საზოგადოება

ჩემი აზრით, მას არავინ დაიჭერს, დაუწესდება ჯარიმა – მუზეუმის წარმომადგენელი სანდრო სულაბერიძეზე

12 თებერვალი, 2023 • 1183
ჩემი აზრით, მას არავინ დაიჭერს, დაუწესდება ჯარიმა – მუზეუმის წარმომადგენელი სანდრო სულაბერიძეზე

მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნია აცხადებს, რომ მისი აზრით, მხატვარ სანდრო სულაბერიძეს, არავინ დაიჭერს და მას სავარაუდოდ, ჯარიმა დაეკისრება.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე, საღებავით გააკეთა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“

ამ აქტის გამო მხატვარს შსს ქურდობის მუხლით ედავება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სასჯელის სახით ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ალექსანდრა გაბუნია ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ სწორედ მან დაწერა პოლიციაში განცხადება, თუმცა, არ მოუთხოვია ხელოვანის დაჭერა – „რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი,“.

განყოფილების უფროსი განმარტავს, რომ გალერეიდან ნამუშევრების ჩამოხსნა და გატანა მარტივად არ ხდება და დაწესებულება პასუხისმგებელია ყველა ნამუშევარზე, რომელიც თუნდაც დროებით, მის სივრცეში იფინება.

„არ შევდივარ პოლემიკაში იმის თაობაზე, რა სახელოვნებო მედიუმს ეკუთვნის სანდრო სულაბერიძის ქმედება, არ ვუკეთებ ინტერპრეტაციას მის მიერ კედელზე დატოვებულ წარწერის ხარისხს ან მართებულობას. არც იმაზე ვმსჯელობ, რამდენად ფასეულია მისი ნამუშევარი, რომელიც ჩამოხსნა და გალერეიდან გაიტანა.

კანონისთვის, რომელიც სხვა შემთხვევაში ყველას გინდათ მუშაობდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. ფაქტია გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი! ამის შესახებ მე (სწორედ მე, რადგან ამას ითხოვს კანონი!) განვაცხადე პოლიციაში და ზედამხედველებთან ერთად დავიკითხე კიდეც. მომიტევეთ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე ჩემს მიერ აღებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გამო, ქუჩური „გაგებებით“ ვერ ვიხელმძღვანელებ, რადგან ხვალ ვინმემ ფორᲝსმანი რომ გაიტანოს, პირველი მე მომთხოვთ პასუხს და მართალიც იქნებით.

სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის“ გამო, გამომიცხადეს საყვედური. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც სხვა პოზიციაზე გადაყვანა შესთავაზეს, საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა სამსახურიდან, რადგან ბოლომდე გააცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასეა თუ ისე, ამ „უცოდველი“ აქტის გამო, ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში, რომლის საგამოფენო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი და სადაც უკვე სრულად არის შევსებული 2023-2024 წლების საგამოფენო გრაფიკი.

მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩემს განცხადებაში მომხდარი ფაქტის შესახებ, მე არ ვითხოვ სანდრო სულაბერიძის დაჭერას, რადგან განაცხადების დაწერის მომენტში, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ვინ გაიტანა ნამუშევარი. აქვე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი, იმის შესახებ, რომ მას არავინ დაიჭერს, თუმცა ადმინისტრაციულ ჯარიმას აუცილებლად დაუწესებენ, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება ისევ და ისევ კანონიდან გამომდინარე. ისიც მინდა გაცნობოთ, რომ ეს ჯარიმაც უკვე გადახდილია გამოფენის სპონსორის მიერ. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა აცალოს კანონს, გაიაროს ყველა აუცილებელი ეტაპი და ისე დასრულდეს,“

განცხადების ბოლოს, ალექსანდრა გაბუნია მოუწოდებს ყველას, რომ – „სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა,“

მასალების გადაბეჭდვის წესი