ახალი ამბები

გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის მოხსნას მეოთხე არტისტი ითხოვს

14 თებერვალი, 2023 • 1041
გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის მოხსნას მეოთხე არტისტი ითხოვს

გამოფენიდან, “ავტოპორტრეტი სარკესთან”, საკუთარი ნამუშევრის გატანას დავით აფაქიძეც ითხოვს. იგი მეოთხე არტისტია, რომელიც ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის მოხსნა მოითხოვა მას შემდეგ, რაც სანდრო სულაბერიძის მიმართ ქურდობის მუხლით დაიწყო გამოძიება. დავით აფაქიძემ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ინსტაგრამზე 14 თებერვალს გამოაქვეყნა პოსტი.

აფაქიძე განმარტავს, რომ აღნიშნული გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც ქვიარ არტისტისთვის, რადგან მისი თქმით, “სახელმწიფო გალერეაში, რომელსაც ჰომოფობი/ტრანსფობი ადამიანები მართავენ”, მისი ნამუშევრების გამოფენა იყო გამარჯვება. თუმცა, როგორც ამბობს, ამის მიუხედავად გალერეისა და სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკა არ აძლევს მას მხოლოდ საკუთარ ქვიარ იდენტობაზე ფიქრის შესაძლებლობას:

“გადავწყვიტე, მოვხსნა ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან სანდრო [სულაბერიძის] და გათავისუფლებული თანამშრომლის მხარდასაჭერად და რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აჩერებს და ავიწროებს ყველას, მათი იდენტობის მიუხედავად”, – წერს აფაქიძე.

მანამდე გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრების მოხსნა მოითხოვა კიდევ სამმა ხელოვანმა: შოთიკო აფციაურმა, ანდრო დადიანმა და საბა გორგოძემ.

მანამდე, 12 თებერვალს, გამოფენის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს მოუწოდეს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამავე პერიოდში, ქეთევან შავგულიძემ, რომელიც გამოფენის კურატორია, ღონისძიების მონაწილე ხელოვანებს მიმართა, სურვილის შემთხვევაში წაიღონ საკუთარი ნამუშევრები.

ხსენებული პროცესები დაიწყო 4 თებერვლის შემდეგ, როცა გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.

ამ აქტის გამო სულაბერიძეს შსს-მ ბრალი წარუდგინა ქურდობის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.

საპასუხოდ, ხელოვანები ერთობლივ განცხადებაში ითხოვდნენ, რომ შეცვალონ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრული საქმის კვალიფიკაცია და პრობლემა გადაჭრან ხელოვანსა და გალერეას შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

არაერთი ხელოვანისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების უკმაყოფილების ფონზე, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსმა ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნიამ “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი აზრით, სულაბერიძეს არავინ დაიჭერს და, სავარაუდოდ, მას ჯარიმა დაეკისრება.

“ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ”, — აღნიშნავდა გაბუნია და იქვე დასძენდა:

“სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად”.

გარეკანის ფოტო: FB/დავით აფაქიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი