ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა საპროსტესტო აქცია ცხინვალში; ფოტო: კოკოითის მხარდამჭერთა  ფეისბუკის ჯგუფიდან

ედუარდ კოკოითის საპრეზიდენტო კანდიდატად არ არეგისტრირებენ – აქციები ცხინვალში

ცხინვალში ედუარდ კოკოითის, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს [2001-2011] საბოლოო უარი განუცხადეს 2017 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაში.

გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 14 მარტს მიიღო, რასაც ცხინვალში კოკოითის მხარდამჭერთა საპროსტესტო აქცია მოჰყვა. აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ლეონიდ თიბილოვის, დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის გადადგომაც მოითხოვეს.

ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა საპროსტესტო აქცია ცხინვალში; ფოტო: კოკოითის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა საპროსტესტო აქცია ცხინვალში; ფოტო: კოკოითის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა აქცია ცხინვალში 13 მარტსაც გაიმართა. აქციის მონაწილეებს  რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დროშები და ედუარდ კოკოითისა და ვლადიმერ პუტინის, რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტები ეკავათ. აქციის მიმდინარეობის დროს ედუარდ კოკოითიმ მხარდამჭერებს, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, კანონის დაცვისა და მშვიდობიანი ქცევისკენ  მოუწოდა.

2017 წლის 4 მარტს ედუარდ კოკოითის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მოტივით მოხსნა, რომ კოკოითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა და ამასთან, არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის “ალანიას” დარქმევის საკითხზე, 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე, კერძოდ, პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი გამოეხმაურნენ. გარდა ამისა, ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი