ახალი ამბები

ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვისთვის ისრაელმა ორი სამხედრო მაღალჩინოსანი გაათავისუფლა

5 აპრილი, 2024 • 1046
ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვისთვის ისრაელმა ორი სამხედრო მაღალჩინოსანი გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ავიაიერიშის გამო, რომელსაც ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა, ორი სამხედრო მაღალჩინოსანი გაათავისუფლა.

როგორც BBC წერს, აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა. გამოცემა წერს, რომ გარდა ამისა, წინასწარი მოკვლევისას მოპოვებული ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადაეცა იმის დასადგენად, იყო თუ არა კანონდარღვევა.

BBC წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დრონის ოპერატორებმა ჰუმანიტარული დახმარების პერსონალი, რომლებსაც თან ჩანთები ჰქონდათ, შეიარაღებულ პირებად აღიქვეს და მათ ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს.

BBC-ის ცნობით, წინასწარმა მოკვლევამ დაადგინა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომელი პირველ აფეთქებას გადაურჩა. მათ თავი შეაფარეს მეორე მანქანას, რომელსაც ასევე დრონის ჭურვი მოხვდა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, რამდენიმე ადამიანი მეორე აფეთქებასაც გადაურჩა, თუმცა მესამე მანქანისთვის ნასროლმა ჭურვმა მათი სიცოცხლეც იმსხვერპლა.


2 აპრილს ისრაელის ავიაიერიშმა ღაზის სექტორში ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ (WCK) შვიდი თანამშრომელი იმსხვერპლა. ავიაიერიშის შედეგად მოკლულები არიან პოლონეთის, ავსტრალიის, ბრიტანეთისა აშშ-კანადის ორმაგი მოქალაქეები, ასევე, ერთი პალესტინელი.

ისრაელი ამბობს, რომ „უმაღლეს დონეზე“ გამოიძიებს აღნიშნულ შემთხვევას, ხოლო სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეებიც ისრაელის ავიაიერიშმა იმსხვერპლა, აღნიშნული ქვეყნისგან ელოდებიან კითხვებზე პასუხებს.

ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია WCK-მ განაცხადა, რომ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დროებით სრულად აჩერებს საქმიანობას ღაზის სექტორში, რადგან იქ მუშაობა არ არის უსაფრთხო. მუშაობას ასევე აჩერებს მეორე ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Anera. ორივე ჰუმანიტარული ორგანიზაცია ომში მცხოვრებ ღაზელებს ამ დრომდე კვირაში 2 მილიონამდე ულუფა საკვებს უმზადებდა.

გაეროს პალესტინელთა დახმარების ორგანიზაციის, UNRWA-ს კომუნიკაციების დირექტორმა ჟულიეტ ტუმამ BBC-ის განუცხადა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობის შეჩერება ღაზის მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

„ბავშვები შიმშილით იღუპებიან. თითოეული ორგანიზაციის მუშაობა, რომელიც ხალხს ეხმარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დახმარების გაცემის მოშლას სერიოზული გავლენა ექნება ადამიანებზე, რომლებსაც ისედაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება“, — განუცხადა ჟულიეტ ტუმამ BBC-ის.

როგორც WCK აცხადებს, ჰუმანიტარული მისიის ავტოკოლონა, რომელიც 2 დაჯავშნილი და ერთი ჩვეულებრივი ავტომობილისგან შედგებოდა, ისრაელის ავიაიერიშის სამიზნე მაშინ გახდა, როცა დეირ ალ-ბალას საწყობს ტოვებდა. ავტომობილებს ჰქონდათ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ემბლემები და მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო.

გარდა ამისა, ჰუმანიტარული ორგანიზაციის ცნობით, მათი თანამშრომლები ისრაელის სამხედრო ძალებთან შეთანხმებული მარშრუტით გადაადგილდებოდნენ ე.წ. დემილიტარიზებულ ზონაში, რა დროსაც მათი კოლონა დაიბომბა.

როგორც BBC წერს, WCK-ის ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებზე თავდასხმა, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, სერიოზულ გავლენას მოახდენს ღაზაში არსებულ ვითარებასა და უშუალოდ ისრაელის საერთაშორისო იმიჯზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი