ახალი ამბებისაზოგადოება

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – განახლებადი

7 ოქტომბერი, 2023 • 3505
„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – განახლებადი

აღნიშნული სტატია არ განახლდება. 8 ოქტომბრის მოვლენათა ქრონოლოგიის სანახავად გადადით ბმულზე.

7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახორცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს.

ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს, დაჭრილია 1100-ზე მეტი პირი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები. მსხვერპლი მოჰყვა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიშებს. პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 230-ზე მეტია.

ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასს“ 22 ლოკაციაზე ებრძვიან.

ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე მოვლენებს გაგაცნობთ. ცნობების გასანახლებლად გადატვირთეთ [დაარეფრეშეთ] გვერდი.

8 ოქტომბერი, 00:51: 250-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ისრაელში, იტყობინება „ალ-ჯაზირა“. დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.

7 ოქტომბერი, 23:22: „ბი-ბი-სი“ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ „რთული ვითარებაა“ კიბუც ბეერში და ოფაკიმში, სადაც „ჰამასის“ მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელელი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები.

7 ოქტომბერი, 23:20: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის მხარდამჭერი მორიგი განცხადება გამოაქვეყნა. იხილეთ: „უკრაინაში განსაკუთრებულად განვიცდით“ – ზელენსკი ისრაელის მხარდასაჭერ განცხადებას აქვეყნებს

7 ოქტომბერი, 23:19: პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი „ჰამასის“ თავდასხმას „ისრაელის საოკუპაციო ძალების ქმედებებს“ აბრალებს. „გარდიანის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საუბარში აბასმა თქვა, რომ ამჟამინდელი ესკალაცია „კოლონისტების და ისრაელის საოკუპაციო ძალების ქმედებებისა და მუსლიმთა და ქრისტიანთა სიწმინდეების წინააღმდეგ აგრესიის“ ბრალია.

7 ოქტომბერი, 23:05: ავიაკომპანიების ნაწილმა ისრაელის მიმართულებით რეისები გააუქმა. თელ-ავივის მიმართულებით დღეს თბილისიდან არ გაფრინდა „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავიც. შესაბამისად, რეისი გაუქმდა თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებითაც, რომელიც თბილისის დროით 22:20 საათზე უნდა შესრულებულიყო.

7 ოქტომბერი, 22:34: ღაზას სექტორში იუწყებიან 232 დაღუპულსა და 1697 დაჭრილზე. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, სტატისტიკა მხოლოდ მშიდობიან მოსახლეობას მოიცავს, თუ „ჰამასის“ მებრძოლებსაც, წერს „სი-ენ-ენი“.

7 ოქტომბერი, 22:32: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვა. გამოსვლა მალე უნდა დაიწყოს, წერს „სი-ენ-ენი“.

7 ოქტომბერი, 22:28: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, „ჰამასის“ მიერ ისრაელის თავდასხმის ფონზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს იაირ ლაპიდსა და ბენი განცს და მათ პარტიებს საგანგებო დროის მთავრობაში შესვლას სთავაზობს. დეტალურად: ნეთანიაჰუ ოპოზიციას საგანგებო დროის მთავრობაში შესვლას სთავაზობს

7 ოქტომბერი, 22:04: ცენტრალური ისრაელის ქალაქებში, რიშონში, თელ-ავივში, ბატ იამში და იავნეში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმების შედეგად დაშავებულია სულ მცირე ცხრა სამოქალაქო პირი, წერს „თაიმს ოფ ისრაელ“.

7 ოქტომბერი, 22:03: ისრაელში დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 200-ს, წერს „თაიმს ოფ ისრაელ“.

7 ოქტომბერი, 21:38: თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის, იტყობინება „სი-ენ-ენი“. გამოცემის ჟურნალისტების ცნობით, უცნობია, რისი გამოწვეულია ხმები – ისრაელის საჰაერო თავდაცვის მიერ რაკეტების ჩამოგდების, თუ ამავე რაკეტების ქალაქში დაცემით. „ჰამასი“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქალაქის მიმართულებით 150 რაკეტა გაისროლა, ღაზას სექტორში შენობის დაბომბვის სამაგიეროდ.

7 ოქტომბერი, 21:14: ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი სურვილს გამოთქვამს, პრემიერ ნეთანიაჰუსთან ერთად საგანგებო დროის მთავრობა ჩამოაყალიბოს. ლაპიდი ხაზს უსვამს, რომ ახლა „ერთობის დროა“, წერს „ალ-ჯაზირა“.

7 ოქტომბერი, 21:12: ისრაელში დაიღუპა 150 ადამიანზე მეტი, იტყობინება „თაიმს ოფ ისრაელ“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. დაჭრილია 1104 ადამიანი.

7 ოქტომბერი, 21:08: ისრაელმა ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტა ღაზას სექტორს, წერს „თაიმს ოფ ისრაელ“.

7 ოქტომბერი, 21:03: ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი. ცხელი ხაზის ნომრებია:

  • +972526919092
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813

7 ოქტომბერი, 20:20: ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან ღაზას სექტორში ორ მაღალსართულიან შენობაზე განხორციელებულ დარტყმებზე. უწყების ცნობით, შენობებში „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბვამდე გააფრთხილეს და ევაკუირება სთხოვეს, იტყობინება „იერუსალიმ თაიმსი“.

7 ოქტომბერი, 20:17: ისრაელის საგანგებო სამსახურების ცნობით, ამჟამად ცნობილია 70 დაღუპულზე და ასობით მძიმედ დაჭრილზე, წერს „სი-ენ-ენი“. ღაზას სექტორში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაიღუპა 198 პალესტინელი, იუწყება „ალ-ჯაზირა“.

7 ოქტომბერი, 20:14: „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-აროური ამბობს, რომ ისინი მზად არიან ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც – „მათ შორის სახმელეთო შემოჭრისთვის [ჰამასის კონტროლირებად ღაზას სექტორში]. ალ-აროურის „სი-ენ-ენი“ ციტირებს.

7 ოქტომბერი, 20:12: გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს საბჭოს პრეზიდენტი ბრაზილია, რომელიც გმობს თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ისრაელელ ხალხს, იტყობინება „როიტერსი“.

7 ოქტომბერი, 20:10: ევროკავშირი გმობს ისრაელზე თავდასხმას და მოუწოდებს უაზრო ძალადობის შეჩერებისკენ. ბრიუსელი აგრეთვე სოლიდარობას უცხადებს ისრაელს, ვკითხულობთ ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

7 ოქტომბერი, 19:43: ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში.

7 ოქტომბერი, 18:55: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო „ტერორისტული თავდასხმა“ ისრაელზე.

7 ოქტომბერი, 11:15: „ჰამასმა“ წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეტევა დაიწყო, ისრაელისა და არაბული ქვეყნების 1973 წლის ომის დაწყების 50 წლისთავზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი