ახალი ამბები

აპირებს თუ არა მთავრობა ანაკლიის პროექტის გადახედვას? – მაია ცქიტიშვილის განმარტება

13 ივლისი, 2018 • 1904
აპირებს თუ არა მთავრობა ანაკლიის პროექტის გადახედვას? – მაია ცქიტიშვილის განმარტება

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფო სრულად ასრულებს თავის ვალდებულებებს და “გრაფიკშიც ჯდება”. ამის შესახებ, მან რომან გოცირიძის კითხვას უპასუხა, თუმცა თავად გოცირიძემ კითხვით მიმართა არა ცქიტიშვილს, არამედ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას.

საქმე ეხება ქობულიას დღევანდელ განცხადებას, რომელიც მან კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დროს გააკეთა და რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია, თუმცა განსახილველი საკითხია. გოცირიძის თქმით, აღნიშნულ განცხადებაში ანაკლიის პროექტის მიმართ ღია სკეპტიკური ნოტები იკითხებოდა.

“თქვენი ერთმნიშვნელოვანი აზრი გვინდა მოვისმინოთ, ანაკლიის პროექტს როგორი პერსპექტივა აქვს? რატომ არ ვითარდება პროექტი და ახალი მთავრობა ხომ არ ახდენს ამ პროექტის რევიზიას რაიმე კუთხით?” – იკითხა გოცირიძემ.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ცქიტიშვილმა განმარტა, რომ პასუხს ის გასცემდა, ვინაიდან სსიპი, რომელიც ანაკლიის კონსორციუმთან ურთიერთობს, ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა.

“ეს სსიპი გადმოგვეცა ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან და, შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ამ ხელშეკრულების მხარდაჭერას. გვაქვს ურთიერთობა ანაკლიის კორსორციუმთან, გვაქვს ხელშეკრულება, გვაქვს ვალდებულებები, კონსორციუმის მხრიდან არის გარკვეული თხოვენები ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვიხილავთ და, ბუნებრივია, ჩვენ ვეცდებით გავითალისწინოთ მათი პოზიციებიც. მაგრამ ჩვენთვის უპირველესად ხალხის ინტერესი დგას. ჯერ სახელმწიო ინტერესი უნდა იყოს დაცული და შემდეგ კორსორციუმის, თუნდაც ამ პროექტთან დაკავშირებით,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება რკინიგზის გაყვანას, ცქიტიშვილის თქმით, ტენდერი მზად არის, თუმცა ის ერთხელ უკვე ჩავარდა და ხელმეორედ გამოცხადდა, საპროექტო სამუშაოებს კი საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

დღეს, 13 ივლისს, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დროს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის ქვეყნის “აბსოლუტურად განსახილველი” პრიორიტეტი. სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნლისტებთან განმარტა, რომ გულისხმობდა არა საკუთხრივ ანაკლიის პროექტს, არამედ საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი