ახალი ამბები

შსს-მ გალერეიდან ნახატის გატანის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

14 თებერვალი, 2023 • 2378
შსს-მ გალერეიდან ნახატის გატანის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან მხატვრის მიერ საკუთარი ნახატის გატანის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა:

„2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის ​ საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე.

შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

4 თებერვალს გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ამ აქტის გამო სულაბერიძეს შსს-მ ბრალი წარუდგინა ქურდობის მუხლით, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.

საპასუხოდ, ხელოვანები ერთობლივ განცხადებაში ითხოვდნენ, რომ შეცვალონ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრული საქმის კვალიფიკაცია და პრობლემა გადაჭრან ხელოვანსა და გალერეას შორის მოლაპარაკების საფუძველზე.

არაერთი ხელოვანისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების უკმაყოფილების ფონზე, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსმა ალექსანდრა (მაცაცო) გაბუნიამ “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი აზრით, სულაბერიძეს არავინ დაიჭერს და, სავარაუდოდ, მას ჯარიმა დაეკისრება.

აღნიშნულის გამო გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრების მოხსნა მოითხოვა ოთხმა ხელოვანმა: შოთიკო აფციაურმა, ანდრო დადიანმა, დავით აფაქიძემ და საბა გორგოძემ.

14 თებერვალს ასევე გავრცელდა ეროვნული მუზეუმის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ გალერეაში აღნიშნული ექსპოზიცია დაგეგმილზე ადრე დასრულდება. მუზეუმის განცხადებით, გამოფენა, სახელწოდებით „ავტოპორტრეტი სარკესთან“, 4 თებერვლიდან 12 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 20 თებერვალს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი