ახალი ამბები

“ჰამასის” მოულოდნელი შეტევა — შეიარაღებული მებრძოლები ისრაელში შევიდნენ

7 ოქტომბერი, 2023 •
“ჰამასის” მოულოდნელი შეტევა — შეიარაღებული მებრძოლები ისრაელში შევიდნენ

შაბათს, 7 ოქტომბერს ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ღაზის სექტორიდან ათასობით რაკეტა ისროლეს, შეიარაღებულმა პირებმა კი ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცენდენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის იერუსალიმში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო, პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ კი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

2021 წლის ათდღიანი ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. ისრაელის მედია იუწყება, რომ სამხრეთ ისრაელის ქალაქებში პალესტინელ მებრძოლებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის სროლები იყო.

“ჰამასის” სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დაიფმა პალესტინელებს ყველგან ბრძოლისკენ მოუწოდა და ოპერაცია დაწყებულად გამაოცხადა.

“ეს არის უდიდესი ბრძოლის დღე დედამიწაზე ბოლო ოკუპაციის დასასრულებლად”, — თქვა მან.

დაიფის განცხადებით, 5 000 რაკეტა გაეშვა.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის სამხედრო ძალებმაც გაავრცელეს განცხადება და თქვეს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორის მხრიდან ტერორისტები შეიჭრნენ.

ისრიალეს საგანგებო სამსახურების ცნობით, მომხდარის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

შეტევა თითქმის დაემთხვა არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის 1973 წელს მომხდარი ომიდან 50 წლისთავს. მაშინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოულოდნელად, ორი ფრონტიდან შეუტიეს ისრაელს. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზანს 1967 წლის 6-დღიანი ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნება წარმოადგენდა. არაბების თავდაპირველი სამხედრო წარმატების შემდეგ, ისრაელმა ვითარების თავის სასარგებლოდ შებრუნება შეძლო. ომი 19 დღეში დასრულდა, თუმცა მიიჩნევა, რომ მან გრძელვადიანი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს დაუდო სათავე როგორც რეგიონში, ისე მის გარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი