ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანატოლი ბიბილოვმა ახალგორელებს წინასაარჩევნოდ ქართულადაც მიმართა [video]

1 აპრილი, 2017 • 3913
ანატოლი ბიბილოვმა ახალგორელებს წინასაარჩევნოდ ქართულადაც მიმართა [video]

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი, წინასაარჩევნოდ ახალგორის [ლენინგორი] მოსახლეობას  კულტურის სახლში შეხვდა. დარბაზი სავსე იყო. შეხვედრას, როგორც ადგილობრივები, ასევე, ჩამოსული მოქალაქეები დაესწრნენ.

შეხვედრა ბიბილოვმა დაიწყო სიტყვებით -” ტყუილია, არ დაიჯეროთ, რასაც ჩემი სახელით ავრცელებენ – პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გზა (თბილისთან დამაკავშირებელი) არ დაიკეტება. აღნიშნული დაპირება, შეხვედრის დროს, რამდენჯერმე გაიმეორა.

გამოსვლა, ძირითადად, სოციალურ საკითხებს –  ხელფასებისა და პენსიების გაზრდას დაუთმო. გარდა ამისა, “ქართველებთან კარგი ურთიერთობის სურვილი გამოთქვა, მხოლოდ თავდაუსხმელობის გარანტიის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ”. გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლება ახალგორის რაიონთან მიმართებაში უყურადღებობის გამო და პირობა დადო, რომ მისი პრეიზდენტად არჩევის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევის საკითხში ცვლილებები განხორციელდება.

დარბაზიდან კითხვები, ძირითადად, პასპორტებისა და საშვების მიღებაზე დაისვა, თუმცა, ანატოლი ბიბილოვს კონკრეტული პასუხი ამ კითხვებზე არ გაუცია. მხოლოდ ის განაცხადა, რომ “ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება”.

შეხვედრის მსვლელობისას, შეკრებილ მოსახლეობას პერიოდულად ქართულ ენაზეც მიმართავდა.

ახალგორის რაიონის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის “ალანიას” დარქმევის საკითხზე 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს. ახალგორელებთან წინასაარჩევნოდ შეხვედრას თიბილოვი 3 აპრილს გეგმავს. 9 აპრილის კენჭისყრაში მონაწილეობას, ოფიციალური ინფორმაციით, 1235  [2015 წლის აღწერით, ახალგორში სულ 4209 ადამიანი ცხოვრობს] ახალგორელი მიიღებს. ეს ის მოქალაქეები არიან, ვინც ამ დროისთვის “სამხრეთ ოსეთის მოქალაქის” პასპორტს ფლობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე, კერძოდ, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურნენ. გარდა ამისა, ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

 

ანატოლი ბიბილოვი ახალგორში წინასაარჩევნოდ; 2017; ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

ანატოლი ბიბილოვი ახალგორში წინასაარჩევნოდ; 2017; ნეტგაზეთი/თამარ მეარაყიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი