ახალი ამბები

ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა

2 აპრილი, 2024 • 636
ისრაელის ავიაიერიშს ღაზაში ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშმა ღაზის სექტორში ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ (WCK) შვიდი თანამშრომელი იმსხვერპლა. ავიაიერიშის შედეგად მოკლულები არიან პოლონეთის, ავსტრალიის, ბრიტანეთისა აშშ-კანადის ორმაგი მოქალაქეები, ასევე, ერთი პალესტინელი.

ისრაელი ამბობს, რომ „უმაღლეს დონეზე“ გამოიძიებს აღნიშნულ შემთხვევას, ხოლო სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეებიც ისრაელის ავიაიერიშმა იმსხვერპლა, აღნიშნული ქვეყნისგან ელოდებიან კითხვებზე პასუხებს.

ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია WCK-მ განაცხადა, რომ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დროებით სრულად აჩერებს საქმიანობას ღაზის სექტორში, რადგან იქ მუშაობა არ არის უსაფრთხო. მუშაობას ასევე აჩერებს მეორე ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Anera. ორივე ჰუმანიტარული ორგანიზაცია ომში მცხოვრებ ღაზელებს ამ დრომდე კვირაში 2 მილიონამდე ულუფა საკვებს უმზადებდა.

გაეროს პალესტინელთა დახმარების ორგანიზაციის, UNRWA-ს კომუნიკაციების დირექტორმა ჟულიეტ ტუმამ BBC-ის განუცხადა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობის შეჩერება ღაზის მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

„ბავშვები შიმშილით იღუპებიან. თითოეული ორგანიზაციის მუშაობა, რომელიც ხალხს ეხმარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დახმარების გაცემის მოშლას სერიოზული გავლენა ექნება ადამიანებზე, რომლებსაც ისედაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება“, — განუცხადა ჟულიეტ ტუმამ BBC-ის.

როგორც WCK აცხადებს, ჰუმანიტარული მისიის ავტოკოლონა, რომელიც 2 დაჯავშნილი და ერთი ჩვეულებრივი ავტომობილისგან შედგებოდა, ისრაელის ავიაიერიშის სამიზნე მაშინ გახდა, როცა დეირ ალ-ბალას საწყობს ტოვებდა. ავტომობილებს ჰქონდათ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ემბლემები და მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო.

გარდა ამისა, ჰუმანიტარული ორგანიზაციის ცნობით, მათი თანამშრომლები ისრაელის სამხედრო ძალებთან შეთანხმებული მარშრუტით გადაადგილდებოდნენ ე.წ. დემილიტარიზებულ ზონაში, რა დროსაც მათი კოლონა დაიბომბა.

როგორც BBC წერს, WCK-ის ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებზე თავდასხმა, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, სერიოზულ გავლენას მოახდენს ღაზაში არსებულ ვითარებასა და უშუალოდ ისრაელის საერთაშორისო იმიჯზე.

მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ გაეროს პალესტინელთა დახმარების ორგანიზაცია UNRWA ჰამასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და ღაზაში მისი საქმიანობა შეზღუდა, ადგილზე დარჩნენ ძალიან მცირე რაოდენობის ორგანიზაციები, რომლებიც ომში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებიან.

BBC-ის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება აქამდე ამბობდა, რომ ღაზაში UNRWA-ს საქმიანობის შეზღუდვა დიდ პრობლემებს არ გამოიწვევდა, რადგან იქ სხვა ორგანიზაციებიც მუშაობდნენ, მათ შორის, WCK, რომლის კოლონაც გასულ ღამეს დაიბომბა. როგორც BBC წერს, ისრაელს აღნიშნული ნარატივის შენარჩუნება ამ შემთხვევის შემდეგ გაუჭირდება.


2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. „ჰამასის“ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.მთავარ ფოტოზე: ავტომობილი, რომლითაც WCK-ის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ/Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი