ახალი ამბები

“აირჩიე: პოლიტიკა, ან სამსახური” – უფროსის მუქარის გამო მოქალაქემ სამსახური დატოვა

6 მაისი, 2024 •
“აირჩიე: პოლიტიკა, ან სამსახური” – უფროსის მუქარის გამო მოქალაქემ სამსახური დატოვა

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, პავლე ნიავაძე ამბობს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყოფნის გამო უფროსი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ამის შემდეგ, ნაივაძემ თავად დატოვა პოზიცია, ამბავი სოციალურ ქსელში გაახმაურა და განაცხადა, რომ “სწორედ ამას ებრძვის” საპროტესტო აქციებში მონაწილეობით.

“ჩემი დეპარტამენტის უფროსი (გ.ა.) მეძახის და მეუბნება: გუშინ “იმედზე” გნახე აქციაზე და ცოტა ნორმალურად მოიქეციო, [მითხრა] რომ დაურეკეს და უთხრეს,  გავეფრთხილებინე. მე ვუპასუხე არანორმალურს რას ხედავს ჩემს საქციელში, აქციებზე ვიყავი და ისევ ვიქნები, სანამ ამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ მეთქი. კიდევ რაღაც სისულელეები მელაპარაკა და მეც რომ არ დავუთმე არაფერი, ბოლოს მითხრა: “აირჩიე: ან პოლიტიკა, ან სამსახური”. ვინც მიცნობთ კი იცით, რომ საკადრისს პასუხს გავცემდი.

აი, ეს არის დღევანდელი რეალობა. ასე დაშინებით, მოსყიდვით, სამსახურიდან გაგიშვებ მუქარით და ამდაგვარი ხერხებით ცდილობს ეს მთავრობა შეინარჩუნოს ძალაუფლება (ისევე როგორც პუტინი შვება რუსეთში). სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ. აღარ გვინდა ესეთი რეალობა. ჩვენ ვართ ევროპელები და ამიტომ გვინდა ევროკავშირში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა”, – წერს პავლე ნიავაძე სოციალურ ქსელში.

ნიავაძე ტექნიკურ დეპარტამენტში IT სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვინც ნიავაძის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა,  გიორგი არევაძე. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სიპია.

“ბათუმელები“ გიორგი არევაძეს  დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ პავლე ნიავაძე მისი თანამშრომელია, თუმცა მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ პავლე ნიავაძე სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და არც არჩევანის წინაშე დაუყენებია: „მე მხოლოდ სამსახურში მოსვლასთან დაკავშირებით ვესაუბრე. აქციებზე არ მისაუბრია. მისი გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს. ახლა დასვენებებია და შემდეგ ვნახავთ, თუ უნდა, მოვა ალბათ სამსახურში“.

პავლე ნიავაძის თქმით, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ყოფილ თანამშრომლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და ისინიც ეწინააღმდეგებიან კანონს: „მითხრეს, მართალი ხარ, ყველაფერში გეთანხმებით და შენი წასვლა არ იყო სწორიო“.

რა ხდება

რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში. დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი