ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ევროსასამართლოს აკრიტიკებენ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებისთვის

10 აპრილი, 2024 • 1676
ცხინვალში ევროსასამართლოს აკრიტიკებენ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებისთვის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ევროპული სასამართლოს (ECHR)  გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არ არის საქართველოს სეპარატისტული რეგიონი და ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას.“

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ჩამოყალიბებულია ხალხის ნებით, საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპისა და ნორმის ფარგლებში.

„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ECHR-ის გადაწყვეტილებაზე საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტი გახდა და ეს უკვე ღიად კეთდება. საერთაშორისო სასამართლოს მიერ სარჩელის — „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ — განხილვის დაშვების აღიარების ფაქტიც კი უკვე დანაშაულია, რადგან ის ეფუძნება მიზანმიმართულ ცინიკურ ტყუილს“, — ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშულია, რომ ECHR-ის გადაწყვეტილება ვერ იმოქმედებს მშვიდობის სასარგებლოდ.

„ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალობისგან შორს მდგარი მოვლენების ინტერპრეტაციამ ხელი შეუწყოს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და საერთაშორისო სასამართლოებისადმი ნდობის მიღწევის მცდელობებს.

საქართველო ჯერ კიდევ არ აღიარებს თავის დანაშაულს 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე თავდასხმასთან დაკავშირებით, მიუხედავად ევროკავშირის საერთაშორისო კომისიის დასკვნებისა, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰაიდი ტალიავინი, რომელმაც თავის ანგარიშში ნათლად გამოავლინა საომარი მოქმედებების დაწყების აგრესორი“, — ვკითხულობთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინსტროს განცხადებაში.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ.

საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

  • სიცოცხლის უფლება (მუხლი 2);
  • არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის (წამების) აკრძალვა (მუხლი 3);
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლის პირველი ნაწილი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მუხლი 8).

საქართველომ რუსეთს მოუგო „განგრძობითი ოკუპაციის“ საქმე სტრასბურგის სასამართლოში

მასალების გადაბეჭდვის წესი