ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ქართული ოცნების” სასარგებლოდ? – რატომ დასაჯა მოსკოვმა ცხინვალელი დეპუტატები

10 აპრილი, 2024 • 16133
“ქართული ოცნების” სასარგებლოდ? – რატომ დასაჯა მოსკოვმა ცხინვალელი დეპუტატები

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


საქართველოსთან “დროებითი საზღვრის” “მუდმივ საზღვრად” სტატუსის შეცვლის მცდელობისთვის, როგორც ქმედებისთვის, რომელიც რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] პარლამენტის სამ დეპუტატს მოქალაქეობა შეუჩერა. 

დეპუტატები გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლოებში ასაჩივრებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი განზრახვა სტრატეგიული მოკავშირის მიერ არასწორად იყო აღქმული იმ დროს, როდესაც საზოგადოება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცხარე აპოლოგეტებზე კრემლის ზეწოლას უკავშირებს რუსეთში ქართული ლობის მზარდ გავლენებს.

29 თებერვალს დეპუტატებმა [დე ფაქტო – რედ.] გარი მულდაროვმა, დავით სანაკოევმა და ჯამბოლათ მედოევმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფედერალური სამსახურისგან მიიღეს შეტყობინებები რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ იმ “ქმედებებისთვის, რომელიც სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისკენაა მიმართული, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვართან ახლოს”. 

მოსკოვსა და ცხინვალს შორის ამ უპრეცედენტო მოვლენაზე ოფიციალურ ცხინვალს ორ კვირაზე მეტია რეაქცია არ ჰქონია. თუმცა დუმილი არ აღმოჩნდა ხელისუფლების [დე ფაქტო – რედ.] საუკეთესო სტრატეგია. ამ დროის განმავლობაში მთელი ეს ისტორია ისეთი ვერსიებით შეჯერდა, რომელიც სასარგებლო არ იყო არც ცხინვალისთვის და არც მოსკოვისთვის. 

დეპუტატებმა განაცხდეს, რომ საკუთარ თავებს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პატრიოტებად მიიჩნევენ და  საკუთარ ნაბიჯებში საფრთხეს არ ხედავენ მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, თუმცა, “თუ საპირისპირო დადგინდა”, ისინი “მზად არიან უარი თქვან სადეპუტატო ხელშეუხებლობაზე და სასამართლოს წინაშე წარდგებიან”. 

სამივე დეპუტატმა ФСБ-ს გადაწყვეტილება რუსეთის სასამართლოში [ჩაწერის შესაბამისად, ჩრდილოეთ ოსეთში] გაასაჩივრა.

ФСБ-ს წინაღმდეგ საჩივრებში მათ მიუთითეს, რომ ფოსტით მიღებულ შეტყობინებებში არაფერია განმარტებული და, შესაბამისად, სპეცსამხურისგან ითხოვენ განმარტებას, კონკრეტულად რა ქმედებებისთვის ჩამოართვეს მოქალაქეობა. 

“მოქალაქეობის შესახებ” კანონის ახალი რედაქციაში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის 28 აპრილს მოაწერა ხელი,  ФСБ უფლებამოსილია დაადგინოს და ჩამოართვას მოქალაქეობა იმ უცხოელებს, რომლებიც საკუთარი მოქმედებებით საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, ამავე დროს, მნიშვნელობა არ აქვს, როდისაა ჩადენილი ქმედება.  

რუსეთის ფედერალური სახელმწიფო სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის  ბრძანებით, უსაფრთხოების ორგანოს ქვეგანყოფილებას უნდა წარედგინოს კონკრეტული მტკიცებულებებით დოკუმენტირებული დასკვნა მოქალაქის მოქმედებების შესახებ. სწორედ ასეთი დასკვნის მიღება სურთ სასამართლოს მეშვეობით დეპუტატებს. 

თუმცა ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლოებმა უარი თქვეს განიხილონ მათი სარჩელები, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო იმ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ ისტერიისა და სავარაუოდო მოპასუხის უკან დგას. 

დეპუტატ სანაკოევს უარი უთხრეს განხილვაზე იმ საბაბით, რომ მას ჰქონდა დროებითი ჩაწერა რუსეთის ტერიტორიაზე, დეპუტატ მულდაროვს კი შესთავაზეს, მოსკოვის მეშანის რაიონულ სასამართლოს მიმართოს – მოპასუხის ФСБ-ს ოფისის მისამართზე. ჯამბოლათ მედოევის განცხადება ჯერ არ არის განხილული. 

დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ ცილი დასწამეს მოსკოველი კურატორიების წინაშე და ამ მხრივ მათი დევნის ორგანიზატორად პრეზიდენტი გაგლოევი დაასახელეს. 

სამივე მათგანი ალან გაგლოევის მხარდამჭერი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში [დე ფაქტო – რედ.] მის ოპოზიციონერულ ბრძოლაში, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ყოფილ ლიდერთან ურთიერთობა ვერ ააწყვეს. ისინი გაგლოევს წინასაარჩევნო დაპირებების დავიწყებასა და იმ ადამიანების ჩამოშორებაში ადანაშაულებდნენ, ვისაც არჩევნებში გამარჯვებას უნდა უმადლოდეს. 

“ცილისწამების” ვერსია უფრო შორს წავიდა. ცხინვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოველივე ამის მიზეზი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე ქართული ლობის გავლენების ზრდაა, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება [დე ფაქტო – რედ.] არ ეწინააღმდეგება. პირიქით – განზრახ ხელს უწყობს. უფრო მეტად რადიკალურად განწყობილი ოპოზიციონერული გამოცემები პრეზიდენტ გაგლოევს ამხელენ და თითქმის ქართული გავლენის აგენტს უწოდებენ. 

როდესაც სკანდალზე ურეაქციობამ ზიანი მოუტანა ხელისუფლებას, 11 მარტს პრეზიდენტი გაგლოევი ოფიციალური ახსნა-განმარტებებით წარდგა.  

მან განაცხადა, რომ დეპუტატების მიმართ პრეტენზიები “სახელმწიფო საზღვრის” შესახებ კანონში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით მათ აქტიურობას ეხება. 

მოქალაქეობაჩამორთმეულები, სხვა დეპუტატებთან ერთად, პრეზიდენტ ბიბილოვის განკარგულებით იყვნენ 2020 წელს შექმნილ, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციის შესახებ სახელმწიფო კომისიის წევრები.

კომისია, გარი მულდაროვის თავმჯდომრეობით, მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ დადგენილი ტრაექტორია სამხრეთ ოსეთის საზიანოდაა გავლებული.

გარდა ამისა, კომისიამ მიუთითა, რომ აუცილებელია, საზღვრის დროებითი სტატუსი შეიცვალოს მუდმივით. 

გაგლოევის თქმით, რუსი კურატორები ამ ინიციატივების კატეგორიული წინაღმდეგი იყვნენ და აფრთხილებდნენ, რომ საზღვრის შესახებ კანონის ახალი რედაქციის მიღება, შესაძლოა, საქართველოსთან საზღვარზე დაძაბულობის მაპროვიცირებელი იყოს.

დეპუტატების უმრავლესობა დაეთანხმა ამ მოსაზრებებს, თუმცა, ვინც წინააღმდეგ გამოვიდა, მათ მიმართ სანქციების გამოყენება გახდა საჭირო. 

“არავის აქვს უფლება, რესპუბლიკა დარტყმის ქვეშ დააყენოს, პრეზიდენტსაც კი. დღეს ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ კოლექტიური დასავლეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოს ან აფხაზეთის მიმართულებით მეორე ფრონტის გასახსნელად. ამჟამად არ ვსაუბრობთ, რომ ისინი საქართველოს ინტრესებში მოქმედებენ, მაგრამ გვერდიდან რომ შევხედოთ, რისი გაკეთება სურს კოლექტიურ დასავლეთს და საქართველოში ოპოზიციურ ძალებს და ეს ნაბიჯები რისი მომტანი იქნება, დიდი კითხვა ჩნდება”,- დაასკვნა პრეზიდენტმა გაგლოევმა.

მართლაც, გასული წლის 23 ნოემბერს, როდესაც საპარლამენტო კომიტეტებში [დე ფაქტო – რედ.] კანონპროექტის მოსმენა დაიწყო, რესპუბლიკაში ჩამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იგორ მასლოვი, რომელიც პარლამენტარებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მასლოვმა დაჟინებით ურჩია მათ, უარი ეთქვათ საკანონმდებლო ინიციატივაზე.

მაშინ პირველად გაიჟღერა მოსაზრებამ საქართველოსთან საზღვარზე შესაძლო დაძაბვის საფრთხესთან დაკავშირებით, თუკი ცვლილებები მიიღება. “და რას იზამთ მერე?” – ჰკითხა კურატორმა დეპუტატებს. შეხვედრის ბოლოს კი, როგორც დეპუტატები ამტკიცებენ, კურატორს წამოცდა ფრაზა, რომელიც ყველამ გაიგონა: “ასე ხომ შეიძლება რუსული პასპორტიც დაკარგოთ?!”

განცხადება იმის შესახებ, თითქოს საქართველოს შეუძლია სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა, სამხრეთ ოსეთში აბსურდულად მიაჩნიათ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გამოყოფილმა ტერიტორიებმა არ უნდა გააღიზიანოს თბილისი და მოსკოვმა კომფორტული პირობები შეუქმნას  “ქართული ოცნებას” ოქტომბერში საქართველოში  დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.  

საქართველოს მმართველი პარტია რუსეთთან  “ეკონომიკური პრაგმატიზმის პოლიტიკას” ეწევა: არ დაუჭირა მხარი სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, იკავებს თავს უკრიანაში ომის გამო რუსეთის გაკიცხვისგან, თუმცა დეკლარირებს საქართველოს ევროპულ კავშირში სწრაფვას. 

ამასთან, საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2022 წელს, ანტირუსული სანქციების დაწესების შემდეგ, 32,8%- ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და რეკორდულ 19,04 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

საქსტატის თანახმადვე, 2023 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12,5% ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით და 21,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ ფონზე სრულიად გასაგებია შიში, რომ კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი სტატუ-კვოს დარღვევას  მოსკოვსა და თბილისს შორის შეუძლია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ხელი შეუშალოს და “ოცნების” მიმართ საზოგადოების პრეტენზიები გაზარდოს. 

ამიტომაც დაუშვებელია ნებისმიერი საბაბი “ოცნების” საზიანოდ. სამხრეთ ოსეთში ექსპერტების აზრით, ამითაა განპირობებულიც მოსკოვის მკაცრი რეაქცია ანატოლი ბიბილოვის მცდელობაზე, 2022 წელს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერნდუმის გამართვაზეც. 

თუმცა ვერსია “ქართველი ამომრჩევლის არგაღზიანებაზე” ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტურია. სამხრეთ ოსეთში გავრცელებულია ისეთი ვერსიაც, თითქოს რუსეთისა და საქართველოს დაახლოებამ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა 2008 წლის გადაწყვეტილების გადახედვა გამოიწვიოს. ამიტომაც სამხრეთ ოსეთის საზოგადოება მტკივნეულად რეაგირებს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთერთობების დათბობას, რამდენად უმნიშვნელოდაც არ უნდა ეჩვენებოდეს ის საქართველოს მოსახლეობას. რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებები, თამაზ გინტურის დაღუპვა ბევრად აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის.

ამის მიუხედავად, იგორ მასლოვის განცხადებები დეპუტატებთან აბსურდულია მხოლოდ ერთი შეხედვით. თუმცა ბიუროკრატიული ენიდან ეს განცხადებები ასე ითარგმნება: რუსეთი უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რჩენასა და უსაფრთხოებას  იმ საზღვრებში და პირობებში, რომელიც მისთვისაა მისაღები. სატელიტს კი არ აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და შეცვალოს სტატუს-კვო. 

მოსკოვი ამ პრინციპის დაცვის საჭიროებაზე უთითებდა კურატორად იგორ მასლოვის დანიშვნამდეც. 

პირველი უთანხმოება მოსკოვთან საზღვრის საკითხზე ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე 2009 წლიდან სამი კომისია იყო შექმნილი. პირველს ხელმძღვანელობდა ბორის ჩოჩიევი [2009-დან 2012 წლამდე], მეორეს – დეპუტატი რუსლან თედეევი 2018 წელს და მესამეს – გარი მულდაროვი [2020-2023]. 

სამივე კომისია ასკვნიდა, რომ გამყოფი ხაზი არასწორად არის გავლებული სამხრეთ ოსეთის საზიანოდ. კომისიები ეყრდნობდნენ ძველ საბჭოთა რუკებს, უთითებდნენ მოსაზღვრე მოსახლეობის საჩივრებს, რომელთა მიწებს ჭრიდა ღობე, თუმცა მოსკოვი მიზეზების ახსნის გარეშე შეუვალი იყო.

მართალია, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად კრემლის რეაქცია დემონსტრაციულად ხისტი იყო, თუმცა ამ შემთხვევაში დეპუტატების საჯარო დასჯა გადამეტებული ზომაა, რადგანაც სამხრეთ ოსეთის კანონპროექტები კონფლიქტის ზონაში სტატუს-კვოს ვერ შეცვლის და იურიდიული ძალა არ აქვს.

მაშინ რაზე მიუთითებს მთელი ეს ამბავი? მოსკოვი დაიღალა სამხრეთ ოსეთის ელიტების მოთხოვნებისგან თუ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის  პროექტისგან?

ადგილობრივი ექსპერტები იბნევიან ვარიანტებში და დამამშვიდებელ პასუხს ვერ პოულობენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი