ახალი ამბები

თიბისი ბანკი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას უარყოფს

13 ივლისი, 2018 • 4720
თიბისი ბანკი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას უარყოფს

ნიუპოსტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ, თიბისი ბანკში კატეგორიულად უარყოფენ.

“ერთადერთი, ძალიან მოკლე პასუხი გვაქვს – მსგავსი არაფერი ხდება. აბსოლუტურად არავინ დაუბარებიათ პროკურატურაში, რადგან მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ან თიბისი ბანკის საქმიანობის შესწავლის არანაირი საფუძველი არსებობს,” – ამბობს თამუნა კირვალიძე, თიბისი ბანკის მედიაკომუნიკაციების მენეჯერი.

როგორც ნიუსპოსტი წერს, საგამოძიებო ორგანოდან წყაროს მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ.

“ყოფილ პრემიერთან დახლოებული პირი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა და თქცვა, რომ “ხაზარაძე ხადარკოვსკის ბედს გაიზიარებს.” წყარო გვიყვება, რომ მთავარ პროკურატურას მიღებული აქვს დავალება, თიბისი ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა შეისწავლოს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია ხაზარაძისა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის პერსონების მიმართ. არსებული ინფრომაციით, საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს კონკრეტული პირები, ვისაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკიდან მსხვილი კრედიტები აქვთ აღებული, მათ შორის, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც, წყაროს ცნობით, ზეწოლის მიუხედავად, არ მისცა ხაზარაძის წინააღმდეგ ჩვენება,” – წერს ნიუპოსტი.

საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მიზნად ისახავს თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტრაქტის ხელში ჩაგდებას: “ისიც ცნობილია, რომ კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტის მშნებლობის კონტრაქტი გახდა.”

ნეტგაზეთი მეორე დღეა ელოდება ოფიციალურ პასუხს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ნიუპოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის ან დადასტურების შესახებ. საგამოძიებო ორგანოს პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი – ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება. 25.12.2017. ფოტო: ანაკლიის პორტი

მასალების გადაბეჭდვის წესი