ახალი ამბები

„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

29 აგვისტო, 2021 • 1705
„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

გასული წლის აგვისტოში ბელარუსის ქალაქები უპრეცედენტოდ დიდმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. არჩევნების შედეგებითა და პოლიციის ძალმომრეობით უკმაყოფილო ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის დასრულება მოითხოვა.

1 წლის შემდეგ, ბელარუსის ქუჩებში ლოზუნგები, თითქმის, აღარ ისმის: პროტესტისადმი სახელმწიფოს ხისტი, ძალადობრივი პასუხის, ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებისა თუ ათეულობით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის დახურვის ფონზე, ქვეყანაში ნებისმიერი ოპოზიციური აქტივობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

თუმცა, ბელარუსის შიგნით თუ გარეთ, მრავალი თანხმდება, რომ გასულმა წელმა ქვეყანა და მისი საზოგადოება მნიშვნელოვნად, ზოგიერთ შემთხვევაში კი — სამუდამოდ შეცვალა. ასე ფიქრობს არაერთი ბელარუსელი აქტივისტიც, რომელიც სამშობლოდან პოტენციურ რეპრესიებს გამოექცა და უსაფრთხო სივრცე საქართველოში იპოვა.

მიმდინარე დღეებში მათ “ნეტგაზეთთან” საუბარში გაიხსენეს, როგორ იბადებოდა და იზრდებოდა საპროტესტო მოძრაობა და როგორ უპასუხა მას ხელისუფლებამ; ასევე გვიამბეს თავიანთ ცხოვრებაზე საქართველოში და იმ გაურკვევლობაზე, რომელიც თბილისსა და მინსკს შორის უსაფრთხოების შესახებ წლების წინ ხელმოწერილმა და ახლა ამოქმედებულმა ხელშეკრულებამ გააჩინა.

“ადამიანები დაიღალნენ”

ბელარუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცხადი გახდა, რომ პოლიტიკურად არცთუ აქტიურ საზოგადოებაში ახალი მოძრაობა იწყებოდა.

ამას გრძნობდა ნატალიაც [რესპონდენტის თხოვნით, მისი სახელი შეცვლილია] — მინსკში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელიც პოლიტიკურ აქტივობებში 4 წლით ადრე ჩაება და ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას შეუერთდა, გასული წლის არჩევნების დროს კი დამკვირვებლად იყო მივლენილი მინსკის ერთ-ერთ უბანზე.

“ბელარუსში პარტიის რეგისტრაცია ძალიან რთულია. ჩვენ გვაქვს ლუკაშენკოს პარტია და სხვა, მცირე ოდენობის პარტიები, რომელთა ნახევარი ისევ ლუკაშენკოს უჭერს მხარს. ასე რომ, თუ მთავრობა არ მოგწონს და გინდა რამე შეცვალო, ამ კუთხით დიდი არჩევანი არ არის”, — უთხრა ნატალიამ “ნეტგაზეთს”.

ლუკაშენკო სიტყვით გამოდის. ფოტო: EPA-EFE/SERGEI GAPON/ POOL

საბოლოოდ, ნატალია ლუკაშენკოსადმი კრიტიკულ “სოციალ-დემოკრატიულ პარტიას” შეუერთდა იმ მიზნით, რომ თავის სამშობლოში რაიმე შეეცვალა და მცირედი წვლილი მაინც შეეტანა ბელარუსის დემოკრატიულ განვითარებაში. თუმცა, გარშემო ამ მონდომებას ნაკლებად გრძნობდა:

“გავაცნობიერე, რომ ხალხი იყო აბსოლუტურად ინდიფერენტული ყველაფრის მიმართ. მათ არ ჰქონდათ არანაირი თავისუფლება, თუმცა, მეორე მხრივ, სრულ აპათიაში იყვნენ. უბრალოდ, ეგუებოდნენ ლუკაშენკოს და ბევრს არ დარდობდნენ შექმნილი სიტუაციის გამო.

[გეოგრაფიულად] ახლოს ვცხოვრობთ ევროპასთან და ყოველთვის შეგვიძლია, შევადაროთ, როგორ ცხოვრობს ხალხი იქ და როგორ ვცხოვრობთ ჩვენ. ბელარუსთან შედარებით, რუსეთიც კი უფრო დემოკრატიულად ჩანს”.

თუმცა, როგორც ჰყვება, 2020 წელს რაღაც გარდატყდა:

“სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა. ძალიან გაკვირვებული ვიყავი. ძალიან ბევრ ხალხს სურდა საარჩევნო პროცესში ჩართვა. დიდი შთაგონება იყო ეს ჩვენთვის”.

აქტივისტები ხელმოწერებს აგროვებენ თავიანთი პოტენციური კანდიდატების დასარეგისტრირებლად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბელარუსში. 14.06.2020 ფოტო: EPA

ნატალია დასძენს, რომ “პირველ რიგში, ადამიანები დაიღალნენ” ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობით და შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს ხელისუფლების იმ ქმედებათა გამო, რომელიც ამ პერიოდს ახლდა თან. გასულ წელს კი საზოგადოებაში დაგროვილ უკმაყოფილებას ახალი კორონავირუსიც დაემატა.

“პანდემიის დროს ძალიან ბევრმა დაკარგა ნათესავი, ჩვენი პრეზიდენტი კი ამბობდა სისულელეებს, რომ დალიეთ არაყი და კოვიდი არ შეგხვდებათ… რომ ყველაფერი კარგადაა და მსგავსი კონსპირაციები. ძალიან ბევრი უკმაყოფილო იყო ამის გამო.

ბელარუსელები მომთმენი ხალხი ვართ. ძალიან მშვიდები ვართ. ამის გამოც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, რაც 2020-ში ხდებოდა. ემოციური იყო იმის დანახვა, რამდენ ხალხს აინტერესებდა არჩევნების შედეგი, მაშინ როცა 1 წლით ადრე, [საპარლამენტო არჩევნებზე], მათ საერთოდ არ ადარდებდათ, რა მოხდებოდა”.

ოპონენტებისაგან მოსუფთავებული გზა

1994 წლიდან დღემდე, ლუკაშენკო 5 ვადით უკვე იყო პრეზიდენტი. დასავლელ დამკვირვებელთა მიერ არც წინა წლებში ჩატარებული კენჭისყრები ფასდებოდა თავისუფლად და გამჭვირვალედ.

თუმცა,-ერთ ყველაზე საკამათო, 2010 წლის არჩევნებზეც კი — რომელზეც ბელარუსის ცესკომ ლუკაშენკოს 80% დაუწერა — მან მართლაც შეძლო უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება. სანდო და და დამოუკიდებელ ორგანიზაციად აღიარებული IISEPS-ის თანახმად, ლუკაშენკომ მაშინ ხმათა 51% მიიღო.

შესაბამისად, გასულ წლებში, ლუკაშენკო, სავარაუდოდ, ახერხებდა გამარჯვებისათვის საკმარისი მხარდაჭერის მობილიზებას. თუმცა, 2020 წელს მისთვის სასურველ შედეგს არაერთი მიმართულებით შეექმნა საფრთხე. 26-წლიანი მმართველობით საზოგადოების დაღლას, ოპონენტთა დევნასა და პანდემიის კრიზისს ეკონომიკური ჩავარდნებიც ემატებოდა.

პროტესტი მინსკში მას შემდეგ, რაც ვიქტორ ბაბარიკოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. ფოტო: EPA

ლუკაშენკოსადმი უკმაყოფილება ოპოზიციამ წარმატებაზეც აისახა: მისი კონკურენტების — ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკის, ბანკირ ვიქტორ ბაბარიკოსა და ყოფილი დიპლომატის — ვალერი ცეპკალოს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

მათი პოლიტიკური აქტივობები დიდხანს აღარ გაგრძელებულა: პოლიტიკოსებს ჯერ კანდიდატებად რეგისტრაციის დროს შეუქმნეს პრობლემები, შემდეგ კი ორი მათგანი — ტიხანოვსკი და ბაბარიკო — სხვადასხვა ბრალდებით დააპატიმრეს. განაცხადა რა, რომ მასაც იგივე ბედი ელოდა, ვალერი ცეპკალომ ბელარუსი დატოვა.

ასე დაცარიელდა ლუკაშენკოს გზა მეექვსე ვადით პრეზიდენტობისკენ, თუმცა მხოლოდ დროებით: მოულოდნელად, სერგეი ტიხანოვკის მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ქმრის მაგივრად გადაწყვიტა კანდიდატად რეგისტრაცია.

3 ქალი ლუკაშენკოს წინააღმდეგ

ლუკაშენკოს ხელისუფლებას პოლიტიკური წარსულის არმქონე სვეტლანა ტიხანოვსკაიას ეს მცდელობა, თავდაპირველად, სერიოზულად არ აღუქვამს.

“ყველა ხვდებოდა, რის გაკეთებას ცდილობდა სვეტლანა, მაგრამ მისი არავის სჯეროდა. როცა საარჩევნო კომისიაში მის კანდიდატურას არეგისტრირებდნენ, ეღიმებოდათ. ფიქრობდნენ, რომ ის არ იყო ისეთი დიდი ფიგურა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევა გამხდარიყო ლუკაშენკოსთვის”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” ალექსანდრე, ბელარუსის პროტესტის მონაწილე.

ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ტიხანოვსკაიას გარშემო საერთო ოპოზიციური ფრონტი ჩამოყალიბდა: მას შეუერთდნენ დაპატიმრებული ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის უფროსი მარია კოლესნიკოვა და ბელარუსიდან წასული ვალერი ცეპკალოს მეუღლე — ვერონიკა ცეპკალო.

მარცხნიდან მარჯვნივ: ვერონიკა ცეპკალო, სვეტლანა ტიხანოვსკაია და მარია კოლესნიკოვა ფოტო: EPA

ასე დაუპირისპირდა “ქალთა ტრიო” “ევროპის უკანასკნელ დიქტატორს”. მათი მზარდი წარმატება რიცხვებშიც კარგად ჩანდა: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიხანოვსკაიას წინასაარჩევნო ყრილობას, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დათვლით,  60 000 ადამიანი დაესწრო. ეს იყო უდიდესი დემონსტრაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

“ეს ერთგვარი იმედი იყო ყველასთვის. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ყველას უნდა მიეცა ხმა ტიხანოვსკაიასთვის და როცა ის გაიმარჯვებდა, დაინიშნებოდა ახალი არჩევნები. ყველას ეს სურდა. მოქალაქეებმა დაიწყეს თეთრი სამაჯურების გაკეთება, რომელიც სვეტლანასადმი მხარდაჭერას აღნიშნავდა”, — დასძენს ალექსანდრე.

სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და მისი თანაგუნდელების შეხვედრა ამომრჩეველთან. 31.07.20 ფოტო: EPA

“ნეტგაზეთის” კიდევ ერთი რესპონდენტი ლენა [რესპონდენტის თხოვნით, მისი სახელი შეცვლილია], რომელიც ბოლო წლებში “ბელარუსის სტუდენტთა ასოციაციაში” საქმიანობდა, არჩევნებზე წასვლას არ გეგმავდა. თუმცა, საერთო სურათმა აზრი შეაცვლევინა:

“ჩემი ხედვით, არჩევნებისთვის ბოიკოტი უნდა გამოგვეცხადებინა, თუმცა ხალხმა სხვა გზა აირჩია. შესაბამისად, მეც გადავწყვიტე, არსებული გზებით მონაწილეობა მიმეღო ამ პროცესში და ვყოფილიყავი დამკვირვებელი”.

რიგები წვიმიან ამინდში — იმედიდან ბრაზამდე

ბელარუსში არჩევნები 6 დღის მანძილზე გრძელდება. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასწარი ხმის მიცემა 4 აგვისტოს დაიწყო, დასკვნით დღედ კი 9 აგვისტო განისაზღვრა.

ლენაც, ნატალიაც და ალექსანდრეც დამკვირვებლებად იყვნენ რეგისტრირებულნი, თუმცა შეზღუდული უფლებებით: ლენა ჰყვება, რომ აკრედიტაცია ზუსტად 15 წუთში, მას შემდეგ დაკარგა, რაც საუბნო კომისიის წევრები მისმა კითხვებმა გააღიზიანა.

ნატალიასა და ალექსანდრეს უშუალოდ უბნებში შესვლის საშუალება არ მიეცათ. ისინი შენობის გარეთ აკვირდებოდნენ პროცესს და ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. მას შემდეგ, რაც აკრედიტაცია ჩამოართვეს, ლენაც საარჩევნო უბნის ეზოში აღმოჩნდა.

“არ გვაინტერესებდა, ვის აძლევდნენ ხმას. უბრალოდ, გვაინტერესებდა რა იყო არჩევნებზე მოსულთა რეალური ოდენობა და რამდენი ბიულეტენი იქნებოდა გამოყენებული”, — დასძენს ნატალია.

რიგი საარჩევნო უბანთან მინსკში. 09.08.2020 ფოტო: EPA რიგი საარჩევნო უბანთან მინსკში. 09.08.2020 ფოტო: EPA

ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ, მათი არჩევანი შესაძლო გაყალბებას გადარჩენოდა.

“ვიცოდი, რომ როცა კომისიის წევრები ჩემს სამაჯურს დაინახავდნენ, [წინასწარ] გაფუჭებულ ბიულეტენს მომცემდნენ. მართლაც, როცა ბიულეტენი ავიღე, დავინახე, რომ ზედ პატარა წერტილი იყო დასმული. ეს სპეციალური ტექნიკაა. ეს იყო არავალიდური ბიულეტენი.

ამის შემდეგ მოვითხოვე ახალი ბიულეტენი. ამასთან, ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეთანხმებული იყო, რომ ყუთში ჩაგდებამდე ბიულეტენისთვის გარმონის ფორმა უნდა მიგვეცა და ისე მოგვეკეცა. ამგვარად უფრო მარტივი იქნებოდა იმის გაგება, რამდენმა მისცა ხმა ტიხანოვსკაიას.

ამასთან, უკვე შემოხაზულ ბიულეტენს ვუღებდით ფოტოს და ტიხანოვსკაიას ვუგზავნიდით. მრავალ ხერხს მივმართავდით, რომ თავიდან აგვეცილებინა გაყალბება”, — აღნიშნავს ალექსანდრე.

ამომრჩეველთა მოტივაცია აშკარა იყო. ამას გრძნობდნენ ადამიანებიც, რომლებიც კენჭისყრის პროცესს გარედან ადევნებდნენ თვალს. უბნებთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა კენჭისყრის დასკვნით დღეს შეინიშნებოდა.

“წვიმიანი დღე იყო. ხალხი წვიმიან ამინდში, საათობით იცდიდა, რომ თავიანთი არჩევანი დაეფიქსირებინათ. ჩვენც ასე, საწვიმრებით ვიდექით და ვაკვირდებოდით.

ბევრი ადამიანი მოდიოდა შენობასთან, ყავა, ჩაი, ბუტერბროდები მოჰქონდათ. მადლობას გვიხდიდნენ იმისთვის, რომ ჩვენს საქმეს ვასრულებდით, გვეუბნებოდნენ, რომ გავიმარჯვებდით.

როცა კენჭისყრის პროცესი დასრულდა, ხალხი არსად წასულა. ისინი, ვინც დილით მისცეს ხმა, ისევ დაბრუნდნენ და ეზოში დაიწყეს შეკრება. მთელი ეზო ხალხით იყო სავსე. თავიანთი ბავშვებით, შინაური ცხოველებით მოდიდოდნენ და შედეგს ელოდნენ”, — ამბობს ნატალია.

რიგი საარჩევნო უბანთან მინსკში. 09.08.2020 ფოტო: EPA რიგი საარჩევნო უბანთან მინსკში. 09.08.2020 ფოტო: EPA

სამთავრობო ეგზიტპოლი ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა იმავე ღამით ქუჩებში გამოსულიყვნენ: ამ მონაცემებით, ლუკაშენკომ ხმათა 80% მიიღო, ტიხანოვსკაიამ კი — 10%. დაახლოებით მსგავსი იყო ოფიციალური შედეგებიც.

“სკოლაში, რომელთანაც ვიდექი, ორი საარჩევნო უბანი იყო. ერთ-ერთმა გაგვიზიარა შედეგი, რომლის მიხედვითაც ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა 71%-ით. მეორე, იმ უბანმა, სადაც აკრედიტაცია მქონდა და შემდეგ ჩამომართვეს, შედეგი არ გვაჩვენა”, — ამბობს ლენა.

შემაჯამებელი ოქმი ნატალიასა და მის თანმხლებ დამკვირვებლებსაც აჩვენეს. იქაც ტიხანოვსკაია იგებდა, თუმცა ოქმს ბეჭედი არ ჰქონდა. ნატალია ვარაუდობს, რომ შედეგი დოკუმენტის ოფიციალურ ვერსიაში შეცვალეს. ამბობს იმასაც, რომ:

“ისინი, ვინც აყალბებდნენ არჩევნებს, არ იყვნენ ცალსახად ცუდი ადამიანები. კომისიის თავმჯდომარე ქალიც არ იყო ცუდი ადამიანი. ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი იყო. არჩევნების მიმდინარეობისას გვეუბნებოდა ხოლმე, ძალიან მეშინია, მხარს გიჭერთ, მაგრამ არ ვიცი, რა ვქნაო. ვფიქრობ, ოქმი რეალური შედეგით მან გააკეთა ჩვენთვის”.

“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდოდა”

ნატალია ღამის განმავლობაში თავის საარჩევნო უბანთან დარჩა, ალექსანდრე სახლში წავიდა, ლენა კი, მეგობრებთან ერთად, ქალაქის ცენტრისკენ გაემართა.

9 აგვისტოს ღამით ყველაზე დრამატული მოვლენები მინსკის ცენტრალურ ქუჩებში განვითარდა: პოლიციის მიერ ნაცემი, დასისხლიანებული ადამიანების ფოტოები მალევე გავრცელდა როგორც ბელარუსში, ისე — საერთაშორისო მედიაში.

თუმცა, ბელარუსის შიგნით ინფორმაციასთან წვდომა ჭირდა: ინტერნეტი ჯერ კიდევ შეტაკებების დაწყებამდე გაითიშა.

პროტესტი და შეტაკებები მინსკში. ფოტო EPA

“მე და ჩემი მეგობრები გავიყავით, რადგან ჯგუფად სიარული [კარგი იდეა არ იყო]. გადავწყვიტეთ, რომ ყველა წავიდოდა იმ ადგილას, რომელიც უსაფრთხოდ ეგულებოდა.

თუმცა, იმ მომენტში ვერსად ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ. ჩემს მხარეს იდგა 10-20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, მეორე მხარეს კი — პოლიციის კორდონი. ისინი ხელკეტებს ურტყამდნენ ფარებს. ძალიან მეშინოდა. ვიყავი მარტო, ინტერნეტის გარეშე”, — ჰყვება ლენა.

მიუხედავად დახშული კავშირისა, პარტნიორთან და მეგობრებთან ერთად სახლში დაბრუნებულმა ლენამ ახალი ამბების ნახვა შეძლო. იმ მომენტში მიხვდა, რომ პროტესტში მონაწილეობა სხვა ფორმით უნდა გაეგრძელებინა. ასეც მოხდა:

“გავაცნობიერე, არც ისეთი მებრძოლი ვიყავი, არც იმდენი სიმამაცე და ბრაზი მქონდა, რომ მაგალითად, ბარიკადებზე მდგომი პოლიციას დავტაკებოდი. ასე რომ, ვიფიქრე, [სხვა ფორმით] ჩავრთულიყავი პროტესტისადმი მხარდაჭერაში.

…ვიპოვე ადამიანები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას აორგანიზებდნენ პროტესტის მონაწილეებისთვის.

დავუკავშირდი გოგოს, რომელმაც მითხრა, რომ ხალხს აგროვებდა ამისთვის. მანვე გამომიგზავნა ვიდეო ინსტრუქციები და სია იმ აღჭურვილობისა, რომელიც უნდა მქონოდა”.

პოლიციის მანქანა დემონსტრანტს ეჯახება მინსკში მიმდინარე პროტესტის დროს. ფოტო EPA

ძალმომრეობამ და მასობრივმა დაკავებებმა პროტესტი მხოლოდ გააძლიერა. თუმცა, ეს არ მომხდარა ერთბაშად:

სანამ ქუჩებს ხალხის დიდი კოლონები დაფარავდა, მინსკსა და სხვა ქალაქებში თეთრი სამოსით, ყვავილებითა და ძალადობის საწინააღმდეგო პლაკატებით ბელარუსელი ქალები გამოვიდნენ და ცოცხალი ჯაჭვები შეკრეს.

“როცა არ ვმუშაობდი, ვაპროტესტებდი… მთელი კვირის მანძილზე ქალთა პროტესტში ვმონაწილეობდი, კვირას კი — დიდ, საერთო დემონსტრაციებში”, — აღნიშნავს ნატალია.

პროცესი რამდენიმე ასეულმა ქალმა დაიწყო. შემდეგ მათმა რიცხვმა ათასებს მიაღწია, არჩევნებიდან 1 კვირის თავზე კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ბელარუსის ქალაქების ქუჩებში ასობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. ეს უპრეცედენტო პროტესტი იყო.

“ყველა იაზრებდა, რომ მაშინ ქუჩაში გასვლა ჩვენი მოვალეობა იყო, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდოდა.  ამის შემდეგ, მე და ჩემი ცოლი ყოველ კვირას აქციაზე გავდიოდით”, — ამბობს ალექსანდრე.

პროტესტი მინსკში. 16.08.20 ფოტო: EPA

აქტივისტები ხაზს უსვამენ, რომ იმ დღეებში ადამიანები ქუჩებში რომელიმე პოლიტიკოსის მხარდასაჭერად არ გამოდიოდნენ. როგორც ამბობენ, ეს იყო პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, სამართლიანობის მოთხოვნით.

“გაბრაზებული ვიყავი ყველაზე: სახელმწიფოზე, რომელიც ამ დავალებებს გასცემდა, ადამიანებზე, ვინც ასრულებდნენ მის მითითებებს, ოპოზიციის კანდიდატებზე, რომელთაც არ ჰქონიათ არანაირი გეგმა…

ნათელი იყო ის, რომ სახელმწიფო იმ პერიოდში პატიოსნად და თავაზიანად არ იმოქმედებდა, თუმცა არავინ მოემზადა. გაბრაზებული ვიყავი, ვამბობდი, მე პროექტების მენეჯერი, რომელსაც არაფერი გაგეგება ამ სამედიცინო საკითხების, რატომ უნდა ვაწყობდე ამ ქსელს.

რამდენიმე დღეში აღმოვაჩინე, რომ იყო რაღაც პარალელური სტრუქტურა, მაგრამ პირველ დღეებში ძალიან გაბრაზებული ვიყავი”, — აღნიშნავს ლენა.

ბრაზთან ერთად გრძნობდა შიშსაც; მოლოდინს იმისა, რომ შეიძლებოდა, სამედიცინო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მანქანაში მჯდომი პოლიციას გაეჩერებინა და იმ დღეს სახლში ვეღარ დაბრუნებულიყო. თუმცა, იყო “იმედი და შთაგონებაც”:

“ძალიან ძვირადღირებული რაღაცები ვიყიდეთ და ეს გავაკეთე რამდენიმე საკმაოდ ჩვეულებრივი საუბრის შედეგად პროტესტის ადგილას, ოფისსა თუ კაფეში.

როცა ვამბობდი, რომ ვეძებდი სახსრებს სამედიცინო დახმარებისთვის, ხალხი მეუბნებოდა, რომ კი, მე მოგცემ ფულს ან ვიყიდი რაიმეს შენთვის…

ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩვეულებრივ, ხალხს ბევრი სასიამოვნო რამის თქმა შეუძლია, მაგრამ როცა ამ სიტყვებთან ერთად ისინი მზად არიან, შემოწირულობაც გაიღონ, ნიშნავს, რომ ეს მათთვის პერსონალური ფასეულობაა”.

ბელარუსელ ქალთა პროტესტი მინსკში. 29.08.20 ფოტო: EPA ბელარუსელ ქალთა პროტესტი მინსკში. 29.08.20 ფოტო: EPA

იმ დღეებში ბელარუსმა ბევრი უპრეცედენტო სცენა იხილა. ბელარუსის პირველი რესპუბლიკის (1918) დროშა თეთრი და წითელი ზოლებით, რომელიც საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა, აფრიალდა ქუჩებში, შენობების სახურავებზე, ღობეებსა თუ აივნებზე; ქარხნების გაფიცული მუშები იქვე მდგომ ლუკაშენკოს საპროტესტო შეძახილებს უყვიროდნენ; სახელმწიფო ტელეარხი კი, თანამშრომელთა ნაწილის პროტესტის ფონზე, ცარიელი სტუდიით გავიდა ეთერში.

“მახსოვს, დიდ მწკრივად მივდიოდით ქალაქის მთავარ გამზირზე და რატუშას მივუახლოვდით. ეს ქალაქის თვითმმართველობის ისტორიული შენობაა, თავისი ზარით, რომელსაც უწინ მაშინ რეკდნენ, როცა მთავრობა რაიმე გადაწყვეტილებას იღებდა.

როცა შენობას მივუახლოვდით, ვიღაცამ დარეკა ეს ზარი. ზუსტად არ ვიცი, ვინ, მაგრამ სავარაუდოდ, ეს გააკეთა ვიღაცამ, ვინც იქ მუშაობს და ამ ფორმით დაგვიჭირა მხარი. თითქოს განსხვავებულ სამყაროში ვიყავით. კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო. იქამდე ვერ წარმომედგინა, რომ ეს შესაძლებელი იყო”, — იხსენებს ნატალია.

ლუკაშენკოს პასუხი: რეპრესიები

ლუკაშენკოს ხელისუფლებამ საზოგადოების პროტესტს იმთავითვე ხისტად უპასუხა: გარდა ქუჩაში ძალადობისა, ადამიანები ყვებოდნენ სასტიკი წამებისა და დამცირების შესახებ საპატიმროებში.

მიზანში ამოიღეს როგორც აქტივისტები, ისე ოპოზიციის ლიდერები: სვეტლანა ტიხანოვსკაია და ვერონიკა ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ, მარია კოლესნიკოვა კი, რომელმაც საზღვარზე პასპორტი დახია და ამ გზით აირიდა ძალისმიერი გაძევება, დააკავეს. მას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბოლო 1 წლის განმავლობაში 35 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა საპატიმროში. ასეულობით მოქალაქე გაასამართლეს, ნაწილი — ვერდიქტს ელის.

სციაპან ლატიპაუ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე, პროტესტის ნიშნად, დაზიანება მიიყენა. ფოტო: რადიო თავისუფლება სციაპან ლატიპაუ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე, პროტესტის ნიშნად, დაზიანება მიიყენა. ფოტო: Radio Free Europe/Radio Liberty

“ნიღბიანი კაცები მცემდნენ ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით, მცემდნენ ერთად და ცალ-ცალკე. მუშტებსა და ხელისგულებს მირტყამდნენ ყურებზე და მქონდა განცდა, თითქოს ყუმბარები ფეთქდებოდა ჩემს თავში”, — უთხრა სასამართლოს სციაპან ლატიპაუმ, აწ უკვე დაპატიმრებულმა აქტივისტმა.

ლატიპაუს სიტყვებით, მას იზოლატორში არამხოლოდ სცემდნენ, არამედ პოლიეთილენის პარკით ახრჩობდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მან ყელზე კალმით დაზიანება მიიყენა და ასე გააპროტესტა ძალმომრეობა.

რეპრესიები განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო თვეებში, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორისა და მედიის მიმართ. ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია დახურეს, კრიტიკული გამოცემების ვებგვერდები დაბლოკეს, ჟურნალისტები და აქტივისტები კი — დააკავეს.

“დიდი სტრესი მქონდა. მხოლოდ რამდენიმე საათით მეძინა, ვერ ვჭამდი. თითქმის 10 კილო დავიკელი იმ პერიოდში. ბევრი რამ მოხდა მაშინ. ჩემი არაერთი მეგობარი დააკავეს. ჩემმა ძმამაც გაატარა საპატიმროში 15 დღე.

ერთ-ერთ აქციაზე მეც დამაპატიმრეს, თუმცა იღბლიანი აღმოვჩნდი. განყოფილები სავსე იყო ხალხით და გადაწყვიტეს, გოგოები, რომლებიც პირველად აღმოვჩნდით იქ, გავეშვით. ჯამში, 8 საათი გავატარე პოლიციაში”, — აღნიშნავს ნატალია.

პოლიციას დოკუმენტები და კომპიუტერები გააქვს ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისიდან. Copyright AP Photo, FILE პოლიციას დოკუმენტები და კომპიუტერები გააქვს ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისიდან. 15.07.21 Copyright AP Photo, FILE

რწმენა იმისა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერს მოერიდებოდა, ლუკაშენკოს კრიტიკოსებს მისი ხელისუფლების რამდენიმე ხმაურიანმა ნაბიჯმაც გაუმყარა. მათ შორის იყო “რაინეარის” თვითმფრინავის იძულებითი დასმა მინსკში და შიგნით მჯდომი, ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტის, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, რომან პროტასევიჩის დაკავება.

ამ და სხვა ქმედებების გამო ბელარუსს დასავლეთის არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები. თუმცა, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი მისი ხისტი პოლიტიკის შესარბილებლად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ლუკაშენკოს ხელისუფლება რუსეთის აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს: უფრო აქტიურით, ვიდრე აქამდე.

აქტივისტების გზა ბელარუსიდან საქართველომდე

მრავალი ბელარუსელისთვის, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, არათუ აქტივიზმი, არამედ სამშობლოში გაჩერებაც რისკის შემცველი გახდა. პირდაპირ თუ ირიბად, მათ თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, ლენას რამდენიმე ჩატში მიუვიდა შეტყობინებები, რომ მისი ნაცნობები ერთმანეთის მიყოლებით მიჰყავდა პოლიციას. ესენი იყვნენ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ადამიანები, რომელთა ნაწილიც განსაკუთრებული აქტივობებით არ გამოირჩეოდა.

სანამ დეტალებს არკვევდა, მეგობრისგან შეიტყო, რომ მის ოფისს ჩხრეკდნენ. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა:

“შოკირებული ვიყავი. მივხვდი, რომ სახლში არ უნდა დავბრუნებულიყავი. მომდევნო დღეს უკვე გადავკვეთე საზღვარი და დავტოვე ბელარუსი”.

მიუხედავად რისკებისა, ქალები მსვლელობას აწყობენ თეთრი კაბებითა და წითელი ქოლგებით — ბელარუსის პროტესტის სიმბოლოდ ქცეული დროშის ფერებით — მინსკში. 21.06.21 ფოტო: EPA მიუხედავად რისკებისა, ქალები მსვლელობას აწყობენ თეთრი კაბებითა და წითელი ქოლგებით — ბელარუსის პროტესტის სიმბოლოდ ქცეული დროშის ფერებით — მინსკში. 21.06.21 ფოტო: EPA

ლენა ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, სადაც არაერთ პრობლემას გადააწყდა, ბიუროკრატიული პროცედურებიდან და მკაცრი კლიმატიდან, კორონავირუსით ინფიცირებამდე. მიხვდა, რომ გარემო უნდა შეეცვალა. საბოლოოდ, პარტნიორთან ერთად საქართველოში გადმოვიდა.

ეს ნოემბერში მოხდა. რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს მოაშურა ნატალიამაც, ერთ-ერთი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით. ბელარუსის დატოვება მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა პირადი გამოცდილების გამო.

“როცა სექტემბრის ბოლოს დამაკავეს და პოლიციის განყოფილებაში აღმოვჩნდი, პრობლემა მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვფიქრობდი, რომ დავეპატიმრებინე, ეს ამბავი უფრო გართულდებოდა.

პოლიციაში ვამბობდი, რომ ჩემი წამლები მჭირდებოდა, თუმცა მათ ეს არ აინტერესებდათ. და მივხვდი, რომ ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, იმის საშუალებაც არ მექნებოდა, რომ წამალი დამელია”, — დასძენს ის.

რთულია გაგება, რომ არსაიდან ჩანს დახმარება: სამშობლოსგან შორს

მეშვიდე თვეა, ნატალია საქართველოში ცხოვრობს. როგორც ამბობს, აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, კვლავ დაიწყო ნორმალურად კვება და ძილი. თუმცა, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე, საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი უჭირდა:

“ხანდახან ვკითხულობ ახალ ამბებს, ხანდახან — არ შემიძლია. ძალიან რთულია ეს ჩემთვის და ზოგჯერ ვერ ვახერხებ, შევინარჩუნო სიმშვიდე.

განსაკუთრებით, საქართველოში გადმოსვლის შემდგომი პირველი რამდენიმე თვე იყო რთული. რთული იყო გაგება იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ; რომ ბევრი ადამიანი იტანჯება და არსაიდან ჩანს დახმარება; რომ მე არ მქონდა ძალა, მათ დავხმარებოდი”.

მძიმე გამოცდილების შემდეგ, ნატალიასთვის განსაკუთრებით რთულია ზოგიერთი, მისი თქმით, მცდარი შეხედულების მოსმენა თავის ქვეყანასთან დაკავშირებით:

“მაგალითად, ერთხელ, როცა ტაქსის მძღოლმა გაიგო, რომ ბელარუსიდან ვიყავი, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ლუკაშენკო ძალიან კარგი კაცია და ხალხი, ვინც მას მხარს არ უჭერს, სულელია. ვთხოვე, თუ შეიძლება, გაჩუმდით და უბრალოდ მიმიყვანეთ სახლამდე მეთქი. მითხრა, თუ არ გინდა, გავაჩერებ მანქანას და გადადიო”.

სტერეოტიპული დამოკიდებულებების მოსმენა რთულია ალექსანდრესთვისაც, რომელიც ასევე იძულებული გახდა, ცოლთან და შვილთან ერთად ბელარუსი დაეტოვებინა და საქართველოში გადმოსულიყო. ეს ქვეყანა, დიდი ხანია, უყვარს და წლების წინ სწორედ აქ, კერძოდ, სიღნაღში დაქორწინდა.

“ზოგიერთ ადამიანს არ ესმის, რატომ ჩამოვედი საქართველოში. ზოგი ფიქრობს, რომ აქ ჩამოსვლით მათ სამუშაო ადგილს ან რაიმეს წავართმევ.

აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ კარგი კლიმატია, განსაკუთრებული ქვეყანაა ძლიერი ხალხით, გაქვთ დემოკრატია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაქვთ თავისუფლება”, — ამბობს ის.

ალექსანდრე ბათუმში, ბელარუსის პროტესტის სიმბოლოდ ქცეული დროშით ალექსანდრე ბათუმში, ბელარუსის პროტესტის სიმბოლოდ ქცეული დროშით

ბელარუსელ აქტივისტებში გაურკვევლობის განცდა გააჩინა ხელშეკრულებამ საქართველოს სუს-სა და ბელარუსის KGB-ს შორის. დოკუმენტი 2016 გაფორმდა, თუმცა ბელარუსში ის ახლა შევიდა ძალაში. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ფართო გამოხმაურება ქართულ მედიაში.

საქართველოს ხელისუფლებას არაერთგზის მოუწოდეს, გაეუქმებინათ შეთანხმება, ვინაიდან ის პოტენციურ საფრთხეს ქმნის აქ მყოფი ბელარუსელი აქტივისტებისა თუ ჟურნალისტებისთვის.

თბილისი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება საქართველოს სხვა ქვეყნებთანაც აქვს და ის “არ ავალდებულებს მხარეებს, განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს”.

აღნიშნულს იმედოვნებენ ბელარუსელი აქტივისტებიც და ელიან, როგორ განვითარდება მოვლენები.

“ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის დიკრედიტაციაა. ჩემი აზრით, თუ საქართველოში მყოფ რომელიმე ბელარუსელს რაიმე მოუვა, ეს კარგი არ იქნება საქართველოსთვის. ლუკაშენკო გესტაპოა, ფაშისტი.

მაინც მგონია, რომ საქართველოს მთავრობა არ შეიცვლის თავის პოზიციას. ლუკაშენკოსთან თანამშრომლობა არავის სურს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მე მჯერა საქართველოს მთავრობისა და ხალხის. პირველ რიგში, ქართველი ხალხის მჯერა”.

ამავეს იმედოვნებს ლენაც. მისი თქმით, ესმის, რომ საქართველო ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობს ბელარუსთან, თუმცა ბოლო მოვლენები “მაინც იმედგამაცრუებელია”:

“ვნახე მთავრობის ახსნა, რომ ეს არის 2016 წლის შეთანხმება და ა.შ.. მაგრამ ეს მაინც არ იძლევა დამატებით გარანტიებს. მე ვფიქრობ, რომ საქართველო გაცილებით მეტად ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ბელარუსისნაირ რეჟიმებთან”.

“ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე”

მიუხედავად ქუჩის პროტესტის შეჩერებისა, აქტივისტები არ ფიქრობენ, რომ მოძრაობა დასრულდა. ალექსანდრეს აზრით, ის გარდატეხა, რომელიც 2020 წლის აგვისტოში ბელარუსის საზოგადოებაში მოხდა, უკვე გამარჯვებაა:

“მე ამ რეჟიმის მოწინააღმდეგე ვარ 2001 წლიდან. ჩემს მსგავსად, ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა მას, თუმცა ხალხის ნაწილში იყო ასეთი მიდგომა: გააკეთე, რაც გინდა, ოღონდ მე ნუ შემეხები.

თუმცა, 2020 წლის აგვისტოში ადამიანებმა გაიაზრეს, რომ ეს რეჟიმი ყველას შეეხებოდა, ყველას შეუქმნიდა პრობლემებს… რეჟიმი, რომლის [მოთავეც] ეჭიდება ძალაუფლებას და ნებისმიერ გზას იყენებს ამისთვის, საკუთარ თავზე ირგებს სისტემას, კლავს კონკურენტებს, კლავს ადამიანებს, რომელთაც ის არ მოსწონთ…

პროტესტი არ გამქრალა, ის ყველას აქვს. თუ ახლა ვიღაც დროშით არ დგას ქუჩაში, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურს, 3 წელი გაატაროს ციხეში. მაგრამ როცა ხალხის დიდ ნაწილს ის[ლუკაშნეკო] აღარ უნდა, მას შანსი არ აქვს”.

ქალს უჭირავს პლაკატი წარწერით "სვეტა ჩვენი პრეზიდენტია" ბელარუსის ოპოზიციის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბერლინში. 21.06.21 ფოტო: EPA ქალს უჭირავს პლაკატი წარწერით “სვეტა ჩვენი პრეზიდენტია” ბელარუსის ოპოზიციის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბერლინში. 21.06.21 ფოტო: EPA

მისივე სიტყვებით, “შეუძლებელია, პლაკატით ან ყვავილებით გაიმარჯვო, როცა გკლავენ”. თუმცა, რეჟიმის შესაცვლელად ძალისმიერ მეთოდების გამოყენებას ეწინააღმდეგება:

“აქ მხოლოდ ერთი გზაა: ეს არის სოლიდარობა. როცა ყველა შეწყვეტს მუშაობას დიქტატორისთვის და გაიფიცება ქვეყნის ყველა მხარეში, ვერც ერთი პოლიციელი და ვერც ერთი ჯარისკაცი მათ ვერ მოერევა”.

ლენას არ ჰქონია ილუზია, რომ საზოგადოება შედეგს მარტივად მიაღწევდა. როგორც ამბობს, ახლა ბელარუსის ამბავი უფრო ტრაგედიაა, ვიდრე გამარჯვების ისტორია, პროცესს შეწირულ სიცოცხლეთა ფონზე.

მისი სიტყვებით, გამარჯვება მაშინ დადგება, როცა ლუკაშენკო კაბინეტს დატოვეს. ახლა კი, მისი მთავარი საზრუნავი ციხეში მყოფი მეგობრების გამხნევებაა:

“ჩემი ფიქრები ახლა მათკენაა მიმართული. მე შემიძლია, დავიძინო საწოლში, მოვამზადო ის, რაც მინდა, გავიდე ზღვის სანაპიროზე… ეს არის თავისუფლება, რომელიც მათ არ აქვთ”.

როგორც აღნიშნავს, მოცემულობა უფრო დამაიმედებელი იყო გასული წლის ბოლომდე; ის და მისი თანამოაზრეები ფიქრობდნენ, რომ ყველა, ვინც ახლა ციხეშია, დროზე ადრე და რაც მთავარია, ცოცხალი დატოვებდა საპატიმროს. თუმცა, შემდეგ ვითარება დამძიმდა.

“მიმდინარე წლის მაისში, აქტივისტი ვიტოლდ აშურაკი გარდაიცვალა. ის ციხეში დაიღუპა, 49 წლის ასაკში. შესანიშნავად ჰქონდა ჯანმრთელობა და რთულია იმის დაჯერება, რომ გულის შეტევამ მოკლა. შესაძლოა, ეს იყო გულის შეტევა გარკვეული ქმედებების შემდეგ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ადამიანთაგან ყველა ვეღარ დაგვიბრუნდება. მინიმუმ ერთი მათგანი აღარასოდეს დაგვიბრუნდება. მხოლოდ მცირედით შეგვიძლია მათი დახმარება: წერილებით, ოჯახებისადმი მხარდაჭერით… მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.

ახლა მამოძრავებს ის, რომ დავეხმარო ამ ადამიანებს. ისინი უნდა გადარჩნენ. ყველა წერილში ამას ვუწერ: თქვენ უნდა გადაირჩინოთ საკუთარი თავი იმ დრომდე, სანამ შევხვდებით”, — დასძენს ლენა.

"წადი" — პლაკატი ლუკაშენკოს საწინააღმდეგო 2020 წლის აქციებიდან. ფოტო: EPA “წადი” — პლაკატი ლუკაშენკოს საწინააღმდეგო 2020 წლის აქციებიდან. ფოტო: EPA

ნატალია არაფერს ნანობს. ენანება და დიდ ტკივილს გრძნობს იმ ადამიანების გამო, რომლებიც ძალმომრეობას შეეწირნენ. მეორე მხრივ, ფიქრობს, ბელარუსში “ხალხმა გაიღვიძა”.

“ყველაფერზე თვალს ვერ დახუჭავ. უნდა გააცნობიერო, ვინ ხარ შენ. არა როგორც რიგითი პერსონა, არამედ, როგორც მოქალაქე. შენც უნდა ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყველა ზრდასრული ადამიანი უნდა დაინტერესდეს ამით, რადგან ეს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ მომავალსა და შვილებს ეხებათ.

არც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არც ძალიან პესიმისტურად. შეიძლება, შემდგომი წლები არც თუ კარგი იყოს, მაგრამ აღარასდროს იქნება ისე, როგორც მანამდე. ეს დიდი პოლიტიკური კრიზისია ჩვენთვის, მაგრამ ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე და ეს ქვეყანა შეიცვლება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი