ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში და წინასწარი შედეგები

27 მარტი, 2017 • 2471
არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში და წინასწარი შედეგები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორის ტურის შედეგად, დარჩენილ 22 ოლქში გამარჯვებული დეპუტატები გამოვლინდნენ.

მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატებს შორისაა რაულ ლოლუა, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი შს მინისტრი.

“რამდენდაც პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციები იქნება წარმოდგენილი, რომელთაც ცივილიზებული დიალოგის საშუალება ექნებათ, საზოგადოებაში არსებული კონფრონტაცია უნდა შემცირდეს”, – ამბობს დე ფაქტო რესპუბლიკის საზოადოებრივი პალატის მდივანი ნათელა აკაბა.

აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა [“აინარი”, “ამცახარა”, “აფხაზეთის სახალხო ფრონტი” და “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი] წარადგინეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2017 წლის 26 მარტს გაიმართა.

2017 წლის 12 მარტს ჩატარებული არჩევნების შედეგად, 35 საარჩევნო ოლქიდან გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12-ში გამოვლინდნენ. მეორე ტურში კი, დანარჩენი 22 ოლქიდან თითოეულში ორ-ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

პირველ ტურში გამარჯვებულებს შორის იყვნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა და ამჟამინდელი დეპუტატი ალმას ჯაპუა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად რუსეთის ფედერაცია და ის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომელთაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, “ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს”.

 

აფხაზეთი, სოხუმი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

აფხაზეთი, სოხუმი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი