4 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც 3 მაისს, ღამით გმირთა მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ , თუმცა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ამ დრომდე არ გასცემენ.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში დღეს, 7 მაისს, განუცხადეს, ამ ეტაპზე „საკომენტარო“ არაფერი აქვთ. შესაბამისად, უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება გმირთა მოედანზე მომხდართან დაკავშირებით და არის თუ არა ვინმე დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კადრები, საიდანაც შესაძლებელია თავდამსხმელების იდენტიფიცირება.
ამ დროისთვის ასევე უცნობია, დააკავეს თუ არა მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელები. ლადო აფხაზავას შვილთან ერთად თავს 5 მაისს დაესხნენ. შსს-მ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე. ამასთან, ლადო აფხაზავას თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან კვლავ მივიდა მაშინ, როცა პედაგოგთან ტვ „პირველი“ იმყოფებოდა.
საგამოძიებო უწყებასთან კითხვები აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილი საქმეზეც. ხაბეიშვილი პირველ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.
დღეს, 7 მაისს, გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და პარტიის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ძალადობის ფაქტზე ბრიფინგი გამართეს და პროკურატურას მოუწოდეს, რომ გამოძიება 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით დაიწყოს, რაც წამებას გულისხმობს.
„დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს. ეს არის მათ კისერზე და ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლით.
ტვ „პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს სპეცნომრები რობოკოპების და თუ დაინტერესდებიან, ძალიან მარტივი დასადგენია, თუ ვინ არიან, ვინ იძალადა და როგორ იძალადა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი – ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც არის წამება, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, რადგან ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ეს ძალადობა არავის არ შერჩება“, — განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ