ახალი ამბები

“ავტოპორტრეტი სარკესთან” მონაწილე გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის დაბრუნებას ითხოვს

13 თებერვალი, 2023 • 1074
“ავტოპორტრეტი სარკესთან” მონაწილე გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის დაბრუნებას ითხოვს

ხელოვანი შოთიკო აფციაური დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეაში მიმდინარე გამოფენიდან – “ავტოპორტრეტი სარკესთან” საკუთარი ნამუშევრის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დღეს, 13 თებერვალს დაწერილ განცხადებაში ისაუბრა. როგორც მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამით გამოხატავს საკუთარ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

აფციაური აღნიშნავს, რომ უკვე მიმართა გამოფენის კურატორებს, რათა ეროვნულ გალერეას მიმართონ მომდევნო 24 საათში მისი ნამუშევრის დაბრუნების თაობაზე.

“ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არცერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა”, – განმარტავს აფციაური.

ის აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია მიმდინარე გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრის 24 საათზე მეტხანს ყოფნა და აცხადებს, რომ სრული კანონიერი უფლება აქვს, მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

განცხადებაში აფციაური ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, არ გააკრიტიკონ გამოფენის მონაწილე სხვა ხელოვანები:

“ყველას გთხოვთ, ნუ ესვრით ტალახს გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი. ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის, რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება. ყველაზე მეტად საჭირო ამ დროს ერთობაა . სწორედ პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობაშია ხელოვნების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა და სწორხაზოვანი მორალისტური აზროვნებაა ის, რის გამოც ასეთი უმსგავსობები ხდება. ჰეროიზმი ხშირად ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომელიც ხშირად “მტრის” წისქვილზე ასხამს წყალს”, – წერს იგი.

მანამდე, 12 თებერვალს, გამოფენის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს,  რომლითაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს მოუწოდეს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზეზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”.

ამ აქტის გამო სულაბერიძეს შსს-მ ბრალი ქურდობის მუხლით წარუდგინა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.

გარეკანის ფოტო: კადრი “არტარეას” სიუჟეტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი