ახალი ამბებიეკონომიკა

რომან კაკულია არ უარყოფს, რომ ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე ჰკითხა

14 ივლისი, 2018 • 8604
რომან კაკულია არ უარყოფს, რომ ივანიშვილმა  კვირიკაშვილს ხაზარაძეზე ჰკითხა

პარლამენტის წევრი რომან კაკულია არ უარყოფს, რომ  “ქართული ოცნების” ცნობილ შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გადადგა, ივანიშვილმა კვირიკაშვილს ანაკლიის პორტის კონსორციუმის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე დაუსვა კითხვები.

რომან კაკულიას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ამ თემაზე კითხვები 13 ივლისს ტელეკომპანია “პირველის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ დაუსვა.

“მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი უხსენა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს? ბატონო რომან, სხვანაირად გიცნობთ, ასე ხელაღებით ნუ შეეცდებით ამის უარყოფას”, – ასე მიმართა გრიგოლიამ დეპუტატს, რაზედაც კაკულიამ განაცხადა:

“არა, არა, მე უბრალოდ უარყოფას არ ვაკეთებ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დეპუტატს აქვს უფლება თქვას, რომ მე ამაზე არ ვისაუბრებ. და მერე ამომრჩეველმა შეაფასოს ისე. მე უბრალოდ არ მსურს ამაზე საუბარი. გამოგონილი ფრაზებით არ დავიწყებ ნამდვილად საუბარს. არც კვირიკაშვილს გაუკეთებია ამაზე განცხადება და არც ივანიშვილს და მათი საუბრის შინაარსი მე რატომ გამოვიტანო გარეთ?  მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით, ამიტომ გეუბნებით იმას, რომ ეს არის თემა, რომელზედაც მე არ მსურს კომენტარის გაკეთება და არ ვიწყებ ზღაპრების მოყოლას ამასთან დაკავშირებით”.

რატომ არის დეპუტატის განცხადება მნიშვნელოვანი და საინტერესო


გასულ თვეში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას წინ უსწრებდა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დეპუტატების და პარტიის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. შეხვედრიდან გამოსული “ოცნების” დეპუტატები ამბობდნენ, რომ “იუნისეფის” კვლევის განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი გადადგა და ცხადი გახდა, რომ  არა “იუნისეფის” კვლევაზე, არამედ საკადრო ცვლილებებზე საუბრობდნენ. მაშინვე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ივანიშვილი მკაცრად ესაუბრა კვირიკაშვილს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით და რომ ივანიშვილ- კვირიკაშვილის დაპირისპირების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის მშენებლობა გახდა.

კაკულიამ არ უარყო, თუმცა “ქართული ოცნების” წევრები დღემდე არ ადასტურებენ, ხოლო დაპირისპირების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის მსენებლობაა. სამაგიეროდ, 13 ივნისს, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა  გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის ქვეყნის “აბსოლუტურად განსახილველი” პრიორიტეტი.

“ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას,” – განაცხადა ქობულიამ.

იმის მიუხედავად, რომ 13 ივნისს საკომიტეტო მოსმენაზე ანაკლიის თემაზე კითხვები ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს დაუსვეს, ამ თემაზე თავისი ინიციატივით, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა კითხვები გააჩინა ამ პროექტის მომავალთან დაკავშირებით:

“ეს სსიპი გადმოგვეცა ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან და, შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ამ ხელშეკრულების მხარდაჭერას. გვაქვს ურთიერთობა ანაკლიის კორსორციუმთან, გვაქვს ხელშეკრულება, გვაქვს ვალდებულებები, კონსორციუმის მხრიდან არის გარკვეული თხოვენები ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვიხილავთ და, ბუნებრივია, ჩვენ ვეცდებით გავითალისწინოთ მათი პოზიციებიც. მაგრამ ჩვენთვის უპირველესად ხალხის ინტერესი დგას. ჯერ სახელმწიო ინტერესი უნდა იყოს დაცული და შემდეგ კორსორციუმის, თუნდაც ამ პროექტთან დაკავშირებით,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

12 ივნისს ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თიბისი ბანკისა და ანაკლიის კონსცორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ, რაც თიბისი ბანკში კატეგორიულად უარყვეს, თუმცა პროკურატურა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

“ანაკლიის პორტის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ”, – განუცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალების შემსრულებელმა ელიზაბეთ რუთმა “ნეტგაზეთს”:

“ვფიქრობ, პორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები, რომლებიც პორტის განვითარებაში არიან ჩართულნი”, – განაცხადა მან.

მოკლედ ანაკლიის პორტის შესახებ


  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე და  ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International” -ს.
  • პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.  
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი