არჩევნებისა და რეფერენდუმის გამო ცხინვალი ქართულ მხარესთან გამშვებ პუნქტს სამი დღით ჩაკეტავს

2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერნდუმის გამართვის გამო ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი ჩაიკეტება. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გააკეთა.

გამშვები პუქნტი სამი დღით, 7 აპრილის 20:00 საათიდან 10 აპრილის 20:00 საათამდე ჩაიკეტება.

გადაადგილებაზე მსგავს შეზღუდვებს ცხინვალი სხვადასხვა, მათ შორის, ახალი წლის, საშობაო, აღდგომის, 9 მაისის და სხვა დღესასწაულებზე აწესებს. აღნიშნული შეზღუდვები, რომლებიც არაერთხელ გამხდარა ქართული მხარისა და მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი, IPRM-ის ერგნეთის შეხვედრებზეც განიხილება.

2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები და დე ფაქტო რესპუბლიკისთვის  “ალანიას” დარქმევის საკითხზე რეფერნდუმი იმართება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი