ახალი ამბები

„ჯორჯიან ეარვეისმა“ და სხვა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით რეისები შეაჩერეს

7 ოქტომბერი, 2023 •
„ჯორჯიან ეარვეისმა“ და სხვა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით რეისები შეაჩერეს

მას შემდეგ, რაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა დღეს, 7 ოქტომბერს, ავიაკომპანიების ნაწილმა ისრაელის მიმართულებით რეისები შეაჩერა.

საფრთხის მომატებული რისკის გამო რეისების ნაწილი, თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად კვიპროსში, ლარნაკაში დაეშვა, ნაწილი კი უკან გაბრუნდა.

რეისები დროებით შეაჩერეს შემდეგმა ავიაკომპანიებმა: ლუფთანზა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ავიაკომპანიას აერთიანებს, ვიზეარი, რაინეარი, თურქეთის ავიახაზე, იუნაითედი, იზიჯეტი, ტრანსავია, იბერია და ა.შ.

თელ-ავივის მიმართულებით დღეს თბილისიდან რეისი გააუქმა „ჯორჯიან ეარვეისმაც“. შესაბამისად, რეისი გაუქმდა თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებითაც, რომელიც თბილისის დროით 22:20 საათზე უნდა შესრულებულიყო.

სოციალური ქსელებით გავრცელდა თელ-ავივის აეროპორტში გადაღებული ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია მიწაზე დაწოლილი ახლადჩაფრენილი მგზავრები, ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა. აღნიშნული სირენები ისრაელში მაშინ ირთვება, როცა სარაკეტო შეტევა იწყება.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი, ბრიტანული ტელეარხ Channel 4-ის ჟურნალისტი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს, აეროპორტის პერსონალმა მიწაზე დაწოლის მითითება სწორედ სირენების გამო გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების ნაწილმა რეისები გააუქმა, 7 ოქტომბერს, დღის განმავლობაში და საღამოს საათებშიც, რამდენიმე რეისი მაინც შესრულდა. მგზავრებს მოუწოდებენ, ნებისმიერი საკითხის გასარკვევად დაუკავშირდნენ ავიაკომპანიებს, აეროპორტს და მიყვნენ ოფიციალურ მითითებებს.


ღაზას სექტორიდან „ჰამასის“ შეჭრას თან მოჰყვა მასობრივი სარაკეტო იერიში ისრაელზე და შესაბამისი საპასუხო რეაქციაც.

თავდასხმის შედეგად დაღუპული ისრაელელების რიცხვი 150-ს აჭარბებს, მოკლულები არიან როგორც სამოქალაქო, ისე — სამხედრო პირები, სავარაუდოდ, ასეულობით ადამიანი ტყვედ ჩაიგდეს და ღაზას ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სოციალური ქსელებით ვრცელდება ტყვეების, მათ შორის, მოხუცების, ბავშვებისა და ქალების ამსახველი ვიდეოები. თავად „ჰამასის“ მებრძოლებმა გაავრცელეს მათ მიერვე ჩადენილი სასტიკი ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ვიდეოები, თუ როგორ უსწორდებიან ისრაელელებს. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.

საპასუხო თავდასხმას ღაზას სექტორშიც მსხვერპლი მოჰყვა, რომელთა რაოდენობა, პირველადი მონაცემებით, 200-ს აღწევს.

უფრო ვრცლად მიმდინარე ამბებს თვალი ადევნეთ განახლებად რეჟიმში.


ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი. ცხელი ხაზის ნომრებია:

  • +972526919092
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813

ფოტოზე: ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში სირენების ჩართვის გამო მგზავრები მიწაზე დააწვინეს/Secunder Kermani, Channel 4

მასალების გადაბეჭდვის წესი