ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანულმა მხარემ მუხთარლის მესამე ბრალდება წარუდგინა

31 მაისი, 2017 • 3852
აზერბაიჯანულმა მხარემ მუხთარლის მესამე ბრალდება წარუდგინა

კონტრაბანდისა [206 მუხლი] და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის [318 მუხლი] ბრალდებების გარდა, აზერბაიჯანელ ჟურნალსტ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ მესამე ბრალდება – პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა [315.2 მუხლი] წარუდგინა.

ინფორმაცია ჟურნალისტის ადვოკატმა, ელჩინ სადიგოვმა გაავრცელა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობის ფული აღმოაჩნდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

როგორც ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღეს, 31 მაისს გაიმართა.

აზერბაიჯანულ სახელმწიფო მედიაგამოცემებში ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყნდება ვრცელი სტატიები იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები “მიწისქვეშეთიდან” აზერბაიჯანში რევოლუციას ამზადებენ. სტატიებში ჩამოთვლილ პირთა შორის არის აფგან მუხთარლიც. კიდევ ერთი პირი, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის მოადგილე გიოზალ ბაირამოვა 26 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარის გადაკვეთის დროს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ფულის უკანონო გადატანის ბრალდებით დააკავეს. დაშგინ აღალარლის, ასევე, აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვება მოუწევს. საქართველოს დატოება აიძულეს ასევე აზერბაიჯანელ ჟურნალისტ გუნელ მევლუდსა და მის ქმარს, რომლებიც ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით საცხოვრებლად ევროპის ქვეყანაში გაემგზავრნენ.

სხვადასხვა ბრალდებით იმ აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაკავება, რომლებიც აზერბაიჯანში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აზრს გამოთქვამენ, აზერბაიჯანში ბოლო წლების ტენდენციაა. კრიტიკული აზრის გამო ქვეყანაში იდევნებიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბლოგერები, სამოქალაქო აქტივისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი