ახალი ამბები

“აშშ ისრაელის გვერდითაა” — ნეთანიაჰუსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

7 ოქტომბერი, 2023 • 1597
“აშშ ისრაელის გვერდითაა” — ნეთანიაჰუსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ განცხადება ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ ისრაელის გვერდითაა და მხარს უჭერს მის თავდაცვის უფლებას” — ნათქვამია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.

სატელეფონო საუბარი დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც და თქვა, რომ აშშ “ცალსახად გმობს ჰამასის ტერორისტების შემზარავ თავდასხმას ისრაელზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო თემების წინააღმდეგ”.

“ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვიქნებით ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან”, — განაცხადა ბლინკენმა.


7 ოქტომბერს, ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცედენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით.

მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

2021 წლის ათდღიანი ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ამ დროისთვის ინფორმაცია ვრცელდება ისრაელში სულ მცირე 100 დაღუპულსა და ასობით დაშავებულზე.

რაც შეეხება ღაზას, ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმის შედეგად 198 პალესტინელის დაღუპვის შესახებ ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია.

შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

“ნეტგაზეთის” არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი