ახალი ამბები

უმეტესობას სჯერა, რომ პოლიცია ნარკოტიკების ჩადების მეთოდს იყენებს დაკავებისას – კვლევა

11 მაისი, 2018 • 1623
უმეტესობას სჯერა, რომ პოლიცია ნარკოტიკების ჩადების მეთოდს იყენებს დაკავებისას – კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით “CRRC საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით უმრავლესობას სჯერა, რომ სამართალმდაცავი ორგანოების თანამშრომლები იყენებენ ჩადების მეთოდს კონკრეტული პირების დაკავებისას.

გამოკითხულთა 45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები კონკერტული პირების დაკავების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს უდებენ. 35% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 4%–ს არ სმენია ამის შესახებ.

იყენებენ თუ არა ჩადების მეთოდს სამართალდამცავები კონკრეტული პირების დაკავებისას კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო/CRRC საქართველო

გამოკითხულთა უმრავლესობას – 72%–ს მიაჩნია, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების გამო მოქალაქეებმა არ უნდა მოიხადონ ციხის სასჯელი. შედარებით ნაკლები – 56% მიიჩნევს, რომ კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისთვის არ უნდა იყოს ციხის სასჯელი გათვალისწინებული. რაც შეეხება ინტრავენული ნარკოტიკების მოხმარებას – 43% მიიჩნევს, რომ არც ამ ტიპის ნარკოტიკებისთვის უნდა იყოს ციხის საჯელი, თუმცა უფრო მეტი – 53% მიიჩნევს, რომ ინტრავენული ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხის სასჯელი უნდა იყოს დაწესებული.

როგორი სასჯელი უნდა გამოიყენონ ნარკოტიკების მოხმარებისას? კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო/CRRC საქართველო

გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ რეიდების ჩატარება გამართლებელია, ხოლო გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში გამართლებულია. 18% მიიჩნევს, რომ “რეიდების” ჩატარება არასოდესაა გამართლებული.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „CRRC საქართველომ“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8%–ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი