ახალი ამბებიეკონომიკა

ამერიკულ კომპანიას ანაკლიის პორტის ტერმინალებზე უფლება 20 წლით გადაეცა

1 აგვისტო, 2017 • 8667
ამერიკულ კომპანიას ანაკლიის პორტის ტერმინალებზე უფლება 20 წლით გადაეცა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და კონსორციუმის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე შეიმუშავეს პორტის განვითარების გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი. ასევე დაწყებულია მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე. პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად დაიყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.

“ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის” ინფორმაციით, ამერიკული კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია, 5 კონტინენტზე 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27 მლნ კონტეინერს ემსახურება. SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტმა, რობერტ უოტერსმა განაცხადა, რომ გარდა კომერციული თვალსაზრისისა, სახელმწიფოსაგან მიიღეს დიდი მხარდაჭერა და გარანტიები, რამაც მათი გადაწყვეტილება განაპირობა.

“ჩვენი ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გვეძლევა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. ამ ხელშეკრულებისათვის ხელის მოწერა აღსანიშნავია იმ პერსპექტივის გამო, რაც მას საქართველოში სატრანსპორტო დერეფნის განსავითარებლად მოაქვს,” – აცხადებს უოტერსი.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პორტის განვითარება სახელმწიფოსთან შეთანხმებული განრიგით სრულდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო კვლევები ანაკლიის ტერიტორიაზე, რომლის 80% უკვე დასრულებულია.

“პორტთან ერთად უკვე იწყება ანაკლია სითის, ქალაქის მშენებლობა, რომელიც იქნება თავისუფალი სავაჭრო ზონა და სწორედ ახლა ვართ იმ პროცესში, როდესაც ამ ზონისათვის შემოვიყვანთ მსხვილ ოპერატორს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიებთან,” – აცხადებს ხაზარაძე.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი