საზოგადოებახელოვნება

„მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია“ — გალერეა

5 თებერვალი, 2023 • 2507
„მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია“ — გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა აცხადებს, რომ „მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია“.  გადაღებეს კედელი, რომელზეც მხატვარმა საღებავით წარწერა — „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ — დატოვა.

„4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ „ათინათის“ გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე).

გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი.

ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“, — ნათქვამია გალერეის 5 თებერვლის განცხადებაში.

მხატვარ სანდრო სულაბერიძის ქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ უცნობია, რა მუხლით. ნეტგაზეთი დეტალების გარკვევას ცდილობს.

პოლიციაში უკვე გამოჰკითხეს გამოფენის კურატორი ქეთევან შავგულიძე, რომელმაც ტვ „პირველთან“ სამართალდამცავ უწყებაში მისთვის დასმულ კითხვებზე ისაუბრა:

„პირველ რიგში, კითხვა ეხებოდა, საიდან ვიცნობთ მე და სანდრო ერთმანეთს, როგორ დავუკავშირდით ერთმანეთს, როგორ მოხდა ამ გამოფენის ორგანიზება. რადგან კურატორი ვარ, გამოფენაში მონაწილეთა სიის შედგენაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, სიაში დიდი ხნის წინ ჩემი გადაწყვეტილებით იყო ჩასმული. მკითხეს სავარაუდო მიზეზი, რა შეიძლება ყოფილიყო. კონკრეტულად ამ გამოფენის კონტექსტისა და კონცეფციის მიმართ არ ყოფილა ეს პროტესტი, როგორც თავად სანდრომ მითხრა“.

შავგულიძის თქმით, მან არ იცის დამატებით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მხატვრის მიერ გალერეის კედელზე გაკეთებული წარწერა.

ტვ „პირველთან“ ისაუბრა მაცაცო გაბუნიამ, ეროვნული გალერეის საგამოფენო მიმართულების ხელმძღვანელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიციისთვის მიმართვის მიზეზი გამოფენის კედლის დაზიანება იყო, რადგან ამ დროს სივრცეში ფონდიდან გამოტანილი ძვირფასი ნამუშევრებიც იყო გამოფენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი