Screen Shot 2017-05-30 at 9.34.13 PM

მუხთარლი ამბობს, რომ საქართველოს ძალოვნებმა გადასცეს აზერბაიჯანულ მხარეს

ნეტგაზეთთან საუბარში თბილისში “გაუჩინარებული” და აზერბაიჯანში გადაყვანილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი სასტიკად ნაცემია.

“ეჭვობს, რომ ნეკნი აქვს მოტეხილი. გარდა ამისა, ტრავმა აქვს თვალზე და თავზე, ასევე ცხვირი აქვს გატეხილი”, – ამბობს ადვოკატი.

როგორც ელჩინ სადიგოვი ამბობს, მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს.

“ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

ადვოკატის ინფორმაციითვე, ნაცემი ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის ოფიციალური გამშვები პუნქტით არ გადაუყვანიათ აზერბაიჯანში.

“ამბობს, რომ რაღაც სხვა გზებით ჩაიყვანეს ბაქოში, თუმცა თვალები ახვეული ჰქონდა და ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში, საგამოძიებო უწყებაში მოხვედრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯიბეში 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა”.

შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, მათ შორის- “კონტრაბანდის”, ასევე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მუხლით.

ელჩინ სადიგოვი ამბობს, რომ ამჟამად ჟურნალისტი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ხვალ კი სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც პატიმრობას მიუსჯიან.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

საქართველოს შსს-ს დღევანდელი განმარტებით, “საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი