საზოგადოება

როგორ შეაფერხა რუსეთის ძალები ბელარუსელთა “სარკინიგზო ომმა”

1 მაისი, 2022 • 9936
როგორ შეაფერხა რუსეთის ძალები ბელარუსელთა “სარკინიგზო ომმა”

სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში 3 მხრიდან, მათ შორის, უკრაინის ჩრდილოელი მეზობლის, ბელარუსის მიწიდან შეიჭრა. იმავე პერიოდში მოსკოვმა დაიწყო რუსეთ-უკრაინის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის გამოყენება, რომელიც სწორედ ბელარუსზე გადის.

თუმცა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ კრემლს თავისუფლად გამოეყენებინა ხსენებული ხაზი:

პირველივე დღეებში ომის მოწინააღმდეგე ბელარუსელებმა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა მეთოდით მოშლა დაიწყეს, რათა უკრაინის ჩრდილოეთი მიწებისკენ, მათ შორის, კიევისკენ რუსეთის წინსვლისთვის ხელი შეეშალათ.

ამ ხნის განმავლობაში ათეულობით ადამიანი დააკავეს, ბელარუსის ხელისუფლებას კი სურს, ტერორისტული აქტის მცდელობა — ერთ-ერთი მუხლი, რომელსაც საბოტაჟში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ იყენებს — სიკვდილით დასჯას დაუქვემდებაროს.

რთული სათქმელია, რა დოზით იმოქმედა ბელარუსელების “სარკინიგზო ომებმა” მოსკოვის სამხედრო კამპანიაზე. თუმცა ჩანს, რომ აღნიშნულმა პროცესმა, როგორც მინიმუმ, წვლილი შეიტანა რუსეთის არმიის ლოჯისტიკურ პრობლემებში უკრაინის ჩრდილოეთში.

ეს პროცესი ასევე აჩვენებს, როგორ შეიცვალა ბელარუსის ოპოზიციური წრეების ბრძოლის ტაქტიკა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ რეპრესიებით უპასუხა მასშტაბურ ანტისამთავრობო პროტესტს. ახლა წინააღმდეგობას, ზოგიერთ შემთხვევაში, პარტიზანული სახე აქვს.

როგორ დაბრუნდა “სარკინიგზო ომები” ბელარუსის რეალობაში

ბელარუსის სარკინიგზო კამპანიაში ჩაერთნენ როგორც რკინიგზის მუშები, ისე ჰაკერები და უსაფრთხოების ძალების ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან და ამჟამად ბელარუსში არ ცხოვრობენ.

ტერმინი “სარკინიგზო ომი”, რომელსაც ოპოზიციურ წრეებსა და დამოუკიდებელ მედიაში იყენებენ პროცესის დასახასიათებლად, ბელარუსელთათვის უცხო არ არის:

სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბელარუსელთა წინააღმდეგობას მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ისინი სარკინიგზო ხაზებსა და მატარებლის სადგურებს აფეთქებდნენ, რათა ნაცისტი ოკუპანტებისთვის ხელი შეეშალათ.

ათწლეულების შემდეგ აღნიშნული ტერმინი კვლავ აქტუალური გახდა, თუმცა ამჯერად ის აღნიშნავს წინააღმდეგობას რუსეთის საოკუპაციო ძალებისადმი, რომელთა ნაწილიც უკრაინაში სწორედ ბელარუსის მხრიდან შეიჭრა.

ბელარუსელი ჟურნალისტის, ჰანა ლიუბაკოვას სიტყვებით, ათობით ათასი რუსი სამხედროს ბელარუსში განთავსებამ ფართო შიდა წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ოპოზიციური ქსელების აღდგენასთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩამოყალიბდა.

რისკების მიუხედავად, ომის მოწინააღმდეგე ბელარუსელთა ნაწილი თებერვლის ბოლოს არც ქუჩაში, აქციებზე გამოსვლას მორიდებია, თუმცა ლუკაშენკოს ხელისუფლებამ პროტესტის ეს ფორმა მალე აღკვეთა: უფლებადამცველთა ცნობით, მხოლოდ 27 და 28 თებერვალს პოლიციამ 1 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ამ ფონზე, უკმაყოფილო ბელარუსელთა ნაწილის წინააღმდეგობამ იატაკქვეშეთში გადაინაცვლა და როგორც ამას თავად უწოდებენ, პარტიზანული სახე მიიღო. ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა სწორედ სარკინიგზო სისტემაში მოწყობილი საბოტაჟის აქტებია.

როგორია ბრძოლის ტაქტიკა

სარკინიგზო წინააღმდეგობის ქსელი მრავალფეროვანია და როგორც ბელარუსის უსაფრთხოების ძალების ყოფილმა წარმომადგენელმა ალექსანდრე აზაროვმა Washington Post-ს უთხრა, 3 ძირითად ჯგუფს მოიცავს: რკინიგზის მუშებს, უსაფრთხოების ძალების დისიდენტ წარმომადგენლებსა და კიბერსპეციალისტებს.

რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც წინააღმდეგობას მხარს უჭერენ, რუსეთის ძალების გადაადგილებებისა და საკვანძო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას უზიარებდნენ ოპოზიციურ ჯგუფს, სახელწოდებით “რკინიგზის მუშათა საზოგადოება”, ეს უკანასკნელი კი ტელეგრამში ავრცელებდა აღნიშნულ დეტალებს.

“ჩვენი მოძრაობა ცენტრალიზებული არ არის… არ არის ისე, რომ ლიდერი ჰყავდეს წინააღმდეგობას. ის ჰორიზონტალურია და მოიცავს ათობით ჯგუფს, რომლებიც ველზე მუშაობენ”, — აღნიშნავს ვარშავაში მცხოვრები აზაროვი, რომელიც ბელარუსის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, Bypol-ს ხელმძღვანელობს.

ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს ბელარუსელ ჰაკერთა ჯგუფმა, სახელწოდებით “კიბერპარტიზანები”, თქვა, რომ ბელარუსის რკინიგზის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელა.

“კიბერპარტიზანები” ამბობდნენ, რომ მათი ქმედების მიზანი იყო, შეეფერხებინათ რუსეთის ძალების გადაყვანის პროცესი უკრაინაში ბელარუსის გავლით, რაც მეტ დროს მისცემდა უკრაინელებს მტრის შეტევის მოსაგერიებლად.

ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ველზე მუშაობენ, ძირითად შემთხვევებში სასიგნალო კაბინებს უკიდებენ ცეცხლს. “რკინიგზის მუშათა საზოგადოების” ლიდერის, სერგეი ვოიტეხოვიჩის თანახმად, კაბინის დაზიანება შუქნიშნის გათიშვასა და შესაბამისი სარკინიგზო მონაკვეთის პარალიზებას იწვევს.

“რკინიგზის მუშათა საზოგადოება” ირწმუნება, რომ ეს არის დამწვარი კაბინა ფარინოვო-ზაგატიას მონაკვეთზე. ფოტო: დამოუკიდებელი ბელარუსული გამოცემა Zerkalo.io

“ტრანსპორტი პრაქტიკულად ჩერდება, ქმედითუნარიანობა მინიმალურია. დისპეტჩერები სატელეფონო ინსტრუქციების მიხედვით მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მატარებლებს ატარებენ, ხოლო მატარებლების სიჩქარე საათში 15-20 კმ-ს არ აღემატება”, — განმარტავს ის DW-სთან საუბრისას.

გარდა სასიგნალო კაბინების დაწვისა, არსებობს ცნობები საბოტაჟის სხვა გზებზეც:

მარტში რკინიგზელები იტყობინებოდნენ, რომ ქალაქ ორშაში უცნობმა პირებმა სასიგნალო ტრანსფორმატორები მოიპარეს, რის გამოც შუქნიშანი გაითიშა. იმავე თვეში ბელარუსის შსს ირწმუნებოდა, რომ ქალაქ სტოლბციში დააკავეს “ნასვამი” ცოლ-ქმარი, რომელთაც ლიანდაგზე ხის მორები დაწვეს.

“ჩვენი სურვილი არ ყოფილა რუსეთის არმიის თუ ბელარუსელი მემანქანის მოკვლა. ჩვენ მშვიდობიანი გზები გამოვიყენეთ მათ შესაჩერებლად”, — ციტირებს WP იური რავავოის, ბელარუსელ აქტივისტსა და პროფკავშირელს, რომელიც პოლონეთში გადავიდა 2020 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს, დაპატიმრების რისკის გამო.

მარტის ბოლოს, როცა აღმოსავლეთ ბელარუსში საბოტაჟში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, ბელარუსის შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა მოწყობილობა, რომლის ლიანდაგზე განთავსებასაც, უწყების თანახმად, მატარებლის რელსებიდან გადასვლა უნდა გამოეწვია.

ვოიტეხოვიჩის თქმით, ამ ფაქტს ბელარუსის რკინიგზაზე რუსეთის სამხედრო მატარებლების შემცირება არ გამოუწვევია, თუმცა მემანქანეებში გაჩნდა შიში, რომ “მათ ასეთ მოწყობილობას დაუდებენ და მატარებელი, რომელსაც მართავენ, რელსებიდან გადავა”.

საბოტაჟის შედეგები

ბელარუსელი აქტივისტები, რომლებიც “სარკინიგზო ომების” კოორდინაციის პროცესში არიან ჩართულნი, ომის დაწყებიდან დღემდე ავრცელებენ ინფორმაციას იმ პრობლემებზე, რომლებიც, მათი მტკიცებით, სარკინიგზო სისტემაში იქმნება საბოტაჟის აქტების გამო.

ითქვა, რომ თებერვლის ბოლოს განხორციელებული კიბერ თავდასხმის გამო კომპიუტერულ სისტემაში შექმნილი პრობლემების ფონზე, ბელარუსის რკინიგზაში იძულებულნი გახდნენ, დროებით “ხელით” ემართათ სარკინიგზო ოპერაციები. აქტივისტთა ცნობით, შედეგად, შეფერხდა მატარებელთა მოძრაობა.

“რკინიგზის მუშათა საზოგადოების” ლიდერის, სერგეი ვოიტეხოვიჩის თანახმად, 26 თებერვლიდან სასიგნალო კაბინებზე განხორციელებული 5 დივერსიული აქტის შემდეგ, მატარებლების მოძრაობა თითქმის მთლიანად შეჩერდა.

დამწვარი კაბინა ქალაქ ოსიპოვიჩის მახლობლად. ფოტო: ბელარუსის შსს

მარტის თვეში უკრაინის რკინიგზის კომპანიის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმაც ისაუბრა ბელარუსის რკინიგზის მუშათა მიერ მოძრაობის შეფერხებაზე და მადლიერება გამოხატა ამ უკანასკნელთა მიმართ.

როგორც WP წერს, დღეების განმავლობაში მატარებელთა მოძრაობის პარალიზებამ აიძულა რუსები, თავიანთი სამხედროები სამანქანო გზის მეშვეობით მოემარაგებინათ.

28 თებერვალს მედიაში გამოჩნდა სატელიტური ფოტოები ცნობილი, 64 კმ-ის სიგრძის კოლონისა, რომელიც ლოჯისტიკური პრობლემებისა თუ უკრაინელთა თავდასხმების გამო გაიჭედა, საბოლოოდ კი დაიშალა.

მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ რკინიგზაზე მოწყობილი დივერსიების მოთავეებმა გარკვეული როლი ითამაშეს ლოჯისტიკური ქაოსის გაღვივებაში, რომლის შედეგადაც ფრონტის ხაზზე მყოფი რუსები დღეების მანძილზე საკვებისა და საწვავის გარეშე რჩებოდნენ.

“ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ვიყავით, თუმცა, ვიყავით მნიშვნელოვანი აგური კედელში”, — ასე ახასიათებს იური რავავოი “სარკინიგზო ომის” მონაწილეთა როლს რუსეთის ძალების შეფერხებაში.

ხელისუფლების პასუხი

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში აპრილის დასაწყისში თქვეს, რომ სარკინიგზო კამპანიის ფარგლებში საბოტაჟის 80-ზე მრტი აქტია განხორციელებული.

იმას, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლება “სარკინიგზო ომს” სერიოზულ გამოწვევად აღიქვამს, მისი ბოლოდროინდელი ხისტი მოქმედებებიც ადასტურებს.

საბოტაჟის აღსაკვეთად სარკინიგზო ხაზების მიმდებარედ ძალოვნების პატრულირება გაძლიერდა. ბელარუსული უფლებადამცველების თანახმად, დაკავებულია მინიმუმ 11 მოქალაქე, რომელთაც საბოტაჟის აქტებში მონაწილეობას ედავებიან.

ამავე პერიოდში, ხელისუფლებამ ექსტრემისტულ ფორმირებად გამოაცხადა “ბელარუსის რკინიგზის მუშათა საზოგადოება” და დააკავა ბელარუსის რკინიგზის ათეულობით თანამშრომელი, რომელთაც, სავარაუდოდ, ხსენებული ორგანიზაციის ტელეგრამ არხი ჰქონდათ გამოწერილი. პროსამთავრობო ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ვიდეოებიც, რომლებშიც დაკავებული რკინიგზელები “ინანიებენ” თავიანთ საქციელს.

სქრინები ვიდეოებიდან, რომლებიც დაკავებულ რკინიგზელებს ასახავს. ფოტო: Zerkalo.io

მარტის ბოლოს ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ბობრუისკის რეგიონში საბოტაჟის 3 სავარაუდო მონაწილე დააკავეს. ახალგაზრდა კაცებს ცეცხლი გაუხსნეს. ბელარუსის შსს-ს თქმით, ერთ-ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მეორეს კი — ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

ხელისუფლების მტკიცებით, ცეცხლის გახსნის მიზეზი წინააღმდეგობა და მიმალვის მცდელობა იყო, აქტივისტები კი ამბობენ, რომ დაკავებულებს ძალოვნებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და მათ “მიზანმიმართულად ესროლეს მუხლებში”.

იმავე პერიოდში მინსკის ჩრდილო-აღოსავლეთით, ბორისოვის რეგიონში დააკავეს საბოტაჟში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი — 40 წლის კაცი, რომელიც სერიოზულად დაშავდა მას შემდეგ, რაც ცეცხლი გაუხსნეს.

ვიდეოები, რომლებშიც დაჭრილი, დასისხლიანებული კაცები ჩანან, ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ თავად გაავრცელა. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გენადი კაზაკევიჩმა თქვა, რომ რკინიგზაზე საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას სახელმწიფო ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხებს.

მანამდე, მარტის დასაწყისში, მან აღნიშნა:

“როგორც მოგეხსენებათ, ტერორისტებს ვერ მოელაპარაკები, მხოლოდ მათი განადგურებაა შესაძლებელი”.

საბოტაჟის მონაწილეებს ლუკაშენკოს ხელისუფლება ტერორისტებად მოიხსენიებს და საქმეებსაც შესაბამისი მუხლებით აღძრავს. ამ ფონზე, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ აპრილში ორი მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონდმებლო ცვლილებას, რომლითაც, შესაძლოა, ტერორისტული აქტის მცდელობა სიკვდილით დასჯას დაექვემდებაროს.

დესტრუქციული ძალები აგრძელებენ ტერორისტულ (და) ექსტრემისტულ აქტივობას ბელარუსში სიტუაციის შერყევის მცდელობით, შიდა არასტაბილურობისა და კონფლიქტების პროვოცირებით“.

ადგილი აქვს მოქმედებებს სარკინიგზო აღჭურვილობისა და ლიანდაგების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მწყობრიდან გამოყვანის მიზნით“, — დასძინა პალატის სპიკერმა ვლადიმერ ანდრეიჩენკომ.

აღნიშნულ ცვლილებას ახლა პარლამენტის ზედა პალატისა და ქვეყნის პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება

ბელარუსის ხელისუფლება 2020 წლის ანტისამთავრობო აქციების შემდეგ აქტიურად იყენებს ტერორიზმის მუხლებს ოპონენტთა წინააღმდეგ. ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით გასულ წელს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ აღძრეს საქმე

არის შემთხვევებიც, როცა ტერორიზმის ბრალდებას იყენებენ საქმეებში, რომლებიც წარსულში, შესაძლოა, ხულიგნობის მუხლით გამოეძიებინათ. მაგალითად,ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენეს პირს, რომელმაც მოსამართლის მანქანა წითლად შეღება.

რა ხდება ახლა?

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასრულებულად გამოაცხადა უკრაინაში წარმოებული ომისპირველი ეტაპიდა თქვა, რომ ამიერიდან უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე კონცენტრირდება, რუსეთის ძალებმა ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გასვლა დაიწყეს.

ამ ფაქტმა ბელარუსში რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილების ინტენსივობაზეც იმოქმედა. DW-ს ცნობით, უკრაინის საზღვართან ახლოს, ბელარუსის რკინიგზის სადგურებზე, სამხედრო ტექნიკა არ ჩანს, უკრანის მოსაზღვრე ქალაქების მცხოვრებნი კი ამ დღეებში იშვიათად ხედავენ ტანკებსა და სხვა ტექნიკას.

“ის ფაქტი, რომ სარკინიგზო ქსელი ახლა იშვიათად გამოიყენება სამხედრო ტექნიკის გადასატანად, შესაძლოა, ასევე იყოს ბელარუსის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტების შედეგი”, — წერს DW.

მიუხედავად ამისა, მუშაობას განაგრძობს ტელეგრამ არხი “Belaruski Gaiun”, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის გადაადგილებების მონიტორინგს ახორციელებს. ბელარუსელი ჟურნალისტის, იგორ ილიაშის ცნობით, ბელარუსელები არხს მოხალისეობრივად აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რასაც ხედავენ.

პარალელურად ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ “სარკინიგზო ომი” რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. ტელეგრამზე გავრცელებული ფოტოების მიხედვით, პროცესში ჩართული პირები ამჯერად რუსეთის იმ სარკინიგზო ხაზებზე აზიანებენ სასიგნალო კაბინებს, რომელთაც მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გადასაყვანად იყენებს.

“ბელარუსსა და რუსეთს შორის ღია საზღვრებია”, — ეუბნება სერგეი ვოიტეხოვიჩი WP-ს და აღნიშნავს, რომ პროცესში მისი სარკინიგზო ქსელის წარმომადგენლები არიან ჩაბმულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი