ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი, ბიბილოვი, გაგლოევი – ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს

8 აპრილი, 2017 • 3311
თიბილოვი, ბიბილოვი, გაგლოევი – ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს

ნეტგაზეთისთვის მომზადებული სტატიის ავტორია ჟურნალისტი ჟანა თარხანოვა, წერს გამოცემებისთვის “ეხო კავკაზა” და “ჯემნიუსი”.


 

წინაასაარჩევნო ბრძოლა პრეზიდენტობისთვის სამხრეთ ოსეთში მწვავე გამოდგა. კანდიდატებისა და სოციალურ ქსელებში მათი მხარდამჭერების დებატები კვლავ გრძელდება. დღეს, 8 აპრილს სამხრეთ ოსეთში “სიჩუმის დღეა”.

თავდაპირველად, საპრეზიდენტო პოსტზე რამდენიმე პრეტენდენტი იყო: პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან “ხალხის ერთობა” ალან კოზონოვი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ალან გაგლოევი, ლენინგორის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმერ გულიევი, ბიზნესმენი ანატოლი ჯიოევი და შესყიდვების საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი მოადგილე ამირან ბაგაევი. მიმდინარე წლის თებერვალში საკუთარი კანდიდატურები გულიევმა და ჯიოევმა მოხსნეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა უარი უთხრა რეგისტრაციაზე ედუარდ კოკოითის, დეპუტატ ალან კოზონოვსა და ამირან ბაგაევს. შესაბამისად, წინასაარჩევნო მარათონში მხოლოდ სამი კანდიდატი, თიბილოვი, ბიბილოვი და გაგლოევი ჩაერთნენ.

კანდიდატი ლეონიდ თიბილოვი

32895

ლეონიდ თიბილოვი; ფოტო: osinform

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი რესპუბლიკის პრეზიდენტად 2012 წლის აპრილში აირჩიეს. მისი წლევანდელ წინასაარჩევნო კამპანიის ლოზუნგია” “სტაბილურობიდან განვითარებამდე”. თიბილოვი ფიქრობს, რომ მისი პრეზიდენტობა წარმატებული იყო. თუმცა მას არ ჰქონია ქვეყნის განვითარების მკაფიო და პროფესიული პროგრამა. მისმა გუნდმაც წლების განმავლობაში არაერთგვაროვანი რეპუტაცია მოიპოვა. თიბილოვმა ვერ შეძლო ბიზნესის, წარმოების განვითარება და თუნდაც ერთი სოციალური პრობლემის გადაჭრა.

“პრეზიდენტის ახალ პროგრამაში იქნება წინადადებები ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციის შესახებ. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვმუშაობ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. სიმშვიდის გარეშე ვერაფერს დაგეგმავ”, – აცხადებს თიბილოვი. მისივე თქმით, არჩევის შემთხვევაში, “განაახლებს გუნდს და აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობას, მოიზიდავს ახალგაზრდებს სამშობლოს დამცველთა და სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში განათლებამიღებულთა რიგებიდან.

ოპოზიცია პრეზიდენტ თიბილოვს კორუფციაში დებს ბრალს და ითხოვს პასუხს კითხვებზე, თუ რატომ ყიდდა პრეზიდენტი იარაღს რუსეთში კრიმინალურ ავტორიტეტებზე. ოპოზიციამ ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები – ლეონიდ თიბილოვის ბრძანებები “ სამხრეთ ოსეთის წინაშე დამსახურებებისთვის” სახელობითი იარაღით დაჯილოებების შესახებ. ანუ, პრეზიდენტის ხელმოწერით იარაღი გადაეცემა, მათ შორის, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ბიზნესმენებს, ვისაც რესპუბლიკის წინაშე არანაირი დამსახურება არ ჰქონიათ.

თიბილოვის მიერ იარაღით დაჯილდოებულთა სიაში ასევე ირიცხებიან ინგუში პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, მაგალითად, რუსლან აუშევი და მიხაილ გუცერიევი. ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწივია ოსეთში, რამდენადაც ჩრდილოეთ ოსეთი ინგუში შეიარაღებული ფორმირების გამო 1992 წელს კონფლიქტში დაზარალდა, ასევე, 2004 წელს, ბესლანის სკოლაზე თავდასხმის დროს ინგუში წარმოშობის ტერიტორისტთა სახელები ფიგურირიბდა.

იარაღთან დაკავშირებული სკანდალი სამხრეთ ოსეთში ყოველდღიურად მწვავდება. იარაღის ჩუქების საკითხის შესახებ ოსეთში ოპოზიციურ ინტერნეტ-რესურსებში დისკუსიები განახლდა. მის ოპონენტ კანდიდატთა ჯგუფებში,“ედუარდ კოკოითი – ჩვენი პრეზიდენტი! “სამხრეთ ოსეთი”  [ანატოლი ბიბილოვი] გამოქვეყნებულია სამხრეთ ოსეთში იარაღით დაჯილდოებულ რუსეთის მოქალაქეთა სიები. მათ შორის ოპოზიციამ კრიმინალური ავტორიტეტების სახელებიც აღმოაჩინა.  სოციალურ ქსელებში იპოზიცია მოუწოდებს ლეონიდ თიბილოვს, პასუხი გასცეს ბრალდებებს. ტელედებატების დროს პრეზიდენტმა უპასუხა: მე, როგორც პრეზიდენტს, უფლება მაქვს, დავაჯილდოვო ადამიანები სახელობითი იარაღით და ჯილდოებით ჩვენი რესპუბლიკის წინაშე დამსახურებების გამო. რაც შეეხება რუსლან აუშევსა და მიხეილ გუცერიევს, მე მთხოვეს მათი დაჯილდოება და უარი ვერ ვუთხარი. გუცერივი ჩვენს საფეხბურთო გუნდს დაეხმარა, ამიტომაც ვაჩუქე სახელობითი იარაღი”, – განაცხადა თიბილოვმა.

თუმცა ასეთი პასუხები მოქალაქეებსა და ოპოზიციას არ აწყობს და თიბილოვსა და მის გარემოცვას იარაღის ბიზნესში ადანაშაულებენ, ვინაიდან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ აღნიშნული იარაღი, რომელიც სამხრეთ ოსეთში არსებული არაოფიციალური ინფორაციით, საქართველოდან შემოაქვთ, იყიდება კიდეც. თიბილოვის ჯილდოებით კი კრიმინალებსაც შეუძლიათ საქმიანობა.

სტატიაში “იარაღის საკითხები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში” საუბარია რვაას გვარზე, მათ შორის არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი კრიმინალები, გარკვეულ წრეებში ცნობილი სახელებითა და გვარებით.  

კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი

26896

ანატოლი ბიბილოვი; ფოტო: სააგენტო tass

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და სამხრეთ ოსეთის უმაღლესი ორდენის “უაცამონგი” ჯილდოს მქონე, პრეზიდენტად კენჭს მეორედ იყრის. ბიბილოვი 2011 წელს არჩევნების მეორე ტურში გადავიდა, თუმცა გამარჯვება მაშინ ალა ჯიოევას ერგო.

2012 წელს ბიბილოვმა დააფუძნა პარტია “ერთიანი ოსეთი” და 2014 წელს საპარლამენტო არჩევნები მოიგო. მის პარტიას დღეს 35 სადეპუტატო მანდატიდან 20 აქვს. ამჟამინდელი პარლამენტის სპიკერი ბიბილოვი და მისი პარტია რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციისა და რუსეთის შემადგენლობაში, გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების მომხრეა.  

ბიბილოვი ამ დრომდე ზედმიწევნით კარგად ირიდებდა კოკოითისა და ხელისუფლების დაპირისპირების საკითხს და ზოგადი განცხადებებით იფარგლებოდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დროებით შვებულებაშიც გავიდა.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ყველაფერი უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში და წინააღმდეგობები კანონის ჩარჩოებიდან არ უნდა გამოვიდეს. ეს არის მთავარი. ჩვენ ერთნი  ვართ და ერთიანი ვიქნებით. გააკეთეთ არჩევანი დამოუკიდებლად, არავის მისცეთ უფლება, წინასაარჩევნო თამაშებში თავი გამოგაყენებინოთ”, – განაცხადა ბიბილოვმა.

31 მარტს ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მხარი დაუჭირა ბიბილოვის კანდიდატურას და ამომრჩეველს მიმართა, სწორედ მას დაუჭიროს მხარი.

“ერთიანი ოსეთის” ლიდერის, ბიბილოვის თქმით, “ძალიან გაკვირვებულია ასეთი გადაწყვეტილებით და არანაირი მოლაპარაკება კოკოითისთან არ ჰქონია”.

თავად ედუარდ კოკოითი და “სახალხო პარტია” გადაწყვეტილებას ბიბილოვის მხარდაჭერის შესახებ მისი “პატრიოტიზმითა და პრინციპულობით” ასაბუთებენ.

 

კანდიდატი ალან გაგლოევი

ალან გაგლოევი; ფოტო: http://osinform.org

ალან გაგლოევი; ფოტო: http://osinform.org

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის 36 წლის თანამშრომელი ალან გაგლოევი პოლიტიკაში ახალბედაა. პირველად მონაწილეობს არჩევნებში. ამომრჩეველს შეხვედრების დროს სამართლიანობას, ასევე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებას ჰპირდება. სახელმწიფო მართვაში გამოუცდელ და პროფესიონალური გუნდის არმქონე კანდიდატის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტად კენჭსყრის გადაწყვეტილება გაგლოევმა მის შეძლებულ ნათესავებთან ერთად მიიღო.

გაგლოევის მშობლები ტრაგიკულად დაიღუპნენ 2008 წელს ქართული არტილერიის დარტყმის შედეგად. მის ძმა ალექსანდრეს ოპონენტები კრმინალურ კავშირებში ადანაშაულენენ. ასევე საუბრობენ იმის შესახებაც, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიას მსხვილი ბიზნესმენები, არსენ და ლეონიდ გაგლოევი, ასევე “ტემპ-ბანკის” პრეზიდენტი მიხეილ გაგლოვი აფინანსებენ, რომელთაც ალანისგან დამოუკდებლად სურთ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაზიფიკაციის საკითხში გაზპრომთან წვდომის საკითხში გავლენები იქონიონ.

ალან გაგოლევს პრეზიდეტ თიბილოვის ტექნიკურ კანდიდატს უწოდებენ, რამდენდაც ის ყოფილი ფინანსთან მინისტრის, ეველინა გაგლოევას და ლიოდვიგ ჩიბიროვის მთავრობაში თიბილოვის ყოფილი კოლეგის დისშვილია.

 

პლებისტიცი –  ვინ რას ფიქრობს

არჩევნების პარალელურად, 9 აპრილის პლებისციტიც გაიმართება სამხრეთ ოსეთისთვის “ალანიის სახელმწიფოდ” გადარქმევის საკითხზე. ინიციატივამ, რომელიც ლობირებული იყო პრეზიდენტ თიბილოვის მიერ, ადგილობრივ მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს შორის დისკუსია გამოიწვია.

ექსპერტთა ნაწილი სთავაზობდა, ორი ვარიანტი გაეტანათ პლებისციტისთვის – “სახელმწიფო ალანია” ან რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი – ალანია, ისევე, როგორც რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია.

თუმცა რეფერენდუმზე ამომრჩევლებს მოუწევთ, პასუხი გასცენ მხოლოდ ერთ კითხვაზე: “გსურთ თუ არა, ხმა მისცეთ სახელმწიფო ალანიას ისტორიული სახელი დაუბრუნდეს? “

პრეზიდენტმა თიბილოვმა ადრევე განაცხადა, რომ ეს ინიციატივა თავად ეკუთვნის. ამასთან, წინა დასახელება, რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი და სახელმწიფო ალანია თანაბრად იქნება აღიარებული.

“შექმნილი იყო სპეაციალური კომისია, რომლის მუშაობის დროს გაირკვა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს სურს, რომ რესპუბლიკას დაუბრუნდეს ისტორიული სახელწოდება. ჩვენ ალანების შთამომავალები ვართ და ამის შესახებ არ უნდა დავივიწყოთ, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტს არ ეთანხმება და ამბობს, რომ რეფერენდუმზე მსგავსი საკითხები ისტორიკოსებთან შეთანხმებით, პოლიტიკური საბჭოსა და პარლამენტის რჩევით უნდა იყოს გატანილი.

“მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი იური გაგლოითი ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთს რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი – ალანია უნდა დაერქვას. იმავეს ფიქრობს ნაფი ჯოსოიტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ორი ოსეთის დაყოფა არაფრით შეიძლება და ჩვენ უნდა დავუძახოთ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი – ალანია. ასევე ფიქრობს ის ხალხი, ვისაც კითხვით მივმართეთ”, – თქვა ბიბილოვმა.

სახელწოდებასთან დაკავშირებით ალან გაგლოევის პოზიციაც ბიბილოვის პოზიციას ემთხვევა.  გაგლოევი ამბობს, რომ ახალი სახელწოდება არ უნდა დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე და მას გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა უნდა ჰქონდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ოსური ენის, კულტურისა და ტრადიციების განვითარებას.


ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი