ახალი ამბები

პროტესტის ფონზე ეროვნული გალერეა ექსპოზიციას დაგეგმილზე ადრე ასრულებს

14 თებერვალი, 2023 • 916
პროტესტის ფონზე ეროვნული გალერეა ექსპოზიციას დაგეგმილზე ადრე ასრულებს

მხატვრების ნაწილის პროტესტის ფონზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ექსპოზიციას დაგეგმილზე ადრე ასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მუზეუმის განცხადებით, გამოფენა, სახელწოდებით „ავტოპორტრეტი სარკესთან“, 4 თებერვლიდან 12 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 20 თებერვალს დასრულდება.

„მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნისა და შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა ასევე მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, და მხატვრებისთვის გამოსავლის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად, და გაიხსნას სხვა, მომდევნო გამოფენა. გვსურს, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადოთ როგორც გამოფენის სხვა მონაწილეებს, ვისაც არ გამოუთქვამთ ნამუშევრის გატანის სურვილი, ისე – დამთვალიერებელს“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ეროვნულმა გალერეამ, ქვეყნის ერთ-ერთმა პირველმა საგამოფენო სივრცემ, ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რაც მანამდე არ გახლდათ მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკა:

„სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

4 თებერვალს გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. ამ აქტის გამო სულაბერიძეს შსს-მ ბრალი წარუდგინა ქურდობის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.

საპასუხოდ, ხელოვანები ერთობლივ განცხადებაში ითხოვდნენ, რომ შეცვალონ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრული საქმის კვალიფიკაცია და პრობლემა გადაჭრან ხელოვანსა და გალერეას შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

არაერთი ხელოვანისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების უკმაყოფილების ფონზე, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსმა ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნიამ “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი აზრით, სულაბერიძეს არავინ დაიჭერს და, სავარაუდოდ, მას ჯარიმა დაეკისრება.

აღნიშნულის გამო გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრების მოხსნა მოითხოვა ოთხმა ხელოვანმა: შოთიკო აფციაურმა, ანდრო დადიანმა, დავით აფაქიძემ და საბა გორგოძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი