ახალი ამბები

ბელარუსში 10 და 12 წელი მიუსაჯეს ექსპერტებსა და ჟურნალისტებს

17 მარტი, 2023 • 1850
ბელარუსში 10 და 12 წელი მიუსაჯეს ექსპერტებსა და ჟურნალისტებს

პარასკევს, 17 თებერვალს, ბელარუსის ხელისუფლებამ 12-12 წელი მიუსაჯა ორ ქალს, რომლებიც ქვეყნის უმსხვილეს დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოცემაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდნენ. დღესვე 10 წლით დააპატიმრეს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი.

45 წლის მარინა ზოლოტოვა და 52 წლის ლუდმილა ჩეკინა პორტალ Tut.by-ში საქმიანობდნენ. ზოლოტოვა მთავარი რედაქტორი იყო, ჩეკინა — გენერალური დირექტორი.

Tut.by აქტიურად აშუქებდა ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აგორებულ ისტორიულ პროტესტს, რომელსაც მასშტაბური რეპრესიები მოჰყვა. შედეგად, საინფორმაციო პორტალი დაიხურა.

17 მარტს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიტიკის მეცნიერს, ვალერია კოსტიუგოვასაც, რომელიც ანალიტიკური ვებგვერდის “Наше мнение”(ჩვენი აზრი) რედაქტორია. ის 2021 წლის ივნისში დააკავეს.

კიდევ ერთი ექსპერტი ტატიანა კუზინა, რომელსაც ასევე 10 წელი მიუსაჯეს, საჯარო მმართველობის სფეროს სპეციალისტი და საჯარო მმართველობის სკოლის დამფუძნებელია.

Tut.by-ს გუნდის ემიგრირებული წევრების მიერ დაფუძნებული საინფორმაციო პორტალის, Zerkalo-ს ცნობით, კუზინა 2021 წლის ივნისში მინსკის აეროპორტში დააკავეს მაშინ როცა საქართველოში წამოსვლას ცდილობდა.

ეს განაჩენები ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდია დაპატიმრებების სერიიდან, რომლის სამიზნეც რეჟიმისადმი კრიტიკული ჟურნალისტები და აქტივისტები არიან; უმთავრესად კი ისინი, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ლუკაშენკოს გამარჯვება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ზოლოტოვასა და ჩეკინას ბელარუსის სასამართლომ მრავალი ბრალდება წაუყენა, რომელთა შორისაც იყო “მასალების გავრცელება, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებებს შეიცავდა”, და “სიძულვილის გაღვივება”.

ლუდმილა ჩეკინა დამნაშავედ ცნეს გადასახადებისგან თავის არიდებაშიც. ესაა მუხლი, რომელიც, კრიტიკოსთა შეფასებით, რეგულარულად გამოიყენება განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა გასაჩუმებლად.

სასამართლოში მარინა ზოლოტოვასა და ლუდმილა ჩეკინას საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

“ბელარუსელი ჟურნალისტების ასოციაციამ” ვერდიქტი შეაფასა “სასტიკ შურისძიებად სიმართლისთვის”, საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” კი აბსურდულს უწოდებს ქალების წინააღმდეგ გახმიანებულ ბრალდებებს.

რაც შეეხებათ კოსტიუგოვასა და კუზინას- მათ, სხვა მუხლებთან ერთად, სიძულვილის გაღვივებასა და მთავრობის დამხობისკენ მოწოდებული ქმედებების მხარდაჭერას ედავებოდნენ.

უფლებადამცველებს ოთხივე ქალი პოლიტიკურ პატიმრებად ჰყავთ აღიარებული.

ექსპერტებისა და მედიამენეჯერების მიმართ გამოტანილ განაჩენებს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

“ერს, რომელიც თავის საუკეთესო მკვლევრებს აპატიმრებს, მომავალი არ აქვს, მაგრამ რეჟიმის პრიორიტეტი განვითარება არ არის”, — წერს ის “ტვიტერზე”, მეორე პოსტში კი დასძენს, რომ “ესაა მორიგი მცდელობა ბელარუსში პატიოსანი ჟურნალისტიკის მკვლელობისა”.

“მაგრამ მე ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს”, — წერს ტიხანოვსკაია.

“ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს საქმეს”

2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბელარუსის ცესკომ გამარჯვებულად გამოაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას.

აღნიშნულს მოჰყვა ბელარუსში მასობრივი, უპრეცედენტო ანტისამთავრობო პროტესტი, რასაც ხელისუფლებამ  ძალადობით უპასუხა:

35 000 ადამიანი დააკავეს, ასობით გაასამართლეს. პოლიცია დემონსტრანტებს სცემდა, უფლებადამცველები კი საპატიმროებში ასობით ადამიანის წამების შესახებ საუბრობდნენ. თითქმის ყველა ოპოზიციური ფიგურა ან დააპატიმრეს, ან დევნილობაშია.

სახელმწიფომ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კი დაბლოკა. ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ვიასნას” თანახმად,  ამჟამად ბელარუსს 1 450-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა მიზანში ამოიღო, სწორედ საინფორმაციო პორტალი Tut.by იყო. ის 2022 წელს დაიხურა — მას შემდეგ, რაც “ექსტრემისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადეს.

უშუალოდ მარინა ზოლოტოვა და ლუდმილა ჩეკინა 2021 წლის მაისში 13 სხვა კოლეგასთან ერთად დააკავეს.

მედიაგამოცემის არაერთმა ჟურნალისტმა ბელარუსის დატოვება შეძლო და საზღვარგარეთიდან განაგრძობს საქმიანობას. როგორც Tut.by-ს გუნდის ემიგრირებული წევრების მიერ დაფუძნებული საინფორმაციო პორტალი Zerkalo წერს, Tut.by-ს საქმეზე მხოლოდ ზოლოტოვა და ჩეკინა რჩებიან გისოსებს მიღმა.

“მილა, მარინა, გვეამაყებით. თქვენი კეთილსინდისიერება და გამძლეობა მაგალითია ყველასათვის… ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს საქმეს: ბელარუსელი ხალხისთვის ნამდვილი ახალი ამბების მოყოლას, რაც არ უნდა მოხდეს”, — ნათქვამია Zerkalo-ს გუნდის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ამავე თემაზე:

როგორ შეაფერხა რუსეთის ძალები ბელარუსელთა “სარკინიგზო ომმა”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი