ახალი ამბებიეკონომიკა

ქობულიასთვის ანაკლიის პორტი პრიორიტეტული, თუმცა განსახილველი საკითხია

13 ივლისი, 2018 • 2837
ქობულიასთვის ანაკლიის პორტი პრიორიტეტული, თუმცა განსახილველი საკითხია

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი არის ქვეყნის “აბსოლუტურად განსახილველი” პრიორიტეტი. აღნიშნული განცხადება მან დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემისას, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დროს გააკეთა.

დეპუტატის კითხვაზე, რჩება თუ არა ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვნად, როგორც ეს კვირიკაშვილის დროს იყო, ქობულია პასუხობს:

“ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას,” – განმარტა ქობულიამ.

გარდა ამისა, ქობულიამ დასძინა, რომ  როგორც კვირიკაშვილისთვის, ასევე მისთვის, ანაკლია პრიორიტეტული, თუმცა განსახილველი საკითხია.

“საქმე ისაა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა “ავწიოთ” ის კვლევეები, განვაახლოთ და შევხედოთ ახალი თვალით. როგორ გადავაქციოთ საქართველო  ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ ეს კორიდორი მაქსიმალურად. ჯერჯერობით ეს პასუხი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ გვექნება,” – განაცხადა მან.

ამავე თემაზე გირჩევთ

ელიზაბეთ რუდი: ანაკლიის პორტის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი