ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სენატორის თქმით, ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის „ხელოვნური“ დაჩქარება საჭირო არაა

22 მარტი, 2024 • 14539
რუსი სენატორის თქმით, ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის „ხელოვნური“ დაჩქარება საჭირო არაა

Tass-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთთან [დე ფაქტო] ინტეგრაციის პროცესი, „რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე, ხელოვნურად არ საწიროებს ჩარევას ამა თუ იმ მიმართულებით.“

მისი თქმით, „ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ შორის არსებული ურთიერთობების ფორმატი მათი ინტერესებისთვის დამაკმაყოფილებელია.

„არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი [სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ინტეგრაციის] ხელოვნურ ჩარევას საჭიროებს ამა თუ იმ მიმართულებით, პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. ურთიერთობების დღევანდელი ფორმატი ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის, ჩემი თვალსაზრისით, შეესაბამება სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ფედერაციის განვითარების ამჟამინდელ ეტაპს“, — განაცხადა სენატორმა ახალგაზრდა კანონმდებელთა პალატის წევრებთან შეხვედრისას.

რუსი სენატორის თქმით, ის, რომ სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] ამჟამად ისეთ მდგომარეობაშია, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია არსებობა, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს. კოსაჩევმა განაცხადა, რომ სტრატეგია წარმოადგენს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] მხარდაჭერას ფინანსურად და ეკონომიკურად, რათა ცხინვალი „ეტაპობრივად უნდა გახდეს თვითკმარი, ეკონომიკამ იმუშაოს და სამუშაო ადგილებიც შეიქმნას.“

მან ასევე დაამატა, რომ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწიეს, თუმცა სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.

კოსაჩევი ამბობს, რომ მოქალაქეები ღიად ემხრობიან ინტეგრაციის პროცესების დაჩქარებას, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე.

„ჩვენ გვაქვს საერთო გაგება, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ამასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმებით, იყოს დამოწმებული ორივე ქვეყნის კონსტიტუციის და ორივე ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, — აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა.


17 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა RIA-სთან განაცხადა, რომ მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით, განიხილება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი.

„ჩვენ ყველა ამ საკითხს განვიხილავთ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, — განაცხადა მან.

ალბოროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ.

„როდესაც ჩვენ და რუსეთი ერთობლივად მივალთ ამ იდეამდე (შეერთების შესახებ), ჩვენ ამას გავაკეთებთ“, — განაცხადა ალან ალბოროვმა.

2023 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხალხისა და პარლამენტისთვის გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთი მალე შეერთებოდა რუსეთს.

2022 წლის ივლისში დაანონსებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა რუსეთთან შეერთების საკითხს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის და მისი წინა ხელმძღვანელის, ანატოლი ბიბილოვის განწყობისა,  „ამჟამად მოსკოვი აღნიშნულ საკითხზე რაიმე სამუშაოებს არ ატარებს.“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი