ახალი ამბები

უკვე მესამე ხელოვანმა მოითხოვა გამოფენიდან თავისი ნამუშევრის მოხსნა

14 თებერვალი, 2023 • 885
უკვე მესამე ხელოვანმა მოითხოვა გამოფენიდან თავისი ნამუშევრის მოხსნა

ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენიდან — “ავტოპორტრეტი სარკესთან” — თავისი ნამუშევრის მოხსნას ითხოვს კიდევ ერთი ხელოვანი, საბა გორგოძე. სწორედ ამ გამოფენის მონაწილე იყო სანდრო სულაბერიძე, რომელსაც გალერეის კედელზე დატოვებული წარწერის გამო ქურდობის მუხლით ედავებიან.

“დღეს დილით განაცხადი შევიტანე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში ნამუშევრის გამოტანის შესახებ. ძალიან მარტივი პროცესი იყო, ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდება მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ასე რომ, თქვენც უპრობლემოდ შეგიძლიათ, გააკეთოთ იგივე, თუ, რა თქმა უნდა, გინდათ ნამუშევრის წამოღება”, — დაწერა საბა გორგოძემ “ინსტაგრამზე” 13 თებერვალს.

გორგოძის გარდა, გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრების მოხსნას კიდევ ორი ხელოვანი ითხოვს: შოთიკო აფციაური და ანდრო დადიანი.

მანამდე, 12 თებერვალს, გამოფენის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მოუწოდეს  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას, რათა შეწყდეს სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

ამავე პერიოდში ქეთევან შავგულიძემ, რომელიც გამოფენის კურატორია, ღონისძიების მონაწილე ხელოვანებს მიმართა, სურვილის შემთხვევაში წაიღონ საკუთარი ნამუშევრები.

ხსენებული პროცესები დაიწყო 4 თებერვლის შემდეგ, როცა გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.

ამ აქტის გამო სულაბერიძეს შსს-მ ბრალი წარუდგინა ქურდობის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.

საპასუხოდ, ხელოვანები ერთობლივ განცხადებაში ითხოვდნენ, რომ შეიცვალოს კვალიფიკაცია სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეზე და  პრობლემა გადაიჭრას ხელოვანსა და გალერეას შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

არაერთი ხელოვანისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების უკმაყოფილების ფონზე, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსმა ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნიამ “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი აზრით, სულაბერიძეს არავინ დაიჭერს და, სავარაუდოდ, მას ჯარიმა დაეკისრება.

“ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ”, — აღნიშნავდა გაბუნია და იქვე დასძენდა:

“სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად”.

გარეკანის ფოტოზე: საბა გორგოძე. ფოტოგრაფი: გელა შეკელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი