ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, „ჰამასის“ მიერ ისრაელის თავდასხმის ფონზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს — იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, ასევე, მათ პარტიებს — საგანგებო დროებით მთავრობაში შესვლას სთავაზობს.
„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, პრემიერმა ლაპიდსა და განცს ეს დღეს გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა და აღნიშნა, რომ მთავრობა იმავე ფორმატის იქნება, როგორც ისრაელისა და არაბული ქვეყნების 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს.
ლაპიდმა ადრე გამოქვეყნებულ განაცხადში მზადყოფნა გამოთქვა ასეთ მთავრობაში შესვლაზე, თუმცა ყურადღება გაამახვილა, რომ ომის დროს სიტუაციის მართვა შეუძლებელი იქნება „ამჟამინდელი მთავრობის დისფუნქციური კაბინეტის“ პირობებში. „თაიმს ოფ ისრაელ“ ხსნის, რომ ლაპიდს მხედველობაში აქვს ნეთანიაჰუს კოალიციაში შემავალი ულტრამემარჯვენე პარტიები.
ბენი განცის თქმით, იგი განიხილავს მთავრობაში შესვლას საბრძოლო მოქმედებების პერიოდში. იგი ხაზს უსვამს, რომ ასეთი მთავრობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებით უნდა დაკავდეს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა უნდა ჰქონდეთ. მისივე თქმით, ამჟამინდელი მთავრობაც უსაფრთხოების სფეროში გადადგმულ „საპასუხისმგებლო და გაბედულ“ ნაბიჯებში მისი პარტიის სრულ მხარდამჭერას იიღებს.
7 ოქტომბრის დილით ისლამისტური „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – განახორციელეს სარაკეტო დარტყმები, ისრაელის ტერიტორიაზეც შევიდნენ, დახოცეს ადამიანები და მძევლებიც აიყვანეს.
ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოცდაორ ლოკაციაზე იბრძვიან.