6%–ს სჯერა, რომ აფგან მუხთარლიმ საზღვარი თავისი ნებით გადაკვეთა – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 6%–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ თავისი ნებით გადაკვეთა საზღვარი, ხოლო 38%–ს მიაჩნია, რომ იგი მოიტაცეს.

  • 18%–ს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს
  • 15%–ს მიაჩნია, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს ქართული მხარის დახმარებით
  • 5%–ს სჯერა, რომ აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს
  • 36%–მა არ იცის
  • 19%–ს არაფერი სმენია აფგან მუხთარლის შესახებ

მოიტაცეს თუ არა აფგან მუხთარლი კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო/CRRC საქართველო

საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში იყო დაკავებული, როგორც თავად ამბობდა, ქართველმა სამართალდამცავებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.  აზერბაიჯანის გამოძიებამ აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენა, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

31 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია,  ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრების მიერ, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თბილისიდან “გაუჩინარებულ” და ბაქოში დაპატიმრებულ აზერბაინაჯელ ჟურნალისტს.

1 ივნისს, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ გაიმართა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com