ახალი ამბები

პროტესტის ნიშნად მიმაქვს ჩემი ნამუშევარი – გამოფენას კიდევ ერთი მონაწილე ტოვებს

13 თებერვალი, 2023 • 1079
პროტესტის ნიშნად მიმაქვს ჩემი ნამუშევარი – გამოფენას კიდევ ერთი მონაწილე ტოვებს

გამოფენის “ავტოპორტრეტი სარკესთან” კიდევ ერთი მონაწილე, ანდრო დადიანი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 13 თებერვალს ფეისბუკზე გააკეთა.

იგი სოლიდარობას უცხადებს სანდრო სულაბერიძეს, რომელმაც 4 თებერვალს გამოფენის გახსნაზე კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. ამ აქტის გამო სულაბერიძეს შსს-მ ქურდობის მუხლით წაუყენა ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.

ანდრო დადიანის განმარტებით, საკუთარი ნამუშევრის გატანით პროტესტს გამოხატავს ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის მიმართაც:

“ეროვნულ გალერეაში ახლა მიმდინარე გამოფენაზე ჩემი ავტოპორტრეტიცაა გამოფენილი, ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებული ამბავი სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი ცხოვრების კონცეფციის გაგრძელება-არგაგრძელებას და ვირჩევ სიცოცხლის, ხელოვნების, ცოტნე დადიანის ენას, – სანდროს გვერდით დგომას და მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად.

ეს დღეები ტრიალებდა აზრი, რომ მთლიანად გამოფენა მოიხსნებოდა და მეც ამ დრომდე ველოდი განცხადებას ამის თაობაზე, მინდოდა ჯგუფურ გამოფენაში ჯგუფის, გუნდის პრინციპით ვყოფილიყავი და ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება გამოფენის დასრულებაზე. ყველა ადამიანის ინდივიდუალური ტემპი აქვს ფიქრის და მინდოდა კურატორისთვის გამომეცხადებინა ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა საფიქრად მიცემული დროით და ჩემი სიჩუმით. კალენდარსაც თავისი ტემპი აქვს და შეგვიწყო ხელი იმან, რომ დაემთხვა შაბათ-კვირა და ორშაბათი (რომელიც გალერეებისთვის არასამუშაო დღეა), ეს დრო საკმარისია ალბათ გადაწყვეტილების მისაღებად, ჩემთვის კი, საკმარისი ნერვიული საათები. სულიერი გადარჩენის მიზნით, ინდივიდუალურად ვაკეთებ განცხადებას, რომ კურატორის საქმის კურსში ჩაყენებით და კანონიერი გზით მომაქვს ჩემი ავტოპორტრეტი გალერეიდან, – განცხადებით, იურიდიულად, ყოველგვარი ხმაურის, პერფორმანსის და ტელევიზიების გარეშე”, – წერს ანდრო დადიანი.

დღეს, 13 თებერვალს, გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის მოხსნა საჯაროდ მოითხოვა ხელოვანმა, შოთიკო აფციაურმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი