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი, რაც გამოჩნდა ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაფინანსება გაუზარდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 15 მარტის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი მიმართოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე.

კობახიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის და ჯერ კიდევ შარშან ჩაიდო ბიუჯეტში.

„არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით“, — განაცხადა კობახიძემ.

ამ თემაზე:

მთავრობამ საპატრიარქოს სასწავლებლებს დამატებით 35 მლნ ლარი გამოუყო

უმნიშვნელოვანესია, მხარი დავუჭიროთ ეკლესიას – ხაბეიშვილი საპატრიარქოსთვის დამატებით 35 მლნ-ს გამოყოფაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი