ახალი ამბები

“შურისძიება” — ბელარუსში ოთხი ჟურნალისტი 4-14 წლით დააპატიმრეს

7 ოქტომბერი, 2022 • 716
“შურისძიება” — ბელარუსში ოთხი ჟურნალისტი 4-14 წლით დააპატიმრეს

ოთხ ჟურნალისტს, რომლებიც ბელარუსის უძველეს დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოში საქმიანობდნენ, მინსკის სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენს, რომელიც 6 ოქტომბერს გამოცხადდა, უფლებადამცველები და ჟურნალისტები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან კრიტიკოსებზე შურისძიებად აფასებენ.

საქმეში ბრალდებულნი არიან სააგენტოს რედაქტორი და დირექტორი ირინა ლევშინა, ყოფილი დირექტორი დიმიტრი ნოვოჟილოვი, მედიამენეჯერი ანდრეი ალექსანდროვი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ირინა ზლობინა.

სასამართლო პროცესი ოთხი თვის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ალექსანდროვს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ზლობინას – 9 წლით, ლევშინას — 4 წლით, ნოვოჟილოვს კი — 6 წლით.

DW-ს თანახმად, სააგენტო BelaPAN და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა 2021 წლის აგვისტოში დახურეს. იმავე პერიოდში თანამშრომელთა სახლები გაჩხრიკეს, ვებსაიტები დაბლოკეს და დააკავეს არაერთი ჟურნალისტი, სააგენტოს ბუღალტერი და ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.

ხსენებული რეიდების შემდეგ, ლევშინა და ნოვოჟილოვი ციხეში აღმოჩნდნენ. თავდაპირველად მათ არალეგალურ პროტესტში მონაწილეობას ედავებოდნენ, თუმცა შემდეგ ბრალად დასდეს გადასახადებისაგან თავის არიდებაც.

2021 წლის ნოემბერში ბელარუსის რეჟიმმა BelaPAN ექსტრემისტულ ფორმირებად გამოაცხადა, რის შემდეგაც ბრალდებები შეიცვალა — ლევშინა ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში დაადანაშაულეს, ნოვოჟილოვი კი, როგორც გადასახადებისაგან თავის არიდებაში, ისე — ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში.

სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ BelaPAN-ის ხელმძღვანელმა პირებმა გადასახადების გადახდას 2015-2021 წლებში აარიდეს თავი, რამაც $126 000-ის ოდენობის ზარალი მოიტანა. ის ასევე ამბობდა, რომ 2014 წლიდან სააგენტო 18-მა უცხოურმა ორგანიზაციამ დააფინანსა მინიმუმ $1.6 მილიონით.

რაც შეეხებათ ალექსანდროვსა და ზლობინას, ისინი 2021 წლის დასაწყისში დააკავეს არალეგალური პროტესტის დაფინანსებისა და დემონსტრაციებზე დაკავებულთათვის ჯარიმების გადახდის ბრალდებით.

გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ ცოლ-ქმარმა საქველმოქმედო ფონდის, By_help-ის მეშვეობით 250-ზე მეტი ჯარიმა გადაიხადა $4 მილიონის ოდენობით, რაც ფონდის დამფუძნებელს, ალექსეი ლეონჩიკს, გადაჭარბებულად მიაჩნია:

“ალექსანდროვი დაეხმარა ჯარიმების გადახდის პროცესს და ის ამას არ უარყოფს. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, როგორ მიიღო [გამოძიებამ] 4 მილიონი დოლარის [ჯამი]”, — აღნიშნავს ის.

ლეონჩიკის თქმით, თუ ალექსანდროვმა 250 ჯარიმის გადახდის პროცესში მიიღო მონაწილეობა, როგორც ამას საგამოძიებო კომიტეტი ამბობს, გამოდის, რომ თითოეული ჯარიმა $16 000-ს უდრიდა, რაც უცნაური დათვლაა.

ყველა ჟურნალისტი, რომლებიც 6 ოქტომბერს დააპატიმრეს, პოლიტიკურ პატიმრადაა აღიარებული.

“ეს არის შურისძიება, რადგან ჟურნალისტები პროფესიონალურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს, აწვდიდნენ საზოგადოებას ჭეშმარიტ ინფორმაციას”, — ციტირებს DW ოლეგ აგეევს, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს.

“სახელმწიფო ახლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უყენებს ადამიანებს აზრის თავისუფლებისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების გამოყენებისთვის. BelaPAN-ის თანამშრომლების მიმართ ბრალდება არის პოლიტიკური დევნის შენიღბვის მცდელობა”, — ამატებს ის.

აგეევი აღნიშნავს, რომ ვერც სასამართლომ და ვერც პროკურატურამ წარადგინა რაიმე ფაქტი, რაც ჟურნალისტების პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვის მიზანშეწონილობას დაადასტურებდა. ის მიიჩნევს, რომ დაირღვა მათი უფლება სამართლიანი სასამართლოს შესახებ.

აგეევი ასევე ამახვილებს ყურადღებას ფაქტზე, რომ საქმეში შესამჩნევია ბელარუსის მართლმსაჯულების კიდევ ერთი უარყოფითი ტენდენცია: ადამიანებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში ერთი მუხლით ათავსებენ, შემდეგ კი — მეორით ცვლიან მას.

“ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავდაპირველად [ჟურნალისტების] დაკავება იყო თვითნებური. როდესაც ადამიანი იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, უფრო ადვილია მასზე ზეწოლა — ეს არის ბელარუსის უშიშროების ძალების გათვლა”, — ამბობს ის.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბრალდებულებამდე წერილები ვერ აღწევს.

როგორც BelaPAN-ის ყოფილმა ჟურნალისტმა, ტატიანა კოროვენკოვამ უთხრა DW-ს, ნათესავები და ადვოკატები ამბობენ, რომ ჟურნალისტები თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ჩივიან.

2 წლის წინ, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბელარუსის ცესკომ გამარჯვებულად გამოაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას.

აღნიშნულს ბელარუსში მასობრივი, უპრეცედენტო ანტისამთავრობო პროტესტის დაწყება მოჰყვა, რასაც ხელისუფლებამ  ძალადობით უპასუხა:

35 000 ადამიანი დააკავეს, ასობით გაასამართლეს. პოლიცია დემონსტრანტებს სცემდა, უფლებადამცველები კი საპატიმროებში ასობით ადამიანის წამების შესახებ საუბრობდნენ.

სახელმწიფომ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კი დაბლოკა. ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ვიასნას” თანახმად,  ამჟამად ბელარუსს 1 348 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

დასავლეთსა და ევროკავშირში ბელარუსის არჩევნების შედეგები არ აღიარეს, ლუკაშენკოს რეჟიმს კი სანქციები დაუწესეს ოპონენტებზე ძალადობის გამო.

7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულ ერთ-ერთ აქტივისტს, “ვიასნას” დამფუძნებელს, ალეს ბიალიცკის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. პრემია ასევე მიიღეს უკრაინულმა ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა“ და რუსულმა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ „მემორიალმა“.

ამავე თემაზე გირჩევთ:

როგორ შეაფერხა რუსეთის ძალები ბელარუსელთა “სარკინიგზო ომმა”

მასალების გადაბეჭდვის წესი