ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას აცხადებდა წინასაარჩევნოდ ბიბილოვი ქართულ მხარესთან ურთიერთობებზე

10 აპრილი, 2017 • 3513
რას აცხადებდა წინასაარჩევნოდ ბიბილოვი ქართულ მხარესთან ურთიერთობებზე

“საქართველო ჩვენი მეზობელია. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ მეზობლებს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა არსებობდეს”, –  განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით გამარჯვებულმა კანდიდატმა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში რუსულ გამოცემა რია-ნოვოსტისთან საუბარში.

“დღესაც, ხვალაც მზად ვართ საქართველოსთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ, პირველ რიგში, საჭიროა საქართველოს სურვილი, ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს, ეს ყველაზე მთავარი პირობაა. ასევე მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის, როგორც სახელმწიფოს აღიარება”.

გარდა ამისა, მის საარჩევნო სახალხო პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ  ახალგორის რაიონის [ლენინგორი] ამომრჩეველს “საქართველოში შესასვლელად საშვების გაცემის სისტემაში წესრიგის დამყარებას” ჰპირდება.

თავისი ოპონენტისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვისგან განსხვავებით, წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ბიბილოვი ახალგორის რაიონში  [2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ახალგორი ცხინვალს ექვემდებარება] ჩავიდა და ამომრჩეველს ქართულდაც მიმართა.  როგორც მაშინ ბიბილოვმა თქვა, სამი წლის განმავლობაში თბილისში სწავლობდა და ქართულადაც საუბრობდა.

ოფიციალური ცნობით, ანატოლი ბიბილოვი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა და საბრძოლო მოქმედებების დროს ორჯერ დაიჭრა. 2008 წლის მოვლენების გამო მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს, ასევე, 2011 წლის სექტემბერში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსულ-ოსური ურთიერთობების განვითარებისთვის მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეა.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, ის სამხრეთ ოსეთის მომავალს რუსეთის შემადგენლობაში განიხილავს.

“სამხრეთ ოსეთის ხალხი ლამის წინა საუკუნის ოციანი წლებიდან იმაზე საუბრობს, რომ რუსეთის ფედერაციაში სურს დაბრუნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, აბსოლუტურად შეთანხმებული იქნება ჩვენს რუს კოლეგებთან. მხოლოდ ამ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით გადავწყვეტთ სამხრეთ ოსეთის მომავალს”, – განუცხადა ბიბილოვმა რუსულ სააგენტო tass-ს დღეს, 10 აპრილს.

 

ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: მისი ფეისბუკის გვერდიდან

ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: მისი ფეისბუკის გვერდიდან


არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა – ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის,არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ქართული მხარის გარდა, აღნიშნული არჩევნების არალიგიტიმურობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 7 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, 9 აპრილის არჩევნების გამო, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი სამი დღით ჩაიკეტა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი